როკო ირემაშვილის პერსონალური გამოფენა

ივლისს, 18:00-ზე თბილისის ისტორიულ მუზეუმში (ქარვასლა) როკო ირემაშვილის პერსონალური გამოფენა ჩატარდა.

მახტვარმა ნამუშევრები საქართველოში დაბრუნების შემდეგ, ბოლო ერთი წლის განმავლობაში შექმნა. ნახატებში აისახებოდა ავტორის მცდელობა, გამოხატოს პროტესტი მის გარშემო არსებული ჩაკეტილი სივრცისადმი და ამავდროულად იპოვოს ამ შებოჭილი გარემოდან თავის დაღწევის საშუალება. გამოფენაზე წარმოდგენილ დიდი ზომის ფერწერულ ნამუშევრებთან ერთად მხატვარმა ოთხი პოლიესტერის სკულპტურა წარადგინა, რომელთაც ტვინის ნაცვლად გველები და კარაქის ბაგეტები უდევთ.

ნამუშევრების სახელწოდებებიც მხატვრის ჩანაფიქრს განავითარებს: “ტელესერიალი”, “დიპლომატია” და ასე შემდეგ. თეთრ ფორმატზე შესრულებული, ნატურალური ზომის ჩამომხრჩვალი ადამიანები, სახელწოდებით “29,95 ვერცხლი” სინთეზში იყო პერფორმანსთან, რომლის განმავლობაშიც სკამზე მიბმული და ჭერზე ჩამოკიდებული ავტორი წარუდგებოდა დამთვალიერებლებს.

როკო ირემაშვილის მოღვაწეობის მთავარი მიზანია, ფართო მასებს გააცნოს მის ცნობიერებაში სივრცისა და თავისუფლებისადმი ჩამოყალიბებული ახლებური დამოკიდებულება და შემდგომშიც გააგრძელოს მხატვრული სიახლეების ათვისება.
 

კომენტარები