საბჭოთა რეპრესიების მსხვერპლი კომპენსაციას მიიღებს

 საბჭოთა რეპრესიების შედეგად დაზარალებულ საქართველოს მოქალაქეებს, სასამართლოს მეშვეობით, ერთჯერადი მატერიალური კომპენსაციის მოთხოვნის უფლება მიენიჭათ. თუმცა, კომპენსაციის მიღების ზუსტი მექანიზმები ბევრისთვის უცნობი დარჩა. ტაბულამ გადაწყვიტა, მკითხველს დაწვრილებით გააცნოს საჭირო პროცედურები.

კომპენსაცია ეხება პირს, რომელმაც რეპრესია განიცადა თავისუფლების აღკვეთის, გადასახლების, გასახლების, სპეციალური დასახლების ადგილას გამწესების, ფსიქიატრიულ დაწესებულებაში იძულებით მოთავსების სახით, ან ვინც გარდაიცვალა პოლიტიკური რეპრესიის შედეგად და აღიარებულია პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად. სასამართლოს თავად რეპრესირებულმა პირმა უნდა მიმართოს. თუ პირი გარდაცვლილია, ფულადი კომპენსაცია შეიძლება მოითხოვონ მისმა პირველი რიგის მემკვიდრეებმა – მშობელმა, მეუღლემ, ან შვილებმა. გამონაკლის შემთხვევაში, თუ პირი რეპრესიების მსხვერპლიც არის და გარდაცვლილი რეპრესირებულის პირველი რიგის მემკვიდრეც – შეუძლია კომპენსაცია რამდენიმე საფუძვლით მოითხოვოს და მეტი თანხაც ერგოს.

კომპენსაციის მაძიებელმა სარჩელი ფინანსთა სამინისტროს წინააღმდეგ უნდა შეიტანოს არაუგვიანეს 2014 წლის 1 იანვრისა. სარჩელს მხოლოდ თბილისის საქალაქო სასამართლო განიხილავს. მისი გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში შეიძლება გასაჩივრდეს, რომლის გადაწყვეტილებაც უკვე საბოლოოა. მომჩივანს საქმის განსახილველად დაწესებული სახელმწიფო ბაჟის გადახდა არ უწევს.
სარჩელს, რეპრესირებულმა პირმა უნდა დაურთოს სასამართლო გადაწყვეტილება პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად აღიარებაზე. მისმა პირველი რიგის მემკვიდრემ კი, სასამართლოს გადაწყვეტილებასთან ერთად, მემკვიდრეობის დამადასტურებელი დოკუმენტი უნდა წარადგინოს. ეს დოკუმენტი სამკვიდრო მოწმობაა. მისი აღება თუ შეუძლებელია, მაშინ მომჩივანმა სარჩელს გარდაცვლილისა და საკუთარი დაბადების მოწმობები უნდა დაურთოს.

თუ პირველი რიგის მემკვიდრე რამდენიმეა, შეუძლიათ, სარჩელი ერთად შეიტანონ. იმ შემთხვევაში კი, თუ ერთი, ან რამდენიმე თმობს, ფულადი კომპენსაციის მოთხოვნის უფლება, მომჩივანს ნოტარიული გარიგების საფუძველზე უნდა გადაეცეს. თუ ასეთი გარიგება ვერ შედგა და არც სარჩელი შეაქვს ყველა მემკვიდრეს, მაშინ სარჩელში სხვა პირველი რიგის მემკვიდრეების ვინაობა და საკონტაქტო ინფორმაცია უნდა მიეთითოს. ზოგადად კი, რამდენიც უნდა იყოს მომჩივანი, მათზე, ყველა შემთხვევაში, ერთიანი კომპენსაცია გაიცემა. კომპენსაციის ოდენობაზე, მემკვიდრეთა რაოდენობა გავლენას არ ახდენს.

თუ პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად აღიარების შესახებ, სასამართლოს გადაწყვეტილებაში, არ არის ზუსტად მითითებული რეპრესიის სიმძიმისა და რეაბილიტაციის შესახებ – საჭირო იქნება სარჩელს დაერთოს ამის შესახებ ცნობა შინაგან საქმეთა, ან ყოფილი უშიშროების სამინისტროს არქივიდან.

კომპენსაციის ზუსტი ოდენობა კანონით არ არის განსაზღვრული. მას სასამართლო ინდივიდუალურად განსაზღვრავს. ის დამოკიდებული იქნება რეპრესიის ფორმაზე – მის სიმძიმესა და ხანგრძლივობაზე. მნიშვნელოვანი ფაქტორია მომჩივანის ასაკი, ჯანმრთელობის მდგომარეობა და სხვა გარემოებები. სარჩელს ამ გარემოებების ამსახველი დოკუმენტაციაც შეიძლება დაერთოს – მაგალითად, ჯანმრთელობის ცნობა, ან სოციალურად დაუცველის მოწმობა.

ფულადი კომპენსაციის მიღების წესი დადგენილია კანონით „საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებისა და რეპრესირებულთა სოციალური დაცვის შესახებ” და საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით.

კომენტარები