პარტიის ოქრო თაკარა მზის ქვეშ

 პარტიების დაფინანსების გამჭვირვალობა პოლიტიკური პროცესების მნიშვნელოვანი ნაწილია. საქართველოს კანონმდებლობა დაფინანსების გამჭვირვალობასა და ანგარიშვალდებულებას უზრუნველყოფს. თუმცა, ზოგი თვლის, რომ ამ დებულებებს დახვეწა სჭირდება, რომ პარტიების როგორც რეგულარული, ასევე საარჩევნო კამპანიის დაფინანსების კანონიერება საფუძვლიანად შემოწმდეს, ფინანსური ანგარიშების უფრო ეფექტიანი და ერთიანი წესები შემუშავდეს და ეს ინფორმაცია საზოგადოებისთვის მაქსიმალურად ხელმისაწვდომი გახდეს.

ეს და დაფინანსებასთან დაკავშირებული სხვა საკითხები, საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ (Transparency International Georgia) წამოსწია, რომელმაც საკითხს მასშტაბური კვლევა მიუძღვნა.

საქართველოში პოლიტიკური პარტიების შემოსავლებს მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ კანონი არეგულირებს. პარტიების შემოსავლებს კანონით დადგენილ შემთხვევაში სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხები, საწევრო შენატანები, ფიზიკურ და იურიდიულ პირთა შემოწირულობები შეადგენს. ასევე მათ შეუძლიათ შემოწირულობები იმ საჯარო ღონისძიებებიდან და სხვადასხვა აქტივობებიდან მოიპოვონ, რომელიც არ ეწინააღმდეგება პარტიის, როგორც არასამეწარმეო იურიდიული პირის, არსს. აღსანიშნავია, რომ საქართველოში პარტიები მხოლოდ პირველი სამი წყაროთი სარგებლობენ.

2010 წლის პირველი იანვრისთვის ყოველწლიურ სახელმწიფო დაფინანსებას, კანონით დადგენილი წესის შესაბამისად, თოთხმეტი პოლიტიკური პარტია იღებდა. თანხის ოდენობა საბაზო დაფინანსებისა და პლუს დამატებითი დაფინანსებისაგან შედგება, რაც საპარლამენტო მანდატების და მიღებული ხმების შესაბამისად ითვლება. საერთაშორისო გამჭვირვალობამ იმ პოლიტიკური პარტიების წლიური (2007-2009) შემოსავლები და დეტალური ხარჯთაღრიცხვა შეისწავლა, ვინც გასული წლის თვითმმართველობის არჩევნებში მანდატი მოიპოვეს.

ყველაზე მეტი დაფინანსება მმართველ პარტიას – ნაციონალურ მოძრაობას – აქვს. მაგალითად, 2009 წელს ის მილიონ რვაასი ათასს აღემატება. მას გიორგი თარგამაძე-ქრისტიან-დემოკრატები მოსდევს, დაახლოებით 573 ათასი ლარით. შემდეგ საქართველოს ლეიბორისტული პარტიაა – იმავე წელს – თითქმის 400 ათასი ლარით. 200 ათასს აღემატებოდა საქართველოს რესპუბლიკური პარტიის, მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს და კონსერვატიული პარტიის საბიუჯეტო დაფინანსება.

ამ თანხების მიღება პარტიებს ანგარიშვალდებულს ხდის. მათ ყოველი წლის 1 თებერვლამდე, რომელიმე ბეჭდვით ორგანოში გასული წლის საფინანსო დეკლარაციის გამოქვეყნება ევალებათ, რასაც თან აუდიტის დასკვნა უნდა ახლდეს. ამ მონაცემებს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას გადასცემენ, რომელსაც მხოლოდ ინფორმაციის თავმოყრა ევალება და მაკონტროლებლის ფუნქცია არ აქვს. ამის გამო ფინანსური ანგარიშების ანალიზისას გამოკვეთილი ხარვეზები და არათანმიმდევრულობა სათანადო რეაგირების გარეშე რჩება. ამისთვის არც პასუხისმგებლობის ზომებია განსაზღვრული.

პირდაპირი დაფინანსების გარდა, ბიუჯეტიდან პარტიებს სხვა თანხაც ერგებათ. ის პირდაპირ გამოყოფილი თანხის ნახევარია. თანხა სპეციალურ ფონდში ირიცხება და მას პარტიებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს უყოფენ. ანგარიშის მომზადება პარტიებს, ამჯერად უკვე ფონდისთვის ევალებათ.

რაც შეეხება არასაბიუჯეტო დაფინანსებას, მაგალითად საწევროებს, მას ფინანსურ ანგარიშში მხოლოდ სამი პარტია მიუთითებს – ახალი მემარჯვენეები, რესპუბლიკური პარტია და საქართველოს გზა. აღსანიშნავია, რომ ახალი მემარჯვენეებისთვის საწევრო პარტიის მთლიანი დაფინანსების 60%-ს შეადგენდა 2009 წელს.

შემოწირულობებს პარტიები ფიზიკური და იურიდიული პირებისაგანაც იღებენ. 2007 წელს ნაციონალური მოძრაობისთვის შემოსავლის მთავარი წყარო სწორედ შემოწირულობები იყო – მან 9 მილიონ ლარზე მეტი მიიღო, 2008 წელს კი 12 მილიონზე მეტი. 2009 წელს ამ პარტიას შემოწირულობა საერთოდ არ მიუღია. 2007 წელს საქართველოს რესპუბლიკურმა პარტიამაც მიიღო შემოწირულობა, დაახლოებით 85 ათასი ლარი. 2008 წელს მცირე შემოწირულობები სხვა პარტიებსაც ერგოთ. რაში ხარჯავენ მიღებულ შემოსავლებს, ამის ანალიზი რთულია, რადგან ხარჯთაღრიცხვის ერთგვაროვანი ფორმა არ არსებობს. ზოგს უფრო დეტალური ხარჯთაღრიცხვა აქვს, ზოგს ზოგადი. თუმცა, ძირითადი თანხები საარჩევნო კამპანიას მიაქვს.

უშუალოდ საარჩევნო კამპანიის დაფინანსების კვლევა სამ არჩევნებს – 2008 წლის საპრეზიდენტოსა და საპარლამენტოს და 2010 წლის ადგილობრივი თვითმმართველობისას – მოიცავს. პარტიები საარჩევნო კამპანიის ფონდებს ქმნიან, სადაც ნებისმიერი შემოწირულობა ირიცხება. 30-ათასიანი და 100-ათასიანი ლიმიტები ფიზიკური და იურიდიული პირებისთვის აქაც მოქმედებს. ანგარიშის მიხედვით, მიუხედავად ზღვარისა, მაგალითად, თეგეტა მოტორსმა 2010 წელს ნაციონალური მოძრაობის ფონდში, ხუთი შვილობილი კომპანიის მეშვეობით სულ 500 ათასი გადარიცხა.

TI-ის მიხედვით, პრობლემა აქაც იკვეთება – პარტიები თავიანთი პარტიული ფონდებიდან დიდი ოდენობის თანხებს საარჩევნო კამპანიის ფონდებში რიცხავენ. ვინაიდან პარტიულ ფონდებზე ინფორმაცია საჯარო მხოლოდ მომდევნო წლის დასაწყისში ხდება, არჩევნების პერიოდში საარჩევნო ფონდების სრულყოფილად გაკონტროლება რთულია.

არჩევნებზე მმართველი პარტიის საარჩევნო კამპანიის დაფინანსება, სულ მცირე, 7-ჯერ და ყველაზე მეტი, 26-ჯერ აღემატებოდა ყველა ერთად აღებული საარჩევნო სუბიექტის დაფინანსებას. ის თანხის უდიდეს ნაწილს სატელევიზიო რეკლამას ახმარდა. ოპოზიციურ პარტიებს იურიდიული პირები იშვიათად აფინანსებდნენ, ხოლო მმართველი პარტიის დამფინანსებელთა უმრავლესობა იურიდიული პირია.

ფინანსური ანგარიშგების ვალდებულებისა და ანგარიშგების ფორმების არარსებობის გამო, ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხების ხარჯვის ეფექტიანობისა და მიზნობრიობის შეფასება, 2010 წლის წინასაარჩევნო ინიციატივის დროსაც შეუძლებელი გახდა. მაშინ პარტიებს დაფინანსება სიების მონიტორინგისთვის გამოუყვეს. ინიციატივა არაეფექტიანი გამოდგა, პარტიებს შორის კოორდინაციის არარსებობის გამოც. მათ ფუნქციები და გეოგრაფიული არეალი ვერ გაიყვეს.

კომენტარები