რუსეთის ჩინური პრობლემა

ჰუ ძინტაო, ნურსულთან ნაზარბაევი, დიმიტრი მედვედევი და ემომალი რაჰმონი
REUTERS
15 ივნისს, ყაზახეთის დედაქალაქ ასტანაში, შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის ათწლიან იუბილეზე, წევრი ქვეყნების ლიდერები შეიკრიბნენ. 2001 წელს ე.წ. შანხაის ხუთეულს (რუსეთი, ჩინეთი, ყაზახეთი, ყირგიზეთი, ტაჯიკეთი) უზბეკეთიც შეუერთდა, რაც ახალი ორგანიზაციის ჩამოყალიბებით დასრულდა. სამიტის მიზანი არა მხოლოდ იუბილეს აღნიშვნა, არამედ მთელი რიგი დოკუმენტების მიღებაც გახლდათ. მათ შორის შედიოდა 2011-2016 წლების ანტინარკოტიკული სტრატეგია და ე.წ. ასტანის დეკლარაცია, რომელმაც ორგანიზაციის ათწლეული შეაჯამა. რუსეთი იმედოვნებდა, რომ ამას ცენტრალურ აზიაში საკუთარი პოზიციების განმტკიცებისთვის გამოიყენებდა. თუმცა ათი წლის შემდეგ აშკარაა, რომ გაერთიანების ფორმალური ლიდერი ჩინეთია. 

რუსეთის გავლენის შესუსტების პირველი სიმპტომები მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის შემდეგ გამოჩნდა. მაშინ პრეზიდენტმა დმიტრი მედვედევმა ორგანიზაციის წევრ ქვეყნებს მოუწოდა, დოლარისთვის ზურგი ექციათ და ეროვნული ვალუტების გამყარებისთვის ეზრუნათ. ჩინეთი ამ წინადადებას სიტყვიერად დაეთანხმა, მაგრამ დანარჩენებს 10 მილიარდდოლარიანი კრედიტი გამოუყო, რაზეც ცენტრალური აზიის ქვეყნებს უარი არ უთქვამთ. 

ცენტრალურ აზიაში ჩინეთის გავლენა საიუბილეო სამიტამდე ცოტა ხნით ადრე დადასტურდა. ჩინეთის პრეზიდენტმა ჰუ ძინტაომ და მისმა ყაზახმა კოლეგამ ნურსულთან ნაზარბაევმა ხელი მოაწერეს მთელ რიგ შეთანხმებებს. ორ ქვეყანას 2015 წლისათვის ორმხრივი სავაჭრო მოცულობის 40 მილიარდამდე გაზრდა სურს – დაჩქარდება ნავთობისა და გაზსადენების მშენებლობა. ყაზახეთი მზადაა, ჩინეთს ენერგეტიკული მიზნებისთვის ურანიც კი მიაწოდოს. ამას გარდა, ჩინელები ყაზახებს 1.5 მილიარდიან დაბალპროცენტიან კრედიტს გამოუყოფენ, აკტოგაის სპილენძის საბადოს განსავითარებლად. ქვეყნები ასევე შეთანხმდნენ 1 მილიარდი ამერიკული დოლარის ღირებულების სავალუტო გაცვლაზე – ჩინელები გარკვეული რაოდენობის ტენგეს (ყაზახეთის ფულის ერთეული) შეისყიდიან და საფასურს იუანით გადაიხდიან. ჩინეთის ექსპორტ-იმპორტის ბანკმა კი მზადყოფნა გამოთქვა, ყაზახეთს კრედიტები იუანში გამოუყოს.
ჩინეთის გარდა, რუსეთს, უზბეკეთის სახით, წვრილმანი პრობლემებიც აქვს. ორგანიზაციის ფარგლებში ყველა გადაწყვეტილება კონსენსუსით მიიღება, უზბეკეთის პრეზიდენტ ისლამ კარიმოვისგან მოულოდნელი დემარშების თავიდან ასაცილებლად, მედვედევმა ასტანამდე ტაშკენტში გაიარა. პრეზიდენტებმა ოთხი საათის მანძილზე ისაუბრეს. უზბეკეთის პრეზიდენტი შეშფოთებულია არაბული გაზაფხულით და არ სურს მის ქვეყანაშიც იგივე განმეორდეს. როგორც ჩანს, მედვედევმა კარიმოვი დაარწმუნა, რომ მოვლენების ამგვარი განვითარებით არც რუსეთია დაინტერესებული, თუმცა მხარდაჭერისთვის კარიმოვს კრემლის ინტერესების გათვალისწინება მოუწევს – პირველ რიგში, სამიტზე გატანილი დოკუმენტების მიღებაზე დათანხმება.

მოსკოვი მიხვდა, რომ ვერც ჩინეთის მილიარდიანი კრედიტების გადაწონასა და ვერც მისი ენერგოწყურვილის დახშობას, საკუთარი ძალებით ვერ მოახერხებს. ამიტომ გამოსავლის ძიება ორგანიზაციის გარეთ დაიწყო. ამჟამად შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციას 4 დამკვირვებელი ქვეყანა ჰყავს – ინდოეთი, ირანი, პაკისტანი და მონღოლეთი. ამ უკანასკნელის გარდა წევრობა ყველას სურს და განაცხადიც აქვთ შეტანილი. ირანის წევრობა გამოირიცხება, რადგანაც მას გაეროს სანქციები ადევს, პაკისტანი ჩინეთის მოკავშირეა, ინდოეთი კი რუსეთის სასურველი კანდიდატურაა. ინდოეთის გაწევრიანებით ორგანიზაციაში არა ორი, არამედ სამი დიდი ქვეყანა იქნებოდა. ამ შემთხვევაში, კრემლი შეეცდება ერთი აზიური გიგანტით მეორის დაბალანსებას. თუმცა მოვლენების სასურველი სცენარით განვითარებისთვის რუსეთს რთული ამოცანის გადაჭრა მოუწევს – ინდოეთის წევრობას ჩინეთის თანხმობა სჭირდება. 

კომენტარები