ნარინჯისფერი სასწაული

მირჩა ლუჩესკუ, რინატ ახმეტოვი და კაპიტანი დარიო სრნა
REUTERS
მირჩა ლუჩესკუ, რინატ ახმეტოვი და კაპიტანი დარიო სრნა
ფოტო: REUTERS
15 წელი და 1,5 მილიარდი
 
უკრაინის ჩემპიონი და თასის მფლობელი დონეცკის შახტარი წლეულს 75 წლის იუბილეს ზეიმობს.

ფეხბურთის ისტორიის და სტატისტიკის საერთაშორისო ფედერაციამ შახტარი XXI საუკუნის პირველი ათწლეულის მსოფლიოს ყველაზე პროგრესირებად კლუბად დაასახელა: 2001 წელს, ფისსფ-ის ტრადიციულ რეიტინგში, შახტარი საუკეთესო გუნდების ათასეულშიც არ იმყოფებოდა, ახლა კი მე-18 ადგილზეა.

მიუხედავად ამისა, კლუბის პრეზიდენტი რინატ ახმეტოვი თვლის, რომ მიზანი ჯერ არაა მიღწეული და ეს ყველაფერი მხოლოდ ერთი ეტაპის დასასრულია.

და რა არის ნარინჯისფერი სასწაულის მთავარი მიზანი?

პრეზიდენტი ამ თემაზე არ საუბრობს, თუმცა დონეცკში, ისევე როგორც მთლიანად უკრაინაში, ყველამ იცის, რომ ის ჩემპიონთა ლიგაში გამარჯვებაზე ოცნებობს. და რადგან რინატ ახმეტოვი და შახტარი ერთი და იგივე ცნებაა, გამოდის, რომ მთავარი მიზანი საუკეთესო საკლუბო ტურნირის მოგებაა.

2010-11 წლების ჩემპიონთა ლიგაში დონეცკელებმა მეოთხედფინალში გააღწიეს. გამოცდილი რუმინელი სპეციალისტის მირჩა ლუჩესკუს გაწვრთნილი შახტარი ტურნირის მომავალ გამარჯვებულ ბარსელონასთან დამარცხდა. მანამდე უკრაინულმა კლუბმა ლიგის ფლეი-ოფში 1998-99 წლების სეზონში ითამაშა – ვალერი ლობანოვსკის კიევის დინამო მიუნხენის ბაიერნმა შეაჩერა.

იმ დროს, როცა დინამო ტიტულს ტიტულზე იგებდა, დონეცკური კლუბი ჯერ კიდევ წარმატებისკენ მიმავალ გზას ადგა – კიეველთა ზეობის წლებში შახტარის ამჟამინდელი მფლობელი ოთხი წლის მისული იყო გუნდში. ის 1995 წელს გამოჩნდა სათავეში: ერთ-ერთი მატჩისას ტრიბუნაზე ააფეთქეს მაშინდელი პრეზიდენტი ახატ ბრაგინი, მცირე ხანში კი მისი ადგილი რინატ ახმეტოვმა დაიკავა.

რამდენიმე წელიწადში ის გუნდის ერთპიროვნული მფლობელი გახდა.

ფოტო: REUTERS

უკრაინელი ჟურნალისტები დონეცკური კლუბის ისტორიას სამართლიანად ყოფენ ორ ნაწილად. პირველი ეტაპი 1936-1995 წლებს მოიცავს, მეორე კი გუნდში ახმეტოვის მისვლის შემდგომ პერიოდს. 2005 წლიდან მოყოლებული შახტარმა ხუთჯერ მოიგო ჩემპიონატი, ორჯერ თასი აღმართა, სამჯერ სუპერთასი, 2009 წელს კი უეფას თასის უკანასკნელ გათამაშებაში იმარჯვა!
ადგილობრივი პრესის ინფორმაციით, რინატ ახმეტოვს 15 წელიწადი და 1,5 მილიარდი დოლარი დასჭირდა, რათა შახტარი ქვეყნის საუკეთესო და ევროპის ერთ-ერთ უძლიერეს კლუბად ექცია.

1,5 მილიარდი დოლარი – ამ თანხაში მხოლოდ ტრანსფერებსა და ხელფასებში დახარჯულ ფულს არ ვგულისხმობთ. მაგალითად, დონბას არენას აგება, რომელიც ერთ-ერთი საუკეთესო სტადიონია მსოფლიოში, 400 მილიონი დოლარი დაჯდა. ამას გარდა, დიდი თანხა დაიხარჯა საფეხბურთო აკადემიის დაარსება-გამართვაზე, რომლის წლიური ბიუჯეტი დღეს 10 მილიონი დოლარია. ისიც აუცილებლად უნდა ვთქვათ, რომ თანამშრომელთა რაოდენობა ახმეტოვის მისვლის შემდეგ სამჯერ გაიზარდა და დღეს 900-ს უდრის. მათ შორის საფეხბურთო სამყაროში კარგად ცნობილი არაერთი ადამიანია: კლუბის სამედიცინო განყოფილებას ესპანელი პროფესორი პაკო ბიოსკა ხელმძღვანელობს, სელექციონერთა დეპარტამენტის შეფი პორტუგალიელი ლუიშ გონსალვეშია, ბავშვთა აკადემიის კურატორი კი ჰოლანდიელი პატრიკ ვონ ლიუვენი. ამ უკანასკნელს, რომლის მეთვალყურეობით 7-19 წლის ასაკის 200 ბავშვი ვარჯიშობს, ერთადერთი რამ ავალია – ყოველ სეზონში პირველ გუნდს ერთი კონკურენტუნარიანი ბიჭი გაუზარდოს.

რატომ ხარჯავს უკრაინის ყველაზე მდიდარი ადამიანი (რინატ ახმეტოვის ქონება 17,8 მილიარდ დოლარს შეადგენს) ყოველწლიურად 100 მილიონ დოლარს საფეხბურთო კლუბში?

ამ კითხვას ნარინჯისფერი სასწაულის მთავარი შემოქმედი ძალიან მარტივად პასუხობს: უბრალოდ, ძალიან მიყვარს ფეხბურთი და შახტარი!

დონბას არენა
ფოტო: REUTERS
დონეცკის მფრინავი თეფში
 
უკრაინა, პოლონეთთან ერთად, გაისად ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლებს. ევრო 2012-ის საორგანიზაციო კომიტეტის სპეციალურმა ჯგუფმა ის ქალაქები მოინახულა, სადაც კონტინენტის პირველობის თამაშები გაიმართება. უეფას მაღალჩინოსანთა შეფასებით, დონბას არენა დღესდღეობით ერთადერთია, რომელიც 100%-ით მზადაა ტურნირის მისაღებად.

დონბას არენა შახტარის საკუთრებაა, გაიხსნა 2009 წლის 29 აგვისტოს და ევრო 2012-ის ხუთ თამაშს უმასპინძლებს, მათ შორის მეოთხედფინალს და ნახევარფინალს.

XXI საუკუნის კოლიზეუმი – ასე შეაფასეს ევროპული ფეხბურთის მმართველი სახლის მესვეურებმა ეს სარბიელი ორი წლის წინ. უეფამ არენას უმაღლესი კატეგორია მიანიჭა, ეს კი ნიშნავს, რომ დონეცკში, შესაძლოა, რომელიმე ევროთასის ფინალიც გაიმართოს.
შახტარის პრეზიდენტმა რინატ ახმეტოვმა 400 მილიონი დოლარი დახარჯა იმ საოცრების ასაგებად, რომელსაც ჟურნალისტები ხატოვნად მფრინავ თეფშსაც უწოდებენ. ნაგებობა არუპსპორტმა დააპროექტა, რომელიც სითი ოფ მანჩესტერით და ალიანს არენათიც იწონებს თავს.
სტადიონი თანამედროვე ამფითეატრია, 51504 გულშემატკივარზეა გათვლილი და ყველა კუთხიდან საუკეთესო ხილვადობის გარანტიას იძლევა.

უეფა ელიტ-კლასის სტადიონებზე ტრიბუნების 75%-ის სახურავით დაფარვას ითხოვს, დონეცკის მფრინავ თეფშზე კი ეს მაჩვენებელი 93%-ს უტოლდება. სახურავი რამდენიმე გრადუსითაა დახრილი და ეს უმაღლესი დონის აკუსტიკას იძლევა.
მოსწავლეთათვის 4 ათასი ადგილია გამოყოფილი, უნარშეზღუდულთათვის კი 196. ეს უკანასკნელნი მინდვრის კუთხეებში განლაგებული ზონით სარგებლობენ.

დონბას არენაზე 3 რესტორანი (პლატინის, ბრილიანტის, ოქროსი), 4 ვერცხლის ბარი და 53 სწრაფი კვების ობიექტია, სტადიონის ტერიტორიაზე კი თანამედროვე ფიტნეს-ცენტრი და დონეცკში ყველაზე პოპულარული დასასვენებელი ადგილი ტრიბუნა-ლაუნჯიც მოქმედებს.

დონბას არენა 45 კორპორატიული ლოჟითაც (13 პრემიუმი, 32 სტანდარტული) იწონებს თავს. მდებარეობიდან და მოცულობიდან გამომდინარე (8-26 კაცი), მათი წლიური არენდის ფასი 80-დან 425 ათას დოლარამდეა.
რაც შეეხება პრეს-ლოჟას, ის მასმედიისთვის ნამდვილი სამოთხეა – 1159 კაცზეა გათვლილი და აქედან 424 მწერალი ჟურნალისტებისთვისაა. შედარებისთვის: სან სიროზე საამისოდ 240 ადგილია გამოყოფილი, უემბლიზე – 400. ცხადია, მატჩების დროს ჟურნალისტებისთვის სტადიონის ხარჯზე მოქმედებს ბარი.
დონბას არენას უდიდესი პლუსია 92 კვადრატული მეტრის მოცულობის ორი 65-ათასფერიანი ტაბლო. ევროპაში ამ ზომის ეკრანებით

კიდევ მხოლოდ ორი სტადიონია აღჭურვილი: მიუნხენის ალიანს არენა და ლონდონის უემბლი. ამას გარდა, სტადიონის სხვადასხვა წერტილში 500 მონიტორია დამონტაჟებული, განათება კი 2000 ლუქსია – უეფას სტანდარტებით 1400 საკმარისია.
მინდვრის საფარზე ულტრათანამედროვე ტექნიკის დახმარებით ზრუნავენ – მეტრის სიღრმეზე საერთო ჯამში 38კმ სიგრძის სისტემა სმარტია დამონტაჟებული, რომელიც ბალახის ზრდას და საჭირო ტემპერატურის შენარჩუნებას უზრუნველყოფს, ღამით კი საფარს ბიონათურებით უვლიან.

მინდვრის ქვეშ, 12 მეტრის სიღრმეზე 145-ადგილიანი ვიპ-ავტოსადგომია, რომლითაც მხოლოდ ფეხბურთელები, კორპორატიული ლოჟების მფლობელები და კლუბის პრეზიდენტი სარგებლობენ.

დონბას არენას ერთ-ერთი მთავარი მშვენებაა შახტარის საკლუბო მუზეუმი: გემოვნებით მოწყობილ დიდ დარბაზში ის იშვიათი ექსპონატებია თავმოყრილი, რომლითაც კლუბი თავს იწონებს. მათ შორისაა პირველი, წითელ-ცისფერი მაისურიც, რომელიც გუნდს ჯერ კიდევ მაშინ ემოსა, როცა სტახანოვეცი ერქვა...

ახლა დონეცკელთა პრეზიდენტს და გულშემატკივრებს ერთადერთი ოცნება აქვთ: შახტარი ჩემპიონთა თასისკენ გაფრინდეს. საამისოდ კლუბს ყველა პირობა აქვს შექმნილი.

რაც შეეხება მფრინავ თეფშს, ის დონეცკში სამუდამოდ დაეშვა. 
 

კომენტარები