შემოსავლებისა და ხარჯების დინამიკა საქართველოს სოფლებსა და ქალაქებში

 საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის 2010 წლის წლიური ანგარიშის თანახმად, შემოსავლები და ხარჯები ქალაქთან შედარებით სოფელში უფრო გაზრდილია: 2009 წელთან მიმართებაში, სოფელში, ქალაქთან შედარებით, ერთ სულზე 1.2-ჯერ, ხოლო ერთ შინამეურნეობაზე – 1.3-ჯერ მეტი საშუალო თვიური შემოსავალი მოდის. ხოლო საშუალო თვიური ხარჯები სოფელში, ვიდრე ქალაქში ერთ სულზე 2.1-ჯერ, ხოლო ერთ შინამეურნეობაზე – 2.8-ჯერ უფრო გაზრდილია.

2010 წელს, მთლიანი მოსახლეობის საშუალო თვიური ხარჯები, 2009 წელთან შედარებით, ერთ შინამეურნეობაზე 4.7%-ით, ხოლო ერთ სულზე 5.8%-ით გაიზარდა. საშუალო თვიური ხარჯების ძირითადი წყარო სამომხმარებლო ფულადი ხარჯებია. 2009 წელთან შედარებით ეს მაჩვენებელი 1.7%-ით შემცირდა და 70% შეადგინა. 2010 წელს საშუალო თვიური ხარჯი ერთ შინამეურნეობაზე 581.5 ლარი, ხოლო ერთ სულზე – 159.5 ლარი იყო.

2010 წლის წლიური მონაცემების მიხედვით, საქართველოს მოსახლეობა 4.4 მილიონია, რაც 2009 წელთან შედარებით, 51 ათასი ადამიანით მეტია. 2010 წლის წლიური მონაცემების მიხედვით, ქალაქის მოსახლეობა 2.4 მილიონია. ეს მთლიანი მოსახლეობის 53%-ია. ხოლო სოფლის მოსახლეობა – 2.1 მილიონი – მთლიანი მოსახლეობის 47%-ის ტოლია. 2009 წელთან შედარებით, ეს მაჩვენებლები ქალაქში – 41.4 ათასი ადამიანით, ხოლო სოფელში – 9.6 ათასი ადამიანით გაზრდილია.

შარშან ქალაქის მოსახლეობის საშუალო თვიური ხარჯები ერთ სულზე 176.2 ლარი იყო, ხოლო ერთ შინამეურნეობაზე – 632.5 ლარი. 2009 წელთან შედარებით ეს მაჩვენებლები, შესაბამისად, 3.9%-ით და 2.6%-ით გაიზარდა.

 ქალაქის მოსახლეობის სამომხმარებლო ფულადი ხარჯების პროცენტულ განაწილებაში ყველაზე დიდი წილი – 38.8% – სურსათის, სასმელისა და თამბაქოს ნაწარმის კატეგორიაზე მოდის, ხოლო ყველაზე ნაკლები – 3.6% თითოეულზე – ორ კატეგორიაზე: ტანსაცმელი და ფეხსაცმელი, და საოჯახო მოხმარების საქონელი. ქალაქის მოსახლეობის სამომხმარებლო ფულად ხარჯებში სათბობსა და ელექტროენერგიაზე დახარჯული თანხა – 12.4%-ს, ხოლო ჯანდაცვაზე – 9.2%-ს შეადგენს.

სოფლის მოსახლეობის საშუალო თვიური ხარჯები ერთ სულზე, 2010 წელს, 143.2 ლარი, ხოლო ერთ შინამეურნეობაზე – 530.3 ლარი გახლდათ. 2009 წელთან შედარებით ეს მაჩვენებლები, შესაბამისად, 8.2%-ით და 7.4 %-ით გაიზარდა.

შარშან სოფლის მოსახლეობის სამომხმარებლო ფულადი ხარჯების პროცენტულ განაწილებაში ყველაზე დიდი წილი – 45.9% – სურსათის, სასმელისა და თამბაქოს ნაწარმის კატეგორიაზე მოდის, ხოლო ყველაზე მცირე – 2.2% – განათლების, კულტურისა და დასვენების კატეგორიაზე. სოფლის მოსახლეობა ჯანდაცვაზე თანხის 11.4%-ს ხარჯავს, ხოლო სათბობსა და ელექტროენერგიაზე – 10.5%-ს.

 მთლიანი მოსახლეობის თვიური შემოსავლები როგორც ერთ სულზე, ისე ერთ შინამეურნეობაზე, საშუალოდ, 2-ჯერ ზრდის ტენდენციას აჩვენებს. საშუალო თვიური შემოსავლების ძირითადი წყარო, 2010 წელს, ფულადი შემოსავლები და ტრანსფერტებია. ეს მაჩვენებელი წინა წელთან შედარებით 0.3%-ით შემცირდა და 74%-ია. 2010 წელს საშუალო თვიურმა შემოსავლებმა ერთ შინამეურნეობაზე 651.2 ლარი შეადგინა, ხოლო ერთ სულზე – 178.6 ლარი. 2002 წლის შემდეგ, საშუალო თვიური შემოსავლები, ერთ სულზე უფრო მაღალი მაჩვენებლით, მხოლოდ 2008 წელს გაიზარდა.

შარშან ქალაქის მოსახლეობის საშუალო თვიური შემოსავლები, ერთ სულზე 204.5 ლარი იყო, ერთ შინამეურნეობაზე კი – 733.8 ლარი. 2009 წელთან შედარებით ეს მაჩვენებლები, შესაბამისად, 14.2%-ით და 12.6%-ით გაიზარდა.

 ქალაქის მოსახლეობის ფულადი შემოსავლებისა და ტრანსფერტების პროცენტულ განაწილებაში უდიდესი წილი – 51.2% – დაქირავებული შრომიდან მიღებულ შემოსავალზე მოდის, ხოლო უმცირესი – 0.9% – სოფლის მეურნეობის პროდუქტების გაყიდვიდან მიღებულ შემოსავალზე. ქალაქის მოსახლეობისთვის გაცემული პენსიების, სტიპენდიებისა და დახმარების წილი 12.3%-ია.

იმავე პერიოდში სოფლის მოსახლეობის საშუალო თვიური შემოსავლები, ერთ სულზე 153.4 ლარია, ხოლო ერთ შინამეურნეობაზე – 568.1 ლარი. 2009 წელთან შედარებით ეს მაჩვენებლები, შესაბამისად, 17.6%-ით და 16.7%-ით გაზრდილია.

სოფლის მოსახლეობის ფულადი შემოსავლებისა და ტრანსფერტების პროცენტულ განაწილებაში, უდიდესი წილი – 27.5% – დაქირავებული შრომიდან მიღებულ შემოსავალზე, უმცირესი კი – 0.6% – ქონებიდან მიღებულ შემოსავალზე მოდის. სოფლად მცხოვრები მოსახლეობისთვის გაცემული პენსიების, სტიპენდიებისა და დახმარებების წილი – 25.8%-ია, სოფლის მეურნეობის პროდუქციის გაყიდვიდან, 2010 წელს სოფლის მოსახლეობამ – 19.9% მიიღო.

 ამდენად, ქალაქთან შედარებით, სოფელში დაქირავებული შრომიდან, თვითდასაქმებიდან, ქონებიდან, უცხოეთიდან მიღებული გზავნილებიდან მიღებული შემოსავალი, საშუალოდ, 1.4-ჯერ ნაკლებია, ხოლო შემოსავალი – სოფლის მეურნეობის პროდუქციის გაყიდვის, პენსიების, სტიპენდიებისა და დახმარებების და საჩუქრად მიღებული ფულის სახით – საშუალოდ, 8.4-ჯერ მეტი. ტანსაცმელსა და ფეხსაცმელზე, ორივე – ქალაქისა და სოფლის – მოსახლეობა თანაბრად, სამომხმარებლო ფულადი ხარჯების 3.6%-ს ხარჯავს.

ქალაქისგან განსხვავებით, სოფლის მოსახლეობას სურსათზე, სასმელზე, თამბაქოს ნაწარმზე, საოჯახო მოხმარების საქონელსა და ჯანდაცვაზე, საშუალოდ, 1.2-ჯერ მეტი თანხა, ხოლო განათლებაზე, კულტურაზე, დასვენებაზე, ტრანსპორტზე, გათბობასა და ელექტროენერგიაზე – საშუალოდ, 2.2-ჯერ ნაკლები ეხარჯება.

კომენტარები