Google+ vs Facebook

0 კომენტარი

ადამიანი რომ სოციალური არსებაა, ამას ჯერ კიდევ არისტოტელე ამბობდა. ამ სიტყვების დასტურად, მოკვდავნი ყოველთვის ცდილობდნენ კომუნიკაციის ახალი ფორმების შექმნას, რათა მათ შორის არსებული მანძილი მაქსიმალურად შეუმჩნეველი გამხდარიყო. ფილოსოფოსის ამ ნათქვამის შემდეგ 24 საუკუნეზე მეტი გავიდა და კომუნიკაციის საშუალებები განვითარების ახალ საფეხურზე ავიდა. ეს განსაკუთრებით ბოლო რამდენიმე ათწლეულში, ინტერნეტის გავრცელებასთან ერთად უფრო შესამჩნევი გახდა. ადამიანთა თავშეყრის ადგილებმა ნელ-ნელა ვირტუალურ სოციალურ ქსელებსა და გაცნობის საიტებზე გადაინაცვლა. ასეთი საიტების შექმნის მრავალი განსხვავებული და არათანაბრად წარმატებული მცდელობის შემდეგ, ყველაფერი 2004 წლის თებერვალში დაგვირგვინდა. მარკ ცუკერბერგმა ჯერჯერობით უკონკურენტო სოციალური ქსელი, Facebook-ი შექმნა. არსებობის 7 წლის განმავლობაში საიტმა 600 მილიონზე მეტი მომხმარებელი შეაგროვა და ჯერჯერობით ყველა მსგავსი თანამოძმე დიდი მანძილით ჩამოიტოვა უკან.

Facebook-ის ერთპიროვნული მმართველობის დასრულების შესახებ ერთი კვირის წინ ვებგიგანტმა Google-მა განაცხადა. წარმოადგინეს ახალი პროექტი Google+, რომელიც ჯერჯერობით ნახევრად დახურული ტესტირების რეჟიმშია. ფაქტობრივად, Google-ის ეს ნაბიჯი ომის გამოცხადების ტოლფასია. მაშ, რა აქვს ამ გიგანტს არსენალში ისეთი, რასაც 600-მილიონიანი მომხმარებელთა ბაზის მქონე უპოპულარეს სოციალურ ქსელს დაუპირისპირებს?

პირველ რიგში ესაა Google-ის საკუთარი მომხმარებლები, რომელთა რაოდენობა 200 მილიონს აღწევს. ასევე პოლიტიკა, რომლის მიხედვითაც Google-ის ყველა სერვისი ერთმანეთზეა მიბმული და მოხმარებისა და წვდომის კუთხით საქმეს ძალიან ამარტივებს – ამისათვის მომხმარებლის ერთი, საერთო სახელი და პაროლია საკმარისი. სხვა საკითხია, რამდენად შეძლებს Google მათთვის ისეთივე სერვისების მიწოდებას, რაც მის კონკურენტს გააჩნია. Facebook-ი არსებობის შვიდი წლის განმავლობაში მრავალნაირად შეიცვალა და დაიხვეწა. ჯგუფები და ფან-გვერდები, რომლებიც ერთნაირი ინტერესების მქონე ადამიანებს გაერთიანების საშუალებას აძლევს, მისი ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი მხარეა. მეგობრებთან, კოლეგებთან და უბრალოდ ინტერნეტ-ნაცნობებთან ურთიერთობის და ინფორმაციის მოსახერხებელი ფორმით გაცვლის გარდა, საიტზე დროის მოსაკლავი ბევრი ფუნქციაცაა. Facebook applications-ი უამრავ გასართობ თუ სერიოზულ პროდუქტს სთავაზობს მომხმარებელს – თამაშებიდან დაწყებული, ერთი შეხედვით არასაჭირო პროგრამებით დამთავრებული. თუმცა ჯამში, ეს ყველაფერი Facebook-ს ერთგვარ „All in one” პორტალად აქცევს.

ოფიციალურად ჯერ კიდევ შექმნის პროცესში მყოფი Google+, ერთი შეხედვით, ამ ასპექტში საკმაოდ უსუსურად გამოიყურება. თუმცა მას უკვე აქვს ზოგიერთი ფუნქცია, რაც Facebook-ზე ჯერ კიდევ დამუშავების სტადიაშია. ასე მაგალითად, აქ შესაძლებელია მეგობრების „დახარისხება” ეგრეთ წოდებულ წრეებში, რაც ფაქტობრივად ჯგუფებზე მეტ შესაძლებლობას იძლევა. იმ პარამეტრების შერჩევა, რომლის მიხედვითაც გსურთ ამ წრეებთან ინფორმაციის გაზიარება ან პირიქით, ამ გაზიარების შეზღუდვა, ძალიან მარტივია.

Google Android-ის მომხმარებლებისთვის კომპანიას უკვე აქვს შექმნილი აპლიკაცია, რომლის საშუალებითაც მობილურით ამ სოციალურ ქსელში შესვლა გაცილებით მოსახერხებელია, ვიდრე Facebook-ისთვის არსებული, მართალია ლამაზი, მაგრამ დაუხვეწავი აპლიკაციით. ხოლო თუკი გავითვალისწინებთ იმასაც, რომ აპლიკაცია ჯერ კიდევ დამუშავების სტადიაშია, შესაძლებელია ვივარაუდოთ, რომ მობილური მოწყობილობების მხრივ Google-ს დიდი უპირატესობა ექნება.

იმ მომხმარებლებს, რომლებმაც მოახერხეს და ნახევრად დახურულ ტესტირებაზე დარეგისტრირდნენ, აუცილებლად მოხვდებოდათ თვალში ვიდეოკონფერენციის ფუნქცია, Hangout-ი. მალევე გავრცელდა ხმები, რომ მსგავსი რამის გაკეთებას Facebook-იც აპირებს, თუმცა ახალგამოჩეკილი ქსელის მიბაძვა მას მდევრის პოზიციაში აყენებს. ეს ფუნქცია Facebook-ზე უკვე ჩაირთო, თუმცა მას თავისი მინუსებიც აქვს. ისევე როგორც ყველა სიახლე, მომხმარებლებს ესეც ეტაპობრივად უაქტიურდებათ. გარდა ამისა, Google+-ის ვიდეოსერვისთან იგი მაინც ვერ მივა. თუნდაც იმიტომ, რომ მასში მონაწილეობა მხოლოდ ორ ადამიანს შეუძლია, რაც დღემდე არსებულ თითქმის ყველა მესენჯერშიც იყო შესაძლებელი.

Google+-ის გაშვებისთანავე გავრცელდა ინფორმაცია მისი ერთი დიდი „ნაკლის” შესახებ. ცნობამ, თითქოს ახალი სოციალური ქსელი მომხმარებელთა პირადი საიდუმლოების პრინციპს უხეშად არღვევდა, მთელი ინტერნეტი მოიარა. ამ შინაარსის მქონე წერილები ყველა მსხვილმა ჟურნალისტმა და ბლოგერმა მიიღო. თუმცა შემდეგ აღმოჩნდა, რომ ანტი-Google+ კამპანიის დამწყები ფირმა, ბარსონი და მარსტელერი, რომელსაც პიარის სფეროში ერთ-ერთი წამყვანი პოზიცია უჭირავს, Facebook-ის მიერ ფინანსდებოდა. ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება. მეტიც, ცუკერბერგის შვილობილისგან განსხვავებით, პირადი ინფორმაცია უკეთაა დაცული. იმ შემთხვევაში, თუკი მომხმარებელს აღარ სურს, რომ მის მიერ განთავსებული ინფორმაცია კვლავაც ხელმისაწვდომი იყოს სხვებისთვის, ან სულაც თავისი ანგარიშის გაუქმება უნდა, Google+ მას ამის საშუალებას საკმაოდ მარტივად აძლევს. Picassa-ს ალბომების გადმოწერა და ამით ანგარიშის გაუქმებისას საჭირო მასალების დაკარგვისგან თავის არიდება, მარტივი აპლიკაციის მეშვეობითაა შესაძლებელი. „პლუსზე” რეგისტრაციისას კი ეს ალბომები ავტომატურად მიჰყვება ანგარიშს.

Google+-ის უპირატესობა იკვეთება მაშინაც, თუკი Facebook-ზე წლობით ნაგროვები მეგობრების სიის იმპორტირებას მოვისურვებთ. ეს ოპერაცია დაშვებულია, თუმცა შებრუნებული ოპერაციის ჩატარების საშუალებას ცუკერბერგის სოციალური ქსელი არ იძლევა.

ამ რამდენიმე დღის წინ Google+-მა ყველაზე პოპულარულ მომხმარებელთა ათეული გამოაქვეყნა. როგორც აღმოჩნდა, ყველაზე მეტი მეგობარი, 21000 ადამიანი Facebook-ის დამაარსებელ, მარკ ცუკერბერგს ჰყავს. თავად Google-ის დამაარსებლები, ლარი პეიჯი და სერგეი გრინი, მოკრძალებული – 15 და 12 ათასი მეგობრით – ჩამორჩებიან ცუკერბერგს. თავად იმ ფაქტმა, რომ ცუკერბერგი იმ სოციალურ ქსელში დარეგისტრირდა, რომელმაც მის Facebook-ს თითქმის ღია ბრძოლა გამოუცხადა, ბევრში გამოიწვია გაოცება. თავად მარკი კი ამაში უჩვეულოს და განსაკუთრებულს ვერაფერს ხედავს.

ქართველ მომხმარებლებში პოპულარობით, alexa.com-ის რეიტინგის მიხედვით, პირველ ადგილზე Facebook-ია, თუმცა მას ფეხდაფეხ მოსდევს Google და მისი რამდენიმე პროდუქტი. მიუხედავად უკანასკნელ წლებში ატეხილი Facebook-ის ბუმისა, ზოგიერთისთვის ასე საყვარელი Одноклассники კვლავაც მეხუთე ადგილზეა პოპულარობით. თუმცა Google-ი, სწორი პოლიტიკის წარმართვის შემთხვევაში, როგორც მას ეს არაერთხელ უჩვენებია, თუ ორიოდე ჩავარდნილ პროექტს არ ჩავთვლით, ალბათ მოახერხებს თავისი ახალი პროდუქტის დიდ ორბიტაზე გაშვებას. მრავალფეროვნების მოყვარულ მომხმარებელს კი საშუალება ექნება თავად აირჩიოს, რომელი გიგანტის მომსახურებით ისარგებლებს. თუმცა, პარალელურად ორივე სერვისზე ანგარიშის ქონასაც არაფერი უდგას წინ.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: დავაკავეთ 6 პირი, რომლებმაც საქმის გასარჩევად "კანონიერ ქურდს", ბურდღუნიჩას მიმართეს - VIDEO

კომენტარები