ბრძოლა ქორწინებისთვის

REUTERS
სექსუალური 

ფოტო: REUTERS
თავისუფლების იდეა განცვიფრებას ისეთ ქვეყნებშიც კი აღარ იწვევს, როგორიც საქართველოა. ნელ-ნელა ჩვენი საზოგადოებაც ეგუება იმას, რასაც დასავლეთის ცივილიზებული სამყარო, კარგა ხანია, შეეჩვია – ადამიანების პირადი ცხოვრება მათივე საქმეა. შესაბამისად, სახელმწიფოებს, რომლებიც თავისუფლებაზე და ადამიანის უფლებების დაცვაზე ზრუნავენ, აზრადაც არ მოსდით, თანაცხოვრების რაიმე ფორმა აკრძალონ. არც ერთ განვითარებულ ქვეყანას არ აქვს კანონი, რომელიც ჰომოსექსუალ წყვილს ურთიერთობას დაუშლიდა, ან არჩევნებში კანდიდატურის დაყენების თუ ხმის უფლებას წაართმევდა. ვერავის გავაკვირვებთ, თუ ვიტყვით, რომ დეფინიცია „ისინი” აღარ არსებობს – არის საზოგადოება, სადაც ნებისმიერი სექსუალური ორიენტაციის მქონე ადამიანი თანასწორია.

ცივილიზებულ სამყაროში ამ პრინციპზე უმრავლესობა თანხმდება. სამაგიეროდ, კამათი არ წყდება ე.წ. ერთსქესიანი ქორწინების საკითხის გარშემო, რაზეც საზოგადოებრივი კონსენსუსი დღემდე არ მიღწეულა.

დავა, განსაკუთრებით უკანასკნელ კვირებში გაცხოველდა. 24 ივნისს, ნიუ იორკი დანარჩენ ხუთ შტატს შეუერთდა და შფოთიანი დებატების შემდეგ, ჰომესექსუალთა ქორწინება დააკანონა. შტატის სენატორებმა, 33 ხმით 29-ის წინააღმდეგ, თანაბარუფლებიანი ქორწინების კანონპროექტი დაამტკიცეს. გადამწყვეტი 4 რესპუბლიკელის მხარდაჭერა აღმოჩნდა. კანონის ინიციატორი დემოკრატიული პარტიის წევრი, გუბერნატორი ენდრიუ კუომო გახლდათ და მას ქალაქ ნიუ იორკის მერი ლობირებდა. ამიერიდან, იქ გეი-ქორწინება ოფიციალურად დარეგისტრირდება.
სიხარულის თუ სკეპტიციზმის ექო, რომელიც კანონპროექტის დამტკიცებას მოჰყვა, დასავლური სამყაროს პერიფერიებზეც გაისმა, მათ შორის, ჩვენთან. საქართველოში მცხოვრებ სექსუალურ უმცირესობებს, დღეს იმაზე მნიშვნელოვანი საკითხებისთვის უწევთ ბრძოლა, ვიდრე ქორწინების უფლების მოპოვებაა. მაგრამ, საერთო ფონზე, ეს ინტერესთა ჯგუფი საკმაოდ ძლიერი და მობილიზებულია. საკითხი მათთვისაც აქტუალური აღმოჩნდა.

ფონდ ინკლუზივის ხელმძღვანელს, პაატა საბელაშვილს მიაჩნია, რომ ქორწინება უფლებაა და არა პრივილეგია – ის ხელს უწყობს ურთიერთობის სიმყარეს და მის სოციალურ ლეგიტიმაციას ახდენს. საქართველოს ლგბტ ჯგუფებში, დღეს ეს მოთხოვნა ძლიერი არ არის, თუმცა, მისივე თქმით, „ერთ ადამიანსაც რომ უნდოდეს მსგავსი უფლება-მოვალეობების აღება და სახელმწიფო ამას არ აღიარებდეს, ეს უკვე პრობლემაა”. საბელაშვილი ოპტიმისტურადაა განწყობილი და ფიქრობს, რომ ქვეყანაში სხვა ინსტიტუციების განვითარებასა და საზოგადოების დამოკიდებულების ცვლილებასთან ერთად, ეს საკითხიც დღის წესრიგში დადგება.

სენატორების გადაწყვეტილებამ აშშ-ის საზოგადოების ნაწილს საზეიმო განწყობა შეუქმნა, ნაწილი კი აღაშფოთა. ზოგი ამ ამბავს სკეპტიკურად შეხვდა. გეი-ქორწინების ლობისტები იმედიანად განეწყვნენ: მათი პროგნოზით, ნიუ იორკში მოპოვებული წარმატება მომავალი გამარჯვებების წინაპირობა გახდება და ერთსქესიანი ქორწინება, ადრე თუ გვიან, მთელი ქვეყნის მასშტაბით დაკანონდება.

ეს, სავარაუდოდ, მარტივი არ იქნება. ყოველ შემთხვევაში, ასე არ ფიქრობს აშშ-ის მოსახლეობის ნახევარი. უკანასკნელი გამოკითხვებით, აშშ-ის მოქალაქეთა უმრავლესობა – 70%-ზე მეტი, მიიჩნევს, რომ ჰომოსექსუალთა ურთიერთობა აღიარებული და მიღებული უნდა იყოს. თუმცა, მოსახლეობის ნახევარი ფიქრობს, რომ ამისთვის სამოქალაქო გაერთიანებებიც საკმარისია და ქორწინების რეგისტრაცია საჭირო არ არის. ალბათ არავის ეპარება ეჭვი, რომ მსგავსი დამოკიდებულების მიზეზი, აშშ-ში ჰომოფობთა სიმრავლე არ არის – უმალ პირიქით. არც იმის მტკიცება იქნება ჭკვიანური, რომ შტატების პრეზიდენტი ობამა ჰომოფობია – ის არ ემხრობა ერთსქესიანი ქორწინების ლეგალიზებას, თუმცა ლგბტ ჯგუფებს და მათ სამოქალაქო გაერთიანებებს მხარს უჭერს. გასული წლის დეკემბერში, სწორედ პრეზიდენტის აქტიური მხარდაჭერით მოხდა აშშ-ის „არ იკითხო, არ უპასუხო” პოლიტიკის გაუქმება. ეს კანონი, 17 წლის მანძილზე, ჯარში მომსახურე ჰომოსექსუალებს სექსუალური ორიენტაციის გამჟღავნებას უკრძალავდა.

სე
ნიუ იორკის გუბერნატორი ენდრიუ კუომო
ფოტო: REUTERS
ქსუალურმა უმცირესობებმა საკუთარი უფლებების დაცვა გასული საუკუნის 50-იანი წლების გარიჟრაჟზე დაიწყეს. აქტიური მოძრაობა, ერთსქესიანი სამოქალაქო ქორწინების უფლების მოსაპოვებლად, დაახლოებით, 20 წელია, არსებობს. 2001 წელს, ჰოლანდიამ პირველად მოახდინა ამ პრაქტიკის ლეგალიზება.

ჰოლანდიისა და აშშ-ის ექვსი შტატის გარდა, დღეისთვის გეი-ქორწინებას ლეგალურად არგენტინა, ბელგია, კანადა, ისლანდია, ნორვეგია, პორტუგალია, სამხრეთ აფრიკა, ესპანეთი და შვედეთი ცნობს. საფრანგეთში არსებობს პაქტები, რომლებიც ჰომოსექსუალებზე ქორწინების მსგავს უფლება-მოვალეობებს განავრცობს. მექსიკაში ერთსქესიანი ქორწინებები მხოლოდ დედაქალაქში ხდება, თუმცა, მათ მექსიკის ყველა შტატი აღიარებს. ისრაელი, მართალია, არ ცნობს მის ტერიტორიაზე აღსრულებულ გეი-ქორწინებებს, მაგრამ სხვა ქვეყნის კანონმდებლობით მომხდარ მსგავს რეგისტრაციას აღიარებს.

მომავალი გვიჩვენებს, შეუერთდებიან თუ არა ამ ქვეყნებს სხვები. დღეს ნათელია, რომ გეი-ქორწინება ბევრ წინააღმდეგობას აწყდება: გარკვეულ ჯგუფებს სჯერათ, რომ ჰომოსექსუალებს შორის სამოქალაქო ქორწინების დაკანონება ქორწინების ტრადიციულ გაგებას შეცვლის და ამ გზით, სექსუალური უმცირესობების დისკრიმინაციას ბოლო მოეღება. სხვები ფიქრობენ, რომ ერთსქესიანი ქორწინების მხარდამჭერი მოძრაობა რესურსების უაზრო ხარჯვაა – საზოგადოების მხოლოდ ერთი ნაწილის ინტერესებს ემსახურება, სხვების ინტერესის უგულებელყოფის ხარჯზე.
ჰომოსექსუალ წყვილებს სურთ, ისარგებლონ იმ პრივილეგიებით, რომელიც დაქორწინებულ წყვილებს და ოჯახებს აქვთ აშშ-ი – სამედიცინო მომსახურება, შეღავათები თუ სხვა. შეგვიძლია, ვიდაოთ, არის თუ არა „გეი-ქორწინება” უკვე „დისკრიმინაციული” ტერმინი. სახელწოდება თავისთავად გულისხმობს, რომ ქორწინების ტრადიციული გაგებისგან განსხვავდება. ასეა თუ ისე, გეი-აქტივისტები მიიჩნევენ, რომ საბოლოო გამარჯვების გზაზე მორიგი ეტაპი გადალახეს.

დეფინიცია „გამარჯვება”, ცოტა არ იყოს, ხმამაღლა ჟღერს – როგორც კი წყვილი ქორწინებას ოფიციალურად აფორმებს, მათ ურთიერთობაში სახელმწიფო შემოდის. ეს კი ურთიერთობის ლიმიტირებას, ხშირ შემთხვევაში – მიმართულების მიცემას ნიშნავს. კანონიერი შეზღუდვები ადამიანებს იმ უფლებებს ართმევს, რაც, შესაძლოა, ქორწინების უღელს მიღმა ჰქონოდათ. რომ არა მსგავსი პრაქტიკა, ზრდასრული ადამიანები, სექსუალური ორიენტაციის მიუხედავად, თვითონ დაარეგულირებდნენ ინტიმურ ურთიერთობებს ისე, როგორც სურთ: აქცევდნენ მას დროებითად, სამარადისოდ და ა.შ. საკუთრებასაც საკუთარი შეხედულებებისამებრ გაინაწილებდნენ. შესაბამისად, ქორწინება არა უფლების მიცემა, არამედ შეზღუდვაა.

ყველაზე მომგებიანი პოზიცია ჰომოსექსუალებს ალბათ მაშინ უჭირავთ, როდესაც ამბობენ, ჩვენი ურთიერთობები კანონმდებლობის საქმე არ არისო. მათი მოსაზრება იცვლება, როცა საქმე ქორწინების ლეგალიზებას ეხება: სახელმწიფოს მხრიდან უფლებების შეზღუდვას გეი-აქტივისტები უფლებების განვრცობად განიხილავენ.

ეს ინდივიდუალური უფლებების მოთხოვნას ნაკლებად ჰგავს. ამიტომაა, რომ ქვეყნებში, სადაც ერთსქესიანი ქორწინებაა დაკანონებული (ბელგია, ჰოლანდია), წყვილების მხოლოდ 3-დან 5%-მდე თუ იყენებს ამ შესაძლებლობას. აქტივისტების მთავარი მიზანი სხვაა: სურთ, საზოგადოებამ მათი ცხოვრების წესი უკვე ოფიციალურად, კანონის დონეზე მიიღოს, რაც გუნება-გაწყობასაც ამაღლებს და ფსიქოლოგიურ რეაბილიტაციასაც უწყობს ხელს.

ამაში დასაძრახი არაფერია, რომ არა ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი – ეს თანაბარუფლებიანობას არ უზრუნველყოფს. პირიქით: გეი-აქტივისტები, ერთი მხრივ, ამბობენ, რომ ზრდასრული ადამიანების პრივატულ სივრცეში არავინ უნდა ჩაერიოს და ეს მართლაც ასეა. პარალელურად კი მიიჩნევენ, რომ ყველა ვალდებულია, ამ საქციელზე საკუთარი თანხმობა ოფიციალურად დაადასტუროს. თუ ვინმეს აქვს უფლება, სხვები დაავალდებულოს – ეს ავტომატურად გამორიცხავს დანარჩენების უფლებას, ჰქონდეთ საკუთარი აზრი და ღირებულებები.

წინააღმდეგობა, რომელშიც სახელმწიფო ვარდება, ნათელია: ის საზოგადოების ერთი ჯგუფის ინტერესის დაკმაყოფილებას ცდილობს. ამისათვის კი სხვა, არცთუ მცირერიცხოვანი ჯგუფების პოზიციის უგულებელყოფა უწევს.

სექსი, სიყვარული, პირადი ურთიერთობები ის საკითხებია, რომელზეც მრავალფეროვან საზოგადოებაში ყოველთვის განსხვავებული მოსაზრებები იქნება. არავის, მათ შორის სახელმწიფოს, არ აქვს უფლება, ადამიანებს, სექსუალური ორიენტაციის გამო, რაიმე სახის აქტივობა აუკრძალოს. მეორე მხრივ, მან არ უნდა მოახდინოს ისეთი პრაქტიკების ლეგალიზება, რომელიც, თუნდაც აშშ-ში, ჯერ კიდევ ეწინააღმდეგება საზოგადოების ინტერესის შესახებ დიდი ჯგუფების წარმოდგენას. ადამიანებს ისევე აქვთ ერთსქესიანი ქორწინების წინააღმდეგ გამოსვლის უფლება, როგორც ჰომოსექსუალებს – გაცხადებული ურთიერთობების ქონის.

დილემა საერთოდ არ იარსებებდა, რომ არა სახელმწიფოს პრეროგატივა, ფურცელზე აფორმებდეს ურთიერთობებს. ამ შემთხვევაში, ზრდასრული ადამიანები თავად მიხედავდნენ საკუთარ ვნებებს.

წინა
გეი-აღლუმი სტამბოლის ცენტრში
ფოტო: REUTERS
აღმდეგობები სხვა ფლანგზეც არსებობს. „თანაბარუფლებიანი ქორწინება” გულისხმობს, რომ ჰომოსექსუალ და ჰეტეროსექსუალ წყვილებს თანაბრად უნდა შეეძლოთ, ქორწინება რეგისტრაციაში გაატარონ. საქმე ისაა, რომ ადამიანები მხოლოდ ჰეტეროსექსუალ და ჰომოსექსუალ წყვილებად არ იყოფიან. თუ ჩავთვლით, რომ ქორწინება არ არის ტრადიციულად, მხოლოდ ქალისა და კაცის კავშირი, ჩნდება კითხვა: რატომ არ უნდა ჰქონდეს ურთიერთობის რეგისტრაციის უფლება, ვთქვათ, პოლიგამიურ ოჯახებს, ანდა და-ძმას?

ინტერესთა სხვა ჯგუფების შესაძლო გააქტიურება, გეი-ქორწინების დაკანონების მოწინააღმდეგეთა ერთ-ერთი მთავარი არგუმენტია. ჰომოსექსუალთა უმრავლესობა ფიქრობს, რომ გეი-კავშირი, ჰეტეროსექსუალთა მსგავსად, ორ ზრდასრულ ადამიანს შორის ურთიერთობაა, და ამას არაფერი აქვს საერთო პოლიგამიასთან. გაუგებარია, რატომ არ უნდა სცეს სახელმწიფომ პატივი იმ ზრდასრულ ადამიანთა ინტერესებს, რომელთა არჩევანს პოლიგამიური ოჯახი წარმოადგენს. სავარაუდოდ, ადრე თუ გვიან, ეს საკითხიც დღის წესრიგში დადგება. გარკვეული ჯგუფები გადაწყვეტენ, რომ დროა, მათი „თანასწორობის” უზრუნველყოფა მოხდეს.

ამას მრავალი საკანონმდებლო პრობლემა მოჰყვება. პოლიგამიური ოჯახის წევრებზე პრივილეგიები უსასრულოდ ვერ განივრცობა. მაგალითად, ერთი ამერიკელის მრავალი მეუღლე აშშ-ის მოქალაქე ვერ გახდება. წინააღმდეგ შემთხვევაში, მსგავსი კავშირები სპეკულაციისა და გარიგების საბაბად იქცევა. შესაბამისად, ქორწინებაც საჭირო აღარაა, თუ არც რაიმე ტიპის პრივილეგიას და არც ტრადიციული ინსტიტუტის არსებობას აღარ გულისხმობს.

ამ გზით, ქორწინების ინსტიტუტს თავდაპირველი დანიშნულება საერთოდ ეკარგება. არა მხოლოდ რელიგიური, არამედ სეკულარულად მოაზროვნეებიც თანხმდებიან, რომ ქორწინება ის სოციალური ინსტიტუტია, რომელიც სახელმწიფოზე უფრო ძველია. ჰეტეროსექსუალურმა მონოგამიურმა ოჯახმა დასავლური ცივილიზაცია მნიშვნელოვნად განსაზღვრა.

ტრადიციული ინსტიტუტების საჭიროებას, საზოგადოებისთვის მათი „შესაფერისობა” განაპირობებს. დამოკიდებულებები, მოქმედების წესები და ინსტიტუტები წარსული გამოცდილების შედეგია. გამოცდილება გულისხმობს, რომ ნაკლებად შესაფერისი ქცევები იფილტრება და არჩევანი უფრო მომგებიანზე კეთდება. არარაციონალური და წამგებიანი მოქმედება, ტრადიციად, უბრალოდ, არ ჩამოყალიბდებოდა.

ფრიდრიხ ჰაიეკი მიიჩნევდა, რომ შესაძლოა, ჩვეულება სრულყოფილი და საუკეთესო არ იყოს, მაგრამ მილიარდობით ადამიანმა ამ სისტემაში „ინვესტირება” მოახდინა. შესაბამისად, მისი თვითნებური შეცვლისგან გამოწვეული დანაკარგები ბევრად დიდია, ვიდრე – სარგებელი. ცვლილებები და განვითარება მხოლოდ გარკვეული წესებისა და გამოცდილებების ჩარჩოშია შესაძლებელი. წესები არ იცვლება და თუ კი – იმ ტემპით, რომელსაც თავად განსაზღვრავს. ცალკეული ადამიანი არ ფლობს იმ კოლექტიურ ცოდნას, რასაც საზოგადოება მთლიანობაში. ამიტომ, თუ ტრადიციული ინსტიტუტების მთავარი ელემენტების ინჟინირებას გადავწყვეტთ, ამას აუცილებლად ექნება გაუთვალისწინებელი, სავრაუდოდ, მძიმე შედეგები. მაგალითად, ჩვენ, შეიძლება, სერიოზული ზიანი მივაყენოთ ქორწინების და სხვა კანონებისადმი პატივისცემას, თუ ისე გადავწერთ, რომ იგნორირებას გავუწევთ საზოგადოების საკმაოდ დიდი ნაწილის წარმოდგენას ამ ინსტიტუტის შესახებ.

ქორწინების პრაქტიკა და საკანონმდებლო ბაზა საუკუნეების მანძილზე – საპირისპირო სქესის ადამიანების ურთიერთობის გამოცდილებაზე დაყრდნობით – ყალიბდებოდა. ამ გზით ხდებოდა ბავშვების დაბადება და აღზრდა. შესაბამისად, ქორწინება, თანამდევი ლეგალური ფონით, სწორედ ამ ტიპის კავშირზეა მორგებული – ის სქესობრივ და გენდერულ როლებს ითვალისწინებს. მაგალითად, ბიოლოგიური მოცემულობაა, რომ ქალი ორსულდება, კაცი კი არა. ბავშვზე, რომელსაც რეალურად, მხოლოდ ქალი აჩენს, მამის პასუხისმგებლობა ქორწინების ინსტიტუტშია გამყარებული. ეს ცხადყოფს, რომ ანალოგიური კანონების გადმოტანა ერთსქესიან ქორწინებაზე ხელოვნურია.

ერთსქესიანი ქორწინების მომხრეთა ანალოგია, რასებს შორის ქორწინების აკრძალვასთან დაკავშირებითაც, არარელევანტურია. რასისადმი კუთვნილება ქორწინების არსს, მის განსაზღვრებას არ ცვლის. ამ ნიადაგზე ქორწინების აკრძალვა დისკრიმინაციულია, რადგან ზღუდავს იმავე მოქმედებას, რაც სხვა რასის წარმომადგენლებისთვისაა დაშვებული.

ჯერჯერობით, კონსენსუსი არც იმის თაობაზე არსებობს, უნდა ჰქონდეს თუ არა ჰომოსექსუალ წყვილს შვილის აყვანის უფლება. ევროპის რიგ ქვეყნებში ეს დაშვებულია, აშშ-ში, ზოგ შტატში – მხოლოდ გარკვეული შემთხვევებისას.

ოპონენტები ამბობენ, რომ ყველა ბავშვს აქვს უფლება, ჰყავდეს დედა და მამა – გაიზარდოს გარემოში, სადაც გენდერულ როლებს აითვისებს. ამ შესაძლებლობის წართმევა მათი უფლების დარღვევაა.

ამერიკის ფსიქოლოგთა ასოციაცია და სხვა მკვლევრები ამტკიცებენ, რომ ჰომოსექსუალურ ოჯახში აღზრდას ბავშვის ფსიქიკაზე განმსაზღვრელი გავლენა არ აქვს. უარყოფით გავლენას მშობლების ცხოვრების წესისადმი გარშემომყოფთა დამოკიდებულება ახდენს და არა ჰომოსექსუალი აღმზრდელები. გარშემომყოფთა დამოკიდებულება დასავლეთის ქვეყნებშიც არაერთგვაროვანია. სახელმწიფოს მიერ შეცვლილი კანონი, საზოგადოებრივ მორალს ვერ ცვლის – თუ გეების ურთიერთობა, საზოგადოების ნაწილში, ნეგატიურ ემოციებს იწვევს – ეს კანონპროექტის ძალაში შესვლის შემდეგაც ასე დარჩება. მაგალითად, ადვილი წარმოსადგენია, რა წნეხის ქვეშ აღმოჩნდება საქართველოს მსგავს ქვეყანაში ბავშვი, რომელსაც ინტიმურ ურთიერთობაში მყოფი ორი მამაკაცი ან ქალი ზრდის. ჩვენ შეგვიძლია, ვაკრიტიკოთ საზოგადოება, რომელიც თავის წმიდათაწმიდა მოვალეობად სხვის პირად ცხოვრებაში ხელების ფათურს მიიჩნევს. თუმცა ფაქტია: როცა ამგვარი ვითარებაა, ბავშვზე მსგავს სიტუაციაში ყოფნა ნეგატიურად აისახება. გაშვილებისას კი, პირველ რიგში, ბავშვის ინტერესები უნდა გავითვალისწინოთ.

ერთსქესიანი წყვილისთვის ბავშვის მიშვილების მოწინააღმდეგეებს სხვა არგუმენტიც აქვთ: ეს არჩევანის თავისუფლებას ზღუდავს. მაგალითად, ვერავინ აიძულებს ეკლესიას და რელიგიურ ორგანიზაციებს, მსგავს ინიციატივას ტაშისკვრით შეეგებონ. არადა, მაისის ბოლოს, ილინიოსის შტატში კათოლიკურ საქველმოქმედო ორგანიზაციებს გაშვილების სააგენტოების დახურვა მოუხდათ. მათ ახალი კანონმდებლობა ავალდებულებდათ, ჰომოსექსუალ წყვილებს მომსახურებოდნენ. ეს ორგანიზაციების არჩევანს და რელიგიურ პრონციპებს ეწინააღმდეგება.

ფაქტია, რომ როდესაც ვამბობთ სიტყვა ქორწინებას, შესაბამისი ასოციაცია ჩვენს გონებაში – ქალი და მამაკაცია. ბავშვებს დღემდე ეკითხებიან: „დედა უფრო გიყვარს, თუ მამა?”, ან სთხოვენ, დახატონ ოჯახი, და მათი უმრავლესობა საკუთარ თავს, დედას და მამას ხატავს. შესაძლოა, ოდესმე ეს ასე აღარ იყოს. ოჯახი, ისევე როგორც სხვა ინსტიტუტები, ხანგრძლივი ევოლუციის შედეგია, შესაბამისად, ცვლილებებსაც განიცდის. თუ გარემოსთან ადეკვატური აღარ იქნება, მის ხელოვნურად შენარჩუნებას, ისევე როგორც თვითნებურ რეფორმაციას, სახელმწიფო ვერ მოახერხებს.

მანამდე კი, ერთსქესიანი ქორწინების დაკანონების წინააღმდეგობა ისეთივე ლეგიტიმურია, როგორც მისი მხარდაჭერა. ხშირად ადამიანები, საზოგადოებრივ კონსენსუსს აუცილებლად მიიჩნევენ, მაგალითად, სტალინის ძეგლის მუზეუმში გადატანისთვის. თუმცა არად აგდებენ იმავე საზოგადოების დამოკიდებულებას ისეთი ტრადიციული ფუნდამენტური ინსტიტუტის მიმართ, როგორიც ქორწინებაა.

დებატი ერთსქესიანი ქორწინების გარშემო ამ წინააღმდეგობების საილუსტრაციოდ გამოდგება. სხვა მხრივ, გეი-ქორწინების მოწინააღმდეგეებს, ალბათ, ბევრი სადარდებელი არ აქვთ: „როგორც ერთსქესიანი ქორწინების მოწინააღმდეგეს, გამიკვირდა, რომ ნიუ იორკში მისმა ლეგალიზებამ სრულებით არ შემაწუხა. მიზეზი მარტივია: წინააღმდეგობა რეალობიდან არ გამომდინარეობს. 1997 წლიდან, ერთსქესიანი ქორწინება ლაპარაკიდან საქმედ იქცა – დღეს ამერიკული ოჯახი ბევრად არასტაბილური უნდა იყოს. ამის ნაცვლად, ის უფრო სტაბილურია, ვიდრე 70-იან ან 80-იან წლებში – მაშინ, როცა ერთსქესიან ქორწინებაზე სერიოზულად არც ფიქრობდნენ”, – წერს CNN.com-ის მესვეტე, დევიდ ფრუმი.

უკანასკნელმა 20-მა წელმა აჩვენა, რომ დაკანონებული გეი-ქორწინების მიუხედავად, ტრადიციული ოჯახი კვლავ დომინანტად რჩება. ეს ალბათ კიდევ კარგა ხანს იქნება ასე – თავისუფალი არჩევანის პირობებში, საზოგადოება თავად ახერხებს, ინსტიტუტები, პრაქტიკები და ტრადიციები დაიცვას.

კომენტარები