ობამას პირველი ტვიტი

ამერიკის პრეზიდენტმა ბარაქ ობამამ სოციალურ ქსელ Twitter-ის გამოყენება დაიწყო. ოთხშაბათს, 6 ივლისს მან თავისი პირველი შეტყობინება გააკეთა, რომელიც ამერიკის ბიუჯეტის დეფიციტის აღმოფხვრის მისეულ გეგმას ეხებოდა.

ობამამ თეთრი სახლის ე.წ. აღმოსავლეთის ოთახიდან, საკუთარი ლეპტოპიდან დატვიტა. ის სოციალურ ქსელზე მისთვის დასმულ შეკითხვებს დაახლოებით ერთი საათის მანძილზე პასუხობდა.

ტვიტერზე დასმულ შეკითხვებამდე ობამამ სპეციალურად ამ მოვლენისთვის მიწვეულ 140 სტუმარს მიმართა. სტუმრების რიცხვი შემთხვევითი არ ყოფილა - ტვიტერზე მესიჯის მაქსიმალური ზომა სწორედ 140 სიმბოლოა.

ღონისძიების მოდერატორი ტვიტერის ერთ-ერთი შემქმნელი ჯეკ დორსი იყო.

ობამამ ამერიკის ბიუჯეტის გარდა, უძრავი ქონების ბაზრის სისუსტეებსა და აერონავტიკისა და კოსმოსის ნაციონალურ ადმინისტრაციაზეც (NASA) ისაუბრა. თუმცა მთავარი თემა მაინც ამერიკის საჯარო ვალის ზღვარი იყო. დეფიციტმა რამდენიმე ხნის წინ მიაღწია ზედა დაშვებულ ზღვარს, რომლის გაზრდაზეც კონგრესში დემოკრატები და რესპუბლიკელები მსჯელობენ. დემოკრატებს სურთ გადასახადების გაზრდა, რესპუბლიკელებს კი - სამთავრობო ხარჯების შემცირება.

ტვიტერზე დასმული შეკითხვებიდან ერთ-ერთი ობამას პრეზიდენტობისას დაშვებულ შეცდომებსაც ეხებოდა. ობამამ უძრავი ქონების ბაზრის დასუსტება დაასახელა. მისი თქმით, ბაზრის ამ კონკრეტული სეგმენტის კრიზისი უფრო დიდხანს გაგრძელდა, ვიდრე ელოდნენ.

თეთრი სახლი ცდილობს ამერიკელ ამომრჩევლებს ტრადიციული მედია საშუალებების გარდა, სოციალური ქსელების მეშვეობითაც მიაწვდინოს ხმა. თეთრ სახლს ტვიტერზე 2.25 მილიონი მიმდევარი ჰყავს. 

კომენტარები