საია ფოტოჟურნალისტების საქმეზე განცხადებას აქვეყნებს

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მედიის სამართლებრივი დაცვის ცენტრმა შსს-ს ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული ფოტოჟურნალისტების საქმის გასაიდუმლოების გადაწყვეტილების გასაჯაროებისკენ მოუწოდა. ”საია”-ს მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში წერია, რომ  მედიის სამართლებრივი დაცვის ცენტრის ადვოკატები დაკავებულ ფოტოკორესპონდენტებს - ირაკლი და ნათია გედენიძეებს და ზურაბ ქურციკიძეს იცავენ. ადვოკატები დაკავებულებს გუშინ შეხვდნენ.

”მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ დაკავებულები არიან ფოტოკორესპონდენტები, მათ შორის, საერთაშორისო მედიასაშუალებებთან თანამშრომლობაში მყოფი ფოტოგრაფები. აღნიშნული ფაქტი განაპირობებს დაკავებულთა და დაკავების ფაქტის მიმართ მაღალ საზოგადოებრივ ინტერესს,” წერია ”საია”-ს განცხადებაში ”მედიის სამართლებრივი დაცვის ცენტრისთვის კანონის უზენაესობა არის ღირებულება, რომლის დაცვისკენაც ნებისმიერი დემოკრატიული საზოგადოების მოქალაქე ისწრაფვის. სწორედ აქედან გამომდინარე, საიასთან არსებული ცენტრი მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საკუთარი ინიციატივით გაასაჯაროოს საქმის გასაიდუმლოების გადაწყვეტილება, აგრეთვე, საზოგადოებას, ლეგიტიმური ინტერესების დაცვის მიზნით, წარმოუდგინოს დამაჯერებელი არგუმენტები საქმისთვის საიდუმლო გრიფის მინიჭების მიზანშეწონილობასთან დაკავშირებით.”

ხუთშაბათს, ღამით სამართალდამცველებმა ჯაშუშობაში ეჭვმიტანილი ხუთი ფოტოჟურნალისტი დააკავეს: პრეზიდენტის პირადი ფოტოგრაფი ირაკლი გედენიძე და მისი მეუღლე ნათია გედენიძე, საგარეო საქმეთა სამინისტროს ფოტოგრაფი გიორგი აბდალაძე, საინფორმაციო სააგენტო Associated Press-ის ფოტოჟურნალისტი შახ აივაზოვი და ევროპის ფოტოსააგენტოს ფოტოჟურნალისტი ზურაბ ქურციკიძე.  პოლიციამ შახ აივაზოვი დაკავებიდან რამდენიმე საათში, დაკითხვის შემდეგ გაათავისუფლა. დანარჩენი დაკავებულებისთვის კი ჯერ ბრალდება ოფიციალურად არ წაუყენებიათ. შსს-ს განცხადებით, დაკავებულებს ბრალად ედებათ ”ერთ-ერთი უცხო ქვეყნის სპეცსამსახურის საფარქვეშ მოქმედი ორგანიზაციისთვის, საქართველოს ინტერესების საზიანოდ, მათი სამსახურეობრივი მდგომარეობიდან გამომდინარე, სხვადასხვა სახის ინფორმაციის მიწოდება.” 

კომენტარები