როგორი იქნება ქართული თეატრის მომავალი?

ჩემი ურთიერთობა ქართულ თეატრთან 2008 წელს დაიწყო. რა თქმა უნდა, მსმენოდა ლეგენდარული სპექტაკლების, რიჩარდ III-ისა და კავკასიური ცარცის წრის შესახებ, რომლებიც რობერტ სტურუამ დადგა – ამ სპექტაკლებმა ხომ მსოფლიო მოიარა. თუმცა, ნანახი არც ერთი არ მქონდა. ამიტომ, რუსთაველის თეატრის დაარსების 130-ე წლის იუბილეზე მიწვევას, რომელიც რობერტ სტურუას 70 წლისთავის დიდებულად აღნიშვნას დაემთხვა, სიამოვნებით დავთანხმდი.

მგზავრობა არც ისე კარგად დაიწყო. კინაღამ თვითმფრინავზე დაგვაგვიანდა. თუმცა, საქართველოში ჩაფრენისთანავე მოვიხიბლეთ ყველაფრით, რაც საქართველოში ნებისმიერ ჩამსვლელს ხიბლავს და რითიც საქართველო სამართლიანად ამაყობს: სტუმართმოყვარეობა, კულტურული მემკვიდრეობა, სამზარეულო, ღვინო, სიმღერა. უძველესი კულტურით სიამაყეს უმალ გრძნობ. 

ჩვენ რუსთაველის თეატრში წაგვიყვანეს, რობერტ სტურუას ოთხი სპექტაკლი გვაჩვენეს და სცენისმიღმა ზღაპრულ სამყაროშიც შეგვახედეს – მსახიობების, ტექნიკური პერსონალის და გადაწყვეტილების მიმღებთა რეალური ცხოვრება გვანახეს; ის ცხოვრება, რომელსაც მაყურებელი იშვიათად ხედავს. ჩემი პირველი ვიზიტი ხუთდღიანი იყო და მაშინ, მხოლოდ რუსთაველის თეატრში მოვხვდი. თუმცა, რამდენიმე კვირაში საქართველოში დავბრუნდი და წარმოდგენებს თბილისის ბევრ სხვა თეატრში დავესწარი. ვნახე დიდ და მცირე თეატრებში დადგმული სპექტაკლები, შევხვდი ცნობილ და ნაკლებად ცნობილ რეჟისორებს და ასე დაიწყო ჩემი სამწლიანი ურთიერთობა (ზოგმა შეიძლება ქორწინებაც კი უწოდოს) ქართულ თეატრთან. ეს  ერთ-ერთი ყველაზე დაუვიწყარი და ამაღელვებელი საერთაშორისო თანამშრომლობა გახლდათ, რომელშიც კი ოდესმე ვმონაწილეობდი. 

ხშირად მეკითხებიან, რით განსხვავდება ქართული თეატრი მსოფლიოს სხვა ქვეყნების თეატრებისაგან. საქართველოში თეატრი ცოცხალი და მნიშვნელოვანი ორგანიზმია. უმალ თვალშისაცემი განსხვავება აუდიტორიაა: გაერთიანებულ სამეფოში თეატრში რეგულარულად მოსახლეობის მხოლოდ მცირე ნაწილი დადის და ბევრი სუბსიდირებული თეატრის მაყურებელი, ძირითადად, საშუალო ასაკისა და საშუალო ფენის წარმომადგენელია. საქართველოში კი გავოცდი, როდესაც სპექტაკლზე შეყვარებულებთან ერთად მოსულ ყმაწვილებს, ანდა ერთსა და იმავე წარმოდგენაზე მეორედ ან მესამედ მოსულ თინეიჯერთა ჯგუფს ვხედავდი. მეორე თვალშისაცემი განსხვავება აუდიტორიის ქცევაა – სპექტაკლის მიმდინარეობისას, ქართველებს, თითქოს, ტელეფონის ზარზე პასუხის მეტი არაფერი აფიქრებთ; ანდა შეუძლიათ სპექტაკლზე მისი დაწყებიდან ნახევარი საათის შემდეგ მოვიდნენ! ხუმრობა გვერდით იყოს და ერთი მნიშვნელოვანი სხვაობა, რომელმაც განსაკუთრებით დამაინტერესა, ის არის, რომ, ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, საქართველოში გაცილებით ცოტა ახალი და თანამედროვე ნამუშევარი იდგმება.

განვმარტავ, რას ვგულისხმობ. გაერთიანებულ სამეფოში მე ნაციონალური თეატრის სტუდიას ვხელმძღვანელობ. ეს სტუდია ნაციონალური თეატრის სატელიტია, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ ახალი ტალანტების აღმოჩენაზე, მათ ხელშეწყობასა და განვითარებაზეა ორიენტირებული. ყოველ წელს ჩვენ შეკვეთას ვაძლევთ ორმოცამდე ახალ მწერალს, ვმუშაობთ ასობით ახალ პიესაზე და ვთანამშრომლობთ ახალგაზრდა რეჟისორთან (გაერთიანებულ სამეფოში ახალგაზრდა ნიშნავს ახალგაზრდას – 40 წლის ადამიანი უკვე უფროს და ჩამოყალიბებულ ადამიანად ითვლება). გაერთიანებული სამეფოს თეატრების უმეტესობა ყოველწლიურად სამიდან ათამდე ახალ პიესას უკვეთავს ცოცხალ მწერლებს. შოტლანდიაში, სიდიდით საქართველოსოდენა (და არცთუ ძალზე განსხვავებული ისტორიის მქონე) ქვეყანაში, დაახლოებით 40 დრამატურგი წერს. ყოველი მათგანი წელიწადში, საშუალოდ, ერთ პიესას წერს სცენაზე დასადგმელად. ამ პიესების უმეტესობა თანამედროვე ცხოვრებაზეა. და, საკუთარ თავს ვეკითხები, სად არიან ქართველი დრამატურგები? სად არის ახალი თაობა? სად არის ის ხალხი, რომელიც სცენას თანამედროვე ქართული ცხოვრების ასასახად იყენებს?

მეგობრებთან ამ განსხვავებებზე საუბრისას, ყოველთვის რამდენიმე აშკარა მიზეზს აღვნიშნავ: საქართველოში პოლიტიკური სიტუაცია ყოველთვის სტაბილური არ არის და ახალი პიესების შეკვეთისთვის თეატრებს ფული ყოველთვის არ აქვთ. სხვა მიზეზებიც არსებობს: ქართული ტრადიცია, როგორც ჩანს, არაა ისეთი სწორხაზოვანი, როგორც ზოგი დასავლური კულტურა და აქედან გამომდინარე, რეალიზმი ქართული თეატრის საყვარელი ჟანრი არ არის. თუმცა, ვფიქრობ, რომ რაღაც სტრუქტურულობასაც აქვს ადგილი – თეატრი დიდი არტისტების ადგილად იქცა და აქ ხალხი წარსულში დადგმული დიადი ნამუშევრების სანახავად მოდის. თუ ასე გაგრძელდა და მხოლოდ კლასიკოსები წარმოადგინეს, ვფიქრობ, თეატრი აქტუალურობას დაკარგავს. ის აღარ იქნება თანამედროვე და დინამიკური ხელოვნება, რომელსაც საზოგადოების განვითარებაში თავისი წვლილი შეაქვს. 

მუდმივად მესმის წარმატებული ქართველი რეჟისორების ჩივილი, რომ ახალგაზრდებს არაფერი აქვთ სათქმელი, რომ ისინი ზედაპირულები არიან წინა თაობების დიად ხელოვანებთან შედარებით. თუმცა, ცდუნება, დავიჯეროთ, რომ საქმე სულ უკან-უკან მიდის, სამყაროსავით ძველია – რა თქმა უნდა, წლების მატებასთან ერთად ახალგაზრდების უმწიფრობაზე ბევრს ვწუწუნებთ; ამის ბუნებრივი საპირწონე ახალგაზრდების სამყაროსავით ძველი უკმაყოფილებაა, რომ მათ არავინ უსმენს და არავის ესმის. განვითარებისთვის, წარმატებისა და პატივისცემის შენარჩუნებისთვის, რომელიც მსოფლიოში მოიპოვა – ქართულმა თეატრმა, ჩემი აზრით, აქტუალური პრობლემა უნდა გადაჭრას – ხელი შეუწყოს დრამატურგების ახალი თაობის შექმნას.

როგორ შეიძლება ამის გაკეთება? ეს, ნაწილობრივ, კულტურის სახელმწიფო პოლიტიკის საკითხია. კულტურის სამინისტროს შეუძლია, შექმნას პატარა ფონდი, რომელიც ახალი პიესებისა და დადგმების შეკვეთას მოხმარდება. ეს შეიძლება ის რესურსი იყოს, რომელსაც ნებისმიერი თეატრის ხელმძღვანელობა, წელიწადში ერთი ახალი პიესის შეკვეთისთვის გამოიყენებს. აქ ინვესტირების საკითხიც დგას. თუ თეატრები დრამატურგებს ისეთ კარგ ხელფასებს არ გადაუხდიან, როგორსაც მსახიობებს, ისინი, რასაკვირველია, თავიანთი ნიჭისა და უნარების განვითარებას დროს ვერ დაუთმობენ. დრამატურგობას სერიოზულად არავინ მოეკიდება. მე მოვუწოდებ ყოველ ამჟამად მოქმედ ქართულ თეატრს, შეუკვეთოს წელს ერთი ახალი პიესა, რომელიმე ახალ მწერალს. სასურველია თემა თანამედროვე იყოს.
გადაუხადოს იმ ადამიანს იმდენი, რამდენსაც პოპულარულ მსახიობს ექვსი თვის განმავლობაში გადაუხდიდა. სანაცვლოდ, შეუძლია მოსთხოვოს მას ისეთი პიესის დაწერა, რომელსაც მომდევნო სეზონში მთავარ სცენაზე დადგამს. რომელიც აუდიტორიას საქართველოსა და დღევანდელ მსოფლიოში მისი ადგილის შესახებ რაიმე ახალს მოუთხრობდა. ვფიქრობ, თეატრში მყოფ ახალგაზრდა ქალებსა და კაცებს სწორედ ამის ნახვა სურთ. 
 

კომენტარები