ისტორიის მატარებელი საყურე

0 კომენტარი

ვითა პეპელა /
არხევს ნელნელა
/ სპეტაკს შროშანას, ლამაზად ახრილს,
/ ასე საყურე,
/უცხო საყურე,
/ ეთამაშება თავისსა აჩრდილს.
/ ნეტავი იმას,
/ ვინც თავისს სუნთქვას
/ შენსა ჩრდილშია მოიბრუნებდეს!
/ შენის შერხევით,
/ სიო-მობერვით
/ გულისა სიცხეს განიგრილებდეს!
/ ჰოჲ, საყურეო,
/ გრძნებით ამრევო,
/ ვინ ბაგე შენს ქვეშ დაიტკბარუნოს?
/მუნ უკვდავების
/ შარბათი ვინ სვის?
/ ვინ სული თვისი ზედ დაგაკონოს?
ნიკოლოზ ბარათაშვილი
ჩვენი ყოველდღიურობის დიდ ნაწილს ის ნივთები და წარმოდგენები შეადგენს, რომელთა ისტორიაც უძველესი დროიდან მოდის. ავიღოთ ერთი შეხედვით ისეთი ჩვეულებრივი საგანი, როგორიცაა, მაგალითად, საყურე და ვნახავთ, რომ ის თავის თავში კაცობრიობის მთელ ისტორიას ატარებს. როცა ჯერ კიდევ არ არსებობდა მოდის სისტემა, სისტემა კი არა, როცა საერთოდ არ არსებობდა სამკაულის და ტანისამოსის კონცეფცია, საყურე უკვე ამშვენებდა ძველ მსოფლიოს.
სამკაულები თავისი მაგიური სიმბოლიზმით სცილდება მოდის სამყაროს ბანალურ შინაარსს. თუკი ბეჭედს ჯერ კიდევ შერჩა სიმბოლიზმი და მისი ტარებაც არ არის დაკავშირებული რაიმე განსაკუთრებულ აქტთან, საყურე მხოლოდ პირად სამკაულად ითვლება, მიუხედავად პერმანენტული დაღისა, რომელსაც ის ტოვებს. საყურე პირველი “აგრესიული” ჩარევა, სხეულის პრეისტორიული მოდიფიკაციაა, რომელიც ადამიანმა მიიღო, შეიყვარა და შემოქმედების მუზადაც აქცია. 
უძველესი საყურე შუამდინარეთში აღმოაჩინეს და ის 4500 წლისაა – მეტალის ან სხვა, ხშირად მოულოდნელი მასალისგან დამზადებული რკალი, რომელიც ყურის ბიბილოში გაკეთებულ ნახვრეტში მაგრდება. სწორედ ეს ნახვრეტი, ეს ჩხვლეტაა საინტერესო – ტკივილი, რომლის საფასური ხან სილამაზე, ხან სქესობრივი ცხოვრების დასაწყისი, ხან კი რელიგიური წარმოდგენებია.
შუამდინარეთში ნაპოვნი საყურე, სავარაუდოდ, ჯარისკაცებს ეკუთვნოდა და ერთგვარ ნიშანს, კუთვნილებას წარმოადგენდა ამა თუ იმ ჯარისადმი.
ძველი ეგვიპტე, ანტიკური სამყარო, შორეული აღმოსავლეთი თუ ინდოეთი, ყველა კულტურა თავისებურად ავითარებდა საყურის სხვადასხვა კონცეფციებს. ინდოეთში ის რელიგიურ სექტებს გულისხმობს და ხშირ შემთხვევაში, ბავშვებს ყურებს ადრეულ ასაკშივე უხვრეტენ. აფრიკის ზოგიერთ ტომში ყურის გახვრეტა ყმაწვილების ინიციაციას უკავშირდება. პოლინეზიაში როგორც ქალების, ისე მამაკაცების შეისრულ საყურეებს ნიჟარებისაგან ამზადებდნენ, რასაც ევროპელი კოლონიზატორები გვიან შუასაუკუნეებში სიველურის გამოხატულებად აღიქვამდნენ. თუმცა თავად ევროპელ მეზღვაურებს ერთი წესი ჰქონდათ – გახვრეტილი ყური იმას ნიშნავდა, რომ მეზღვაურმა მსოფლიოს გარშემო იმოგზაურა, ოქროს რგოლს კი ქრისტიანი მეზღვაურები იმ მიზნით ატარებდნენ, რომ თუკი ისინი ზღვაში დაიღუპებოდნენ, ოქროს საყურე მათი პოვნის შემთხვევაში, ქრისტიანული წესით დაკრძალვის საფასური ყოფილიყო. 
ანტიკურ სამყაროშივე დაიწყო საყურის, როგორც ესთეტური სამკაულის განვითარება და სიმბოლურ დატვირთვასთან ერთად, გარეგნულ მხარესაც დიდი ყურადღება დაეთმო. სწორედ ამ პერიოდისაა ჩვენი ეროვნული მუზეუმის საგანძურში დაცული არაერთი შესანიშნავი მაგალითი. მაშინ ქალების საყურეების გარეგნული მხარე დიდწილად თმის ვარცხნილობას მისდევდა, ის ხან ქრებოდა, ხან ჩნდებოდა, ხან ყურადღებას იქცევდა, ხან კი  პირიქით, იმალებოდა.
შუა საუკუნეებში ძირითადად გავრცელებული იყო საშუალო ზომის საყურე, რომელიც ცრემლის ფორმის მარგალიტის  საკიდს
წარმოადგენდა. რა თქმა უნდა, სხვა ძვირფას და ნახევრად ძვირფას მასალებსაც იყენებდნენ. მე-16 საუკუნის ბოლოდან კი „მოდაში” შემოვიდა დიდი ზომის საყურე, ეგრეთ წოდებული ჭაღი, რომელიც მაღლა აწეული ვარცხნილობის და ბაროკოს ეპოქის პარიკების შესაფერისი იყო. მე-19 საუკუნეში საყურე მოდის მიმდევარი ქალბატონების კუთვნილება ხდება და სტილის, აქსესუარის დანიშნულებას მყარად იძენს. 
მე-20 საუკუნე საყურეს დრამატულად ცვლის და აქსესუარის ნაცვლად ის ხან სოციალური პროტესტის ფორმად, ხან ვარსკვლავური, როკ-ცხოვრების სიმბოლოდ გვევლინება. პირველი მსოფლიო ომის დამთავრების შემდეგ ქალების თმის ვარცხნილობა რადიკალურად დამოკლდა, არტ დეკო  ყველაფერს შეეხო და სწორედ ამ დროს, გრძელი საყურეები მოკლე თმის ვარცხნილობასა და კისერს შორის სივრცეს ავსებდა. არტ დეკოს პერიოდის საყურეები, როგორც წესი, გრძელ მოძრავ საკიდს წარმოადგენს. ამ დროს  საიუველირო კომპანიებმა: CARTIER, BOUCHERON, VAN CLEEF და ARPELS შექმნეს განუმეორებელი სტილის საყურეები, რომლებიც დღეს დიდად ფასობს და პოსტმოდერნული მოდის ნაწილია. 
მეორე მსოფლიო ომის შემდგომ პერიოდში საყურე სტილისტურად  განვითარდა. სხვადასხვა მასალების და სტილის საყურეები ამ პერიოდში მკაცრად კვლავ ქალების აქსესუარს წარმოადგენს. 70-იანი წლების ბოლოს გეი სუბკულტურამ გაიხსენა მეზღვაურების რომანტიკული ადათ-წესი და ერთგვარი სოციალური პროტესტი სწორედ საყურის ტარებით გამოხატა. მას მხარი ჰიპებმა და თითქმის ყველა სხვა სუბკულტურამ აუბა და 70-იანი წლების ბოლოს თითქმის ყველა როკ-ვარსკვლავი, სექსუალური გემოვნების მიუხედავად, საყურეს ატარებდა. სწორედ ამ დროს საყურემ დაკარგა სოციალური კონოტაციები და ისევ ჰიპერმოდურ უნისექს ატრიბუტად იქცა. 80-იანი წლების ბოლოს კი საყურე სპორტის სამყაროში შეიჭრა. გავიხსენოთ თუნდაც დიეგო მარადონა. წლების შემდეგ კი რეპერები მას პირიქით, მაჩო-აქსესუარად წარმოადგენენ. 
 მე-20 საუკუნის დასაწყისიდან საყურე აღარ მოითხოვდა ყურის გახვრეტას – გაჩნდა უამრავი სხვა ტიპის: ზამბარიანი, ჭანჭიკიანი და მაგნიტის სამაგრიანიც კი. მაგრამ კლასიკური საყურე, რომელიც ყურის ბიბილოში გაკეთებულ ნახვრეტში ეკიდება, არ კარგავს თავის ადგილს. პირიქით, სწორედ მე-20 საუკუნის ბოლოს, საყურის ტოტალური სიყვარული, როგორც ქალების, ასევე მამაკაცების მხრიდან, დასაბამს უდებს იმ დიდ თანამედროვე გატაცებას, რასაც „პირსინგი” (გახვრეტა) ეწოდება და კონსერვატიული საზოგადოების მიერ, ტატუაჟთან ერთად, თანამედროვე „ბარბაროსობად” აღიქმება. 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

დააკავეს პირი, რომელმაც დიდ დიღომში ქალი ყელის არეში ცივი იარაღით დაჭრა

კომენტარები