ესტონეთმა რუს ბლოგერს პოლიტიკური თავშესაფარი მისცა

რუს მუსიკოსს და ბლოგერს, სავა ტერენტევს, რომელსაც რუსეთში სამი წლის წინ “მილიცილებისადმი სიძულვილის გაღვივების” ბრალდებით ერთი წლით პირობითი თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს,  ესტონეთმა პოლიტიკური თავშესაფარი მისცა. ტერენტევმა ჟურნალისტებს განუცხადა,  რომ მისთვის პოლიტიკური დევნილის სტატუსის მინიჭების გადაწყვეტილება  ესტონეთის პოლიციამ და სასაზღვრო დეპარტამენტმა მიიღო.  12 ივლისს  დეპარტამენტის საერთაშორისო დაცვის სამსახურის უფროსმა მას შესაბამისი დოკუმენტები გადასცა.

ბლოგერის მეუღლემ და მცირეწლოვანმა შვილმა, რომელიც ესტონეთში დაიბადა, ასევე მიიღეს ესტონეთში ცხოვრების უფლება   პოლიტიკური დევნილის ოჯახის წევრების სტატუსით. ”ყველაფერი იმით დამთავრდა, რომ მე ევროპაში ცხოვრების უფლება მოვიპოვე და თავისუფლად შემიძლია გადაადგილება, როგოც დსთ-ს ისე ევროპის სივრცეში,” განაცხადა ბლოგერმა.

ტერენტევთან დაკავშირებული სკანდალი 2007 წელს დაიწყო. მან რუსეთში პოპულარულ სოციალურ ქსელ  Livejournal-ში  თავის ნაცნობი ბლოგერის გვერდზე რუსეთის მილიციას და შსს-ს თანამშრომლებს ”მკვლელები და ყაჩაღები”  უწოდა.  „ისინი ქალაქ სიკტივკარის ცენტრალურ მოედანზე საჯაროდ უნდა დაწვა,“ წერდა ტერენტევი.  2008 წელს  სიკტივკარის რაიონულმა სასამართლომ  მილიციელების მიმართ სიძულვილისა და  მტრობის გაღვივებისთვის, ასევე ადამიანის ღირსების შელახვისთვის მას ერთი წლით პირობითი თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

ტერენტევის თქმით, ამ განაჩენის შემდეგ „შელახული რეპუტაციის გამო” სიკტივკარში მისთვის ყველა დაწესებულების კარი დაიხურა. ”არათუ ნორმალურს, არამედ ვერანაირ სამსახურს ვერ ვშოულობდი,” განაცხადა ბლოგერმა.  ტერენტევმა აღნიშნა, რომ არ აპირებს რუსეთში დაბრუნებას და არ ნანობს, რომ სამშობლოდან წავიდა.

სასამართლოს გადაწყვეტილება ბლოგერს ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში აქვს გასაჩივრებული, თუმცა ევროსასამართლოს მისი სარჩელი ჯერ არ განუხილავს. 

კომენტარები