თურქეთში საფეხბურთო სკანდალი გრძელდება

თურქეთში საფეხბურთო კლუბ ტრაბზონსპორის პრეზიდენტი, სადრი შენერი დააკავეს. სამართალდამცველების თქმით, მისი დაკავება ე.წ. ჩაწყობილ მატჩებს უკავშირდება. ადგილობრივი მედიის ცნობით,  თურქეთში გარიგებულ თამაშებთან დაკავშირებული დაპატიმრებების ეს უკვე მეორე ტალღაა.

ამავე საქმესთან დაკავშირებით, 3 ივლისს თურქული საფეხბურთო კლუბების 50-მდე თანამშრომელი დააკავეს. დაკავებების პირველ ტალღაში მოყვა საფეხბურთო კლუბ ფენერბახჩეს პრეზიდენტი აზიზ ილდირიმი. მას უკვე მიუსაჯეს წინასწარი პატიმრობა.

თურქი სამართამდამცველების თქმით, ფენერბახჩეს პრეზიდენტი პირადად მონაწილეობდა გარიგებულ თამაშებთან დაკავშირებული დანაშაულებრივი ჯგუფის შექმნაში. გამომძიებლების განცხადებით, ილდირიმმა ”ზეწოლისა და სხვა უკანონო ქმედებების” მეშვეობით თავის გუნდს გასულ სეზონზე ჩემპიონის ტიტული გაუნაღდა. ფენერბახჩეს პრეზიდენტს 30 წლამდე პატიმრობა ემუქრება. დაუდასტურებელი ინფორმაციით, ”შავ სიაში” კიდევ 20-მდე ადამიანია.

ფებერბახჩეს გულშემატკივრებმა სამართალდამცველების განცხადებებს უნდობლობა გამოუცხადეს. ისინი სტამბოლში პროკურატურის შენობის წინ შეიკრიბნენ და საპროტესტო აქცია გამართეს. ფეხბურთის გულშემატკივრების დასაშლელად პოლიციამ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა.

კომენტარები