კოკოითის თამაშები

REUTERS
ცხინვალის რეჟიმის ლიდერმა რეფერენდუმი დანიშნა – რეგიონის მოსახლეობამ უნდა უპასუხოს, სურს თუ არა, რუსულ ენას სამხრეთ ოსეთში სახელმწიფო სტატუსი მიენიჭოს. რეფერენდუმი 11 სექტემბერს გაიმართება.

რუსულ ენას ცხინვალის რეგიონში „ოფიციალურის” სტატუსი აქვს. სახელმწიფო ენა ოსურია, თუმცა საქმეთა წარმოება რუსულად მიმდინარეობს. ამ საკითხის წამოწევა ედუარდ კოკოითისთვის მნიშვნელოვანი გეგმის ნაწილი გახდა.

4 მაისს, „თავდაცვის მინისტრის” მოადგილემ იბრაგინ გასეევმა ძირითადად ძალოვანი სტრუქტურების თანამშრომლებისგან შემდგარი „მოსახლეობის საინიციატივო ჯგუფის” სახელით განცხადება გააკეთა. იგი ედუარდ კოკოითისათვის მესამე ვადით არჩევის უფლების მინიჭების თაობაზე ხელმოწერების შეგროვებას გეგმავდა. თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პრეზიდენტს მეორე ვადა ნოემბერში ეწურება. „კონსტიტუცია” მას მესამედ კენჭისყრის უფლებას არ აძლევს.

კოკოითიმ განაცხადა, რომ მესამე ვადით დარჩენას არ გეგმავს. თუმცა, „ხალხს აზრის გამოთქმას ვერ აუკრძალავს”.

14 ივნისს „საინიციატივო ჯგუფმა” თვითგამოცხადებული რესპუბლიკის უზენაეს სასამართლოს მიმართა და რეფერენდუმზე რუსული ენის სტატუსისა და პრეზიდენტისთვის მესამე ვადით კენჭისყრის უფლების საკითხების დაყენება მოითხოვა. პირველი კითხვა სასამართლომ მისაღებად მიიჩნია, მეორე კი პარლამენტის კომპეტენციად გამოაცხადა.

15 ივნისს თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პარლამენტში ძალოვანი სტრუქტურების ორასამდე შეიარაღებული თანამშრომელი შეიჭრა. მათ დეპუტატებისგან მესამე ვადის საკითხის სასწრაფოდ განხილვა მოითხოვეს.

არაოფიციალური ცნობებით, კოკოითის მხარდამჭერებმა პარლამენტის ბლოკირება მოახდინეს და დეპუტატებზე ზეწოლას ახორციელებდნენ.

პარლამენტარები ზეწოლას არ დაემორჩილნენ. ედუარდ კოკოითი იძულებული გახდა, დაეგმო თავისი მომხრეების საქციელი და პროკურატურისთვის დამნაშავეთა დასჯა დაევალებინა.

პარლამენტისა და სასამრთლოს „სიმტკიცის’’ მიზეზი მოსკოვის პოზიციაში მდგომარეობს. გასულ წელს რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა სერგეი ნარიშკინმა არაორაზროვნად განაცხადა, რომ არჩევნები სამხრეთ ოსეთში „მოქმედ კონსტიტუციასთან სრულ შესაბამისობაში” უნდა ჩატარდეს.

მოქმედი ლიდერის ქმედებები მიუთითებს, რომ იგი ძალაუფლების დათმობას არ აპირებდა. კოკოითიმ სრულად გაწმინდა რეგიონი პოლიტიკური ოპოზიციისგან. დღესთვის მას ცხინვალში არც ოპონენტი ჰყავს და არც გამოკვეთილი მემკვიდრე, ვისაც ძალაუფლებას გადააბარებდა.

საზოგადოებაში რეჟიმით უკმაყოფილება იზრდება. პირველ რიგში, ეს რუსეთის მიერ ცხინვალისთვის გამოყოფილ თანხებს უკავშირდება. „რესპუბლიკის” ბიუჯეტი ფაქტობრივად რუსული დოტაციებით ივსება. ბოლო სამ წელიწადში, მოსკოვმა ადგილობრივ რეჟიმს საცხოვრებლებისა და ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციისთვის მილიარდ დოლარზე მეტი გამოუყო. თანხის უდიდესი ნაწილი გამქრალია.

ცხინვალში ფიქრობენ, რომ კოკოითის პარლამენტზე რაიმე სახით ზეგავლენის მოხდენისა და რეფერენდუმზე მისთვის სასურველი კითხვის დამატების იმედი დაკარგული არ უნდა ჰქონდეს. მოსკოვის პოზიცია მომავალ კანდიდატზე გამოკვეთილი არ არის. კრემლი, როგორც მის მიერ აღიარებულ „დამოუკიდებელ სახელმწიფოში” დემოკრატიული პროცესის იმიტაციით, ასევე კორუფციულ სქემებზე სრული კონტროლით არის დაინტერესებული.

ზოგიერთი ექსპერტი ვარაუდობს, რომ სინამდვილეში კოკოითი რთულ თამაშს თამაშობს და ცდილობს კრემლს მემკვიდრის დანიშვნის უფლება გამოსტყუოს. მემკვიდრეობის შესაძლო კანდიდატებს შორის „რუსეთში სამხრეთ ოსეთის ელჩს”, დმიტრი მედოევსა და ახლანდელ გენპროკურორს, თეიმურაზ ხუგაევს ასახელებენ.

კომენტარები