ალავიტები

0 კომენტარი
ფოტო: ფოტო: dimitris aspiotis

 სირიაში მიმდინარე საპროტესტო აქციებს, უკვე ასობით ადამიანი შეეწირა. რამდენიმე ათასი საპყრობილეში მოხვდა. დაპირისპირება მხოლოდ ავტორიტარულ რეჟიმსა და პოლიტიკური თავისუფლებისთვის მებრძოლ მოსახლეობას შორის არ მიმდინარეობს. საპროტესტო აქციებს ლაიტმოტივად გასდევს რელიგიურ სექტებს შორის დაპირისპირება. ბოლო ასწლეულის სირიის ისტორიის ერთ-ერთი მთავარი ასპექტი, სუნიტურ უმრავლესობასა და სხვადასხვა უმცირესობას შორის პოლიტიკური ძალაუფლებისთვის ბრძოლაა. სირიის 22-მილიონიანი მოსახლეობის 75%-ს სუნიტები შეადგენენ, მართლმადიდებელი ქრისტიანებისა და მარონიტების რაოდენობა მთლიანი მოსახლეობის მეათედია, დრუზების წილი 3%-ია, არასუნიტი მუსლიმებისა კი – 13%. ამ უკანასკნელთა ნახევარზე მეტს, დაახლოებით 1.5 მილიონ ადამიანს, ალავიტები წარმოადგენენ. ისინი მთავარ შიიტურ მიმდინარეობას მე-9 საუკუნეში გამოეყვნენ და მე-20 საუკუნის დასაწყისამდე მაშინდელი ლიდერის, იბნ ნასაირის სახელს ატარებდნენ. ალავიტები ქვეყნის დასავლეთით, ლატაკიის პროვინციაში ცხოვრობენ. ლატაკია ხმელთაშუა ზღვასთან მდებარეობს და ქვეყნისთვის სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს.

მეოცე საუკუნის დასაწყისში, ფრანგები დღევანდელი ლიბანისა და სირიის ტერიტორიაზე მოსახლე უმცირესობების გაძლიერებას ცდილობდნენ. მათ ოსმალეთის იმპერიისა და ადგილობრივი სუნიტური უმრავლესობის დასუსტება სურდათ. სწორედ ფრანგებმა გადააწყვეტინეს ნასაირიანელებს სახელის გადარქმევა და ამჟამინდელ სახელზე (ალავიტები – მიანიშნებს მუჰამედის სიძე ალიზე) გადასვლა. ამით ფრანგებს ალავიტების სექტის შიიტებთან დაახლოება სურდათ. იმ დროისათვის ალავიტები მხოლოდ სოფლის მეურნეობაში იყვნენ დასაქმებული. ფრანგების წყალობით, მათ გარკვეულ პოლიტიკურ თავისუფლებებს, სოციალური და ეკონომიკური პირობების გაუმჯობესებას გაუსინჯეს გემო. 1946 წელს, სირიის დამოუკიდებლობის გამოცხადების დროს, ქვეყნის სამხედრო შენაერთებსა და პოლიციაში ალავიტები მრავლად იყვნენ. უსაფრთხოებისა და თავდაცვის სტრუქტურებში, მათ შორის მაღალ თანამდებობებზე, მათი რაოდენობა განუწყვეტლივ იზრდებოდა. სამხედრო სამსახური მრავალი ალავიტისთვის თვითრეალიზაციის ერთადერთ საშუალებას წარმოადგენდა.

1947 წელს სირიაში ბაათის პარტია დაარსდა. მას სეკულარული პოზიცია ჰქონდა და უმცირესობების ერთიან ბიუროკრატიულ აპარატში ინკორპორაციას არ ეწინააღმდგებოდა. 1963 წელს სუნიტმა პრეზიდენტმა ამინ ალ-ჰაფიზმა სახელმწიფო გადატრიალება მოაწყო. ალ-ჰაფიზი იზიარებდა სეკულარულ მიდგომებს. მისი ხელისუფლების განმტკიცებამ, ალავიტებს საშუალება მისცა, ორიოდე წელიწადში უმაღლესი სამხედრო თანამდებობები დაეკავებინათ. ამას გარდა, ბაათმა ალავიტების სოფლის მეურნეობიდან ქალაქში გადასვლაც წაახალისა.

1966 წელს ალავიტმა ოფიცრებმა სახელმწიფო გადატრიალება მოაწყვეს. ქვეყანაში მდგომარეობა მხოლოდ 1970 წელს გახდა სტაბილური. ალავიტმა თავდაცვის მინისტრმა, ჰაფიზ ალ-ასადმა მოახერხა შიდა-სექტური დაპირისპირების დაძლევა, ალავიტების გაერთიანება და ცენტრალური ხელისუფლების გაძლიერება. მან დააწინაურა საკუთარი კლანის წარმომადგენლები და საფუძველი ჩაუყარა ერთგვარ დინასტიურ რეჟიმს, რომელიც ამ დრომდე ინარჩუნებს ძალაუფლებას. ალავიტების მმართველობა, გარდა პოლიტიკური, ეკონომიკური თუ სოციალური უთანხმოებისა, ყოველთვის იწვევდა კონსერვატიულად განწყობილი რელიგიური ფენების უკმაყოფილებას. ალავიტებისთვის აუცილებელი არ არის ყოველდღიური ლოცვა, მეჩეთში სიარული ან მექაში პილიგრიმობა. ისინი არც ალკოჰოლს გაურბიან, აღნიშნავენ სხვადასხვა ქრისტიანულ დღესასწაულებს და თაყვანს სცემენ ქრისტიანთა წმინდანებს. სუნიტები ალავიტებს არამუსლიმობას სწამებენ. საუკუნეების განმავლობაში ალავიტები მიმართავდნენ თავდაცვის შიიტურ ხრიკს, თაქიიას – რწმენის დამალვას ან (მოჩვენებით) ასიმილაციას დევნის თავიდან ასაცილებლად.
ასადის რეჟიმის სიძლიერე სამხედრო და უსაფრთხოების სამსახურებში ალავიტების წარმომადგენლობას ეყრდნობა. საკონტრაქტო არმიის 200-ათასიანი შემადგენლობის 70%, ისევე როგორც ოფიცერთა 80%, ალავიტია. არმიის ელიტური ქვედანაყოფი, რესპუბლიკური გვარდია მთლიანად მათგან შედგება. სუნიტები ძირითადად წვევამდელები არიან, რომლებიც სამხედრო შენაერთებში 2 ან 3 წლის განმავლობაში მსახურობენ. მრავალი მათგანი ალტერნატივის უქონლობის გამო, იქვე რჩება და, მაგალითად, საჰაერო ძალებში აგრძელებს კარიერას. თუმცა ლოგისტიკის, კომუნიკაციებისა და სადაზვერვო ქვედანაყოფებში ალავიტები ჭარბობენ, რაც ამცირებს სუნიტების მიერ წინააღმდეგობის ორგანიზების შესაძლებლობას.

ასადის მმართველობისათვის საფრთხის შემცველი არა მარტო სუნიტები, არამედ სხვა ალავიტური კლანები შეიძლება გამოდგნენ. მათ ერთმანეთთან დაპირისპირების მრავალსაუკუნოვანი გამოცდილება აქვთ. დაახლოებით ოცდაათი წლის წინ, სირიის ახლანდელი პრეზიდენტის, ბაშარ ალ-ასადის ბიძამ, რიფაათმა გადატრიალების მოწყობა სცადა – თუმცა უშედეგოდ. სამშობლოდან დევნილი რიფაათ ალ-ასადი ამჟამად ყველა ალავიტს ბაშარის რეჟიმისადმი მხარდაჭერას მოუწოდებს.

მოწინააღმდეგეთა პროტესტმა საგრძნობლად შეარყია ბაათის პარტიისა და ალავიტების კლანის ნახევარსაუკუნოვანი მმართველობა. თუმცა, ჯერჯერობით, ბაშალ ალ-ასადს ტუნისისა და ეგვიპტის პრეზიდენტების ბედი არ გაუზიარებია. სირიის პრობლემები მხოლოდ ასადის რეჟიმის დამხობით არ დასრულდება. პოლიტიკურ მდგომარეობას სექტებს შორის უთანხმოება ამძიმებს. ამან ქვეყანა, შეიძლება, არასტაბილურობის ღრმა მორევში გადაისროლოს.

არჩევნები 2018

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ლუკა შენგელია

კომენტარები