ევროკავშირი რელიგიური ჯგუფების სტატუსზე კანონს მიესალმა

ევროკავშირის წევრი ქვეყნების მისიების ხელმძღვანელები საქართველოში მიესალმნენ პარლამენტის მიერ დამტკიცებულ ცვლილებებს სამოქალაქო კოდექსში, რომელიც საქართველოში არსებულ რელიგიურ ჯგუფებს საჯარო სამართლის იურიდიული პირის სტატუსით დარეგისტრირების საშუალებას აძლევს. ”რწმენის თავისუფლება ადამიანის ფუნდამენტური უფლება და  მთავარი ევროპული ღირებულებაა,” წერია საქართველოში ევროკავშირის ელჩის, ფილიპ დიმიტროვის განცხადებაში. განცხადება დიმიტროვმა საქართველოში აკრედიტებული ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩების სახელით გააკეთა. ”ჩვენ ასევე მივესალმებით საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პოზიციას, რომელიც მხარს უჭერს კანონის წინაშე ყველა რელიგიური აღმსარებლობის თანასწორობას, რაც წმინდა სინოდის ამასწინანდელ დადგენილებაშია ასახული,” ვკითხულობთ დიმიტროვის განცხადებაში.

რელიგიურ უმცირესობათა იურიდიული სტატუსის შესახებ მიღებული კანონი დადებითად შეაფასა ევროსაბჭოს გენერალური მდივნის მოადგილემ, მოდ დე ბურ-ბუკიკიომაც. 11 ივლისს საინფორმაციო სააგენტო Civil.ge-სთვის გაგზავნილ განცხადებაში ბუკიკიომ საკანონმდებლო ცვლილებას ”მნიშვნელოვანი და პროგრესული” ნაბიჯი უწოდა.

”მივესალმები სამოქალაქო კოდექსში ცვლილებებს, რომელიც რელიგიური ჯგუფების დარეგისტრირების ნებას იძლევა,” ციტირებს Civil.ge ევროსაბჭოს გენერალური მდივნის მოადგილეს ”ეს არის მნიშვნელოვანი და პროგრესული ნაბიჯი, რომელიც უზრუნველოფს უფრო ღია და ტოლერანტულ მიდგომას რელიგიური რწმენის პრაქტიკის მიმართ საქართველოში.” მისი თქმით, ახლადმიღებული საკანონმდებლო ცვლილებები უფრო ”მყარ საძირკველს” შექმნის აზრის, სინდისის და რელიგიის თავისუფლების კუთხით.

კომენტარები