არაპოლიტიკური შეთავაზება

 საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ლეგიტიმურად მცხოვრებ მოქალაქეებზე ნეიტრალური დოკუმენტები გაიცემა. შესაბამისი კანონპროექტი მესამე მოსმენით საქართველოს პარლამენტმა 1 ივლისს დაამტკიცა.

ცვლილებები 11 სხვადასხვა კანონში შევიდა, მათ შორის კანონში სახელმწიფო რეესტრის, განათლების და ოკუპირებული ტერიტორიებს შესახებ. მიღებული ცვლილებების თანახმად, ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ მოქალაქეებს ნებაყოფლობით ნეიტრალური დოკუმენტების – პირადობის მოწმობისა და საერთაშორისო სამგზავრო დოკუმენტის (პასპორტის ანალოგის) მიღება შეეძლებათ.

ეს მათ საზღვარგარეთ გამგზავრების და საქართველოს მოქალაქეთათვის განსაზღვრული სოციალური სიკეთეებით სარგებლობის საშუალებას მისცემთ. თუმცა, ამ ნეიტრალური დოკუმენტების ფლობა საქართველოს მოქალაქეობას არ გულისხმობს.

დოკუმენტები აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში საქართველოს იურისდიქციის სრულ აღდგენამდე გაიცემა. ნეიტრალურ დოკუმენტებს საქართველოს სამოქალაქო რეესტრი გასცემს. სამგზავრო დოკუმენტის ღირებულება 35, პირადობის მოწმობის კი 10 ლარი იქნება. ისინი უცხო ენაზე იქნება შედგენილი და შევსებული, მათზე საქართველოს სახელმწიფო სიმბოლიკა არ იქნება დატანილი. მათ მფლობელებს უფლება ექნებათ ოკუპირებულ ტერიტორიებზე უცხო ქვეყნების ტერიტორიიდანაც შევიდნენ, მხოლოდ საქართველოს ხელისუფლების თანხმობით.

 ნეიტრალური დოკუმენტები მათ მფლობელებს საშუალებას მისცემს – საქართველოს ტერიტორიაზე ლეგალურად დასაქმდნენ კერძო და საჯარო სექტორებში, განახორციელონ სამეწარმეო საქმიანობა, მიიღონ საბანკო კრედიტები, ისწავლონ უმაღლეს სასწავლებლებში. დოკუმენტების გასაცემად, შესაძლებელია, ოკუპირებულ ტერიტორიებზე ფაქტობრივი ხელისუფლების მიერ გაცემული საბუთების გამოყენება. თუმცა, კანონის თანახმად, ეს მათ ლეგიტიმაციას არ ნიშნავს და ამ მხრივ რაიმე სამართლებრივ შედეგებს არ ითვალისწინებს. ნეიტრალური დოკუმენტების გაცემა თბილისის მიერ შემუშავებული სტრატეგიის – „ჩართულობა თანამშრომლობის გზით” – ნაწილს წარმოადგენს.

საქართველოს ხელისუფლების ინიციატივის მიმართ სკეპტიკურ დამოკიდებულებას, სოხუმსა და ცხინვალში, ჯერ კიდევ პროექტის განხილვისას გამოთქვამდნენ. აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა, სერგეი შამბამ ნეიტრალური დოკუმენტების შემოღებას „პოპულისტური ნაბიჯი” და „ბოდვა” უწოდა. „აქ ამ პასპორტებს არავინ აიღებს. ჩვენს მოქალაქეებს როგორც რუსული, ასევე აფხაზური პასპორტები აქვთ. ასე რომ, ქართული დოკუმენტების გარეშეც გავძლებთ”, – განაცხადა შამბამ.

„სამხრეთ ოსეთის” საგარეო უწყებამაც განაცხადა, რომ „რესპუბლიკის მოქალაქეებს საკუთარი დოკუმენტები აქვთ, რომლებსაც რუსეთი და რიგი სხვა ქვეყნები აღიარებენ”.

რუსული პასპორტები აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის მცხოვრებლებს რუსეთში გადაადგილების საშუალებას აძლევთ. თუმცა, ადგილობრივი თუ რუსული მედიის ცნობით, ოკუპირებული რეგიონების მცხოვრებლები ევროკავშირისა თუ აშშ-ის ვიზების მიღებისას სიძნელეებს აწყდებიან. დასავლეთის ქვეყნების საკონსულოები, „რუსეთის მოქალაქეებს” აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონიდან, მიზეზების განმარტების გარეშე ვიზებზე უარს ეუბნებიან.

ტაბულასთან საუბრისას, რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა, ეკა ტყეშელაშვილმა თბილისის გადაწყვეტილებას „არა პოლიტიკური, არამედ ადამიანების კეთილდღეობისკენ გადადგმული ნაბიჯი” უწოდა. „ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ხელი შევუწყოთ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ ადამიანთა თავისუფალ მოძრაობას საქართველოს შიგნით და ქვეყნის ფარგლებს გარეთ, რათა მათ გაუჩნდეთ ალტერნატივა და ჰქონდეთ თვითრეალიზაციის მეტი ლეგალური შესაძლებლობა”, – განაცხადა ტყეშელაშვილმა. მინისტრის თქმით, პროექტმა დადებითი საერთაშორისო შეფასება დაიმსახურა. იგი დარწმუნებულია, რომ მიღებულ გადაწყვეტილებას „პრაქტიკული გამოყენება ექნება”.

კომენტარები