ვოლგაში გემის ჩაძირვის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 100-ს მიაღწია

ოფიციალური მონაცემებით, მდინარე ვოლგაში თბომავალი გემის ჩაძირვის შედეგად დაღუპული ადამიანების რიცხვმა 100-ს მიაღწია. თათარსტანის ჯანმრთელობის სამინისტროს მონაცემებით, ნათესავებმა უკვე ამოიცნეს 87 გარდაცვლილი, მათ შორის 18 ბავშვი.  ოფიციალური პირების თქმით, მაშველები განაგრძობენ ჩაძირული გემიდან ადამიანების ამოყვანას. სამაშველო სამუშაოებს ძლიერი წვიმა და დიდი ტალღები აფერხებს. მიუხედავად ამისა, სამაშველო ჯგუფებმა მაინც შეძლეს გემის უმეტესი ნაწილის ნახვა და იქიდან მგზავრების და ეკიპაჟის წევრების ამოყვანა.

გემი, რომელსაც დაახლოებით 209 ადამიანი გადაჰყავდა, ვოლგაზე, კუიბიშევის წყალსაცავში კვირას ჩაიძირა. მაშველებმა 79 ადამიანის გადარჩენა შეძლეს. ოფიციალური ინფორმაციით, გარდაცვლილთა უმეტესობა ქალები და ბავშვები არიან. კატასტროფის დროს გემზე 98 ქალი იმყოფებოდა, მათ შორის 26-ის გადარჩენა მოხერხდა. ბორტზე მყოფი 56 მამაკაციდან 45 გადაარჩინეს, ხოლო 44 ბავშვიდან მხოლოდ 14 გადარჩა.

ჯერჯერობით უცნობია, თუ რა გახდა გემის ჩაძირვის ზუსტი მიზეზი. თუმცა, სპეციალისტები ერთ-ერთ სავარაუდო მიზეზად თბომავალის გადატვირთულობას ასახელებენ. მათი თქმით, გემით მხოლოდ 140 მგზავრის გადაყვანა იყო ნებადართული, თუმცა 10 ივლისს ბორტზე გაცილებით მეტი ადამიანი იმყოფებოდა. ამავე დროს, თბომავალის ჩაძირვის ერთ-ერთ მიზეზად გემის ტექნიკურ გაუმართავობასაც ასახელებენ. 

კომენტარები