ქსენოფობია და ეთნოკონფლიქტები

5 ივლისს მიღებული საკანონმდებლო ცვლილებების შემდეგ, რომელმაც რელიგიური უმცირესობების იურიდიული სტატუსი მართლმადიდებელი ეკლესიისას გაუთანაბრა, სასულიერო დასი სომხურ გამარჯვებაზე ალაპარაკდა. მართლმადიდებელი ეკლესია იეჰოვას მოწმეების, ბაპტისტების, კათოლიკეებისა თუ მუსლიმებისთვის სსიპ-ის სტატუსზე აქცენტს არ სვამს. სამაგიეროდ, სომხური ეკლესიისთვის ამგვარი შესაძლებლობის მიცემას ნელი მოქმედების ბომბს უწოდებს.

„როცა სომხებს უჭირდათ, ჩვენ მუდამ ვეხმარებოდით და როცა ჩვენ გვიჭირდა, ისინიც გვეხმარებოდნენ. ეს კანონი იმდენად რთული და საპასუხისმგებლოა, რომ შეიძლება ბოროტად იქნას გამოყენებული. როდესაც ამბობენ, ეკლესია სახელმწიფოს საქმეში რატომ ერევაო, მინდა გითხრათ, რომ ეს არ არის მხოლოდ სახელმწიფოს საქმე, ეს არის საკითხი, რომელიც შეეხება მთელს ჩვენს ერს, ეკლესიას და განსაკუთრებით სახელმწიფოს”, – ამბობს ილია მეორე და პასუხისმგებლობას მიხეილ სააკაშვილს აკისრებს. პატრიარქი არ განმარტავს, კერძოდ რისი უნდა გვეშინოდეს ან რა არის საპასუხისმგებლო უმცირესობებისთვის ნომინალური სტატუსის მინიჭებაში. პრობლემა სწორედ მისი ბუნდოვანი განცხადებებია: ისინი მრავალ, მათ შორის ქსენოფობიური ინტერპრეტაციის საშუალებას ტოვებს.

სიტუაციის ეთნიკურ-რელიგიურ საფუძველზე გადატანა, რბილად რომ ვთქვათ, არასასურველი გზაა. ეკლესიის განცხადებების მიხედვით, თითქოს სომხური ძალა ქართულ სახელმწიფოს, საზოგადოებასა და მათ ფუნდამენტს – მართლმადიდებელ ეკლესიას ამარცხებს. და არა მხოლოდ ამარცხებს, არამედ ამით ხარობს კიდეც. ამგვარი იყო ტელეკომპანია მაესტროს ეთერში დმანელი ეპისკოპოსის, ზენონ იარაჯულის განცხადება, რომელიც სომხეთში ქართული თემის ხელმძღვანელად ითვლება: „ხელისუფლების ქმედებით გამარჯვებული აღმოჩნდა გარეგინ მეორე, სომხურ პოზიციას და მოსაზრებას თუ გამოვიყენებთ, და მე მინდა გითხრათ, რომ დამარცხებული ქართული ეკლესია არც საქართველოში ვიქნებით და არც არსად”. მეუფე ზენონის ამ და სხვა განცხადებებმა, სადაც ის სომხების მტრულ ბუნებაზე საუბრობდა, ყველა ჯურის არმენოფობს კონსპირაციის თეორიის შექმნის კიდევ ერთი საშუალება მისცა.

რელიგიასთან დაკავშირებით, სახელმწიფოს დამოუკიდებელი გადაწყვეტილებების მიღებას, მართლმადიდებელი ეკლესია ხშირად კონფლიქტის გაჩენის არგუმენტით ეწინააღმდეგება. თუმცა, უმთავრესად შეუწყნარებლობის ინსპირატორად თვითონ იქცევა. სასულიერო პირების განწყობის საილუსტრაციოდ, სამების საკათედრო ტაძრის დიაკვნის, მამა ელიზბარ დიაკონიძის განცხადებაც კმარა: „მოგეხსენებათ, ისტორიულად სომხეთში, გრიგორიანელობის გარდა, სხვა კონფესია ვერ ბოგინობდა. ეს გამოწვეული იყო და დღემდე გამოწვეულია მათივე მყრალი სულიერი თუ ფიზიკური ცხოვრებიდან. წმინდა ბასილი დიდი ამბობდა: „ნათესავი სომეხთა მსგავს არს კლდისა წყლისა ქვეშესა!”

ჩვენს საზოგადოებაში, სამწუხაროდ, ჯერაც არსებობს ქსენოფობიური განწყობები – განსაკუთრებით სომხების მიმართ. შესაბამისად, ღვთისმსახურების არმენოფობიური განცხადებები, პრობლემური არა მხოლოდ თავისი შეუწყნარებელი არსითაა. ოკუპანტი ქვეყანა, რომელიც ქართული პოლიტიკური კარიკატურების დაფინანსებაშიც კი იმედს აქსოვს, ეთნოკონფლიქტის ინსპირირების მადას, თანამედროვე საქართველოშიც არ კარგავს.

ქვეყნის 6% ეთნიკურად სომეხია. აქედან აბსოლუტური უმრავლესობა თავს სომხეთის სამოციქულო ეკლესიის წევრად თვლის. ისინი ქვეყანაში კომპაქტურად არიან დასახლებული. საპატრიარქო კი ყველაზე მძლავრი და ავტორიტეტული ინსტიტუტია ქვეყანაში, ის საზოგადოების უდიდესი ნაწილის მხარდაჭერითა და ნდობით სარგებლობს. ეკლესიის ამბიონიდან ხმა ყველგან ისმის, ამ ხმას ენდობიან და უსმენენ – მოსკოვს პროპაგანდისთვის უკეთესი საშუალების პოვნა გაუჭირდება. სომხურ და ქართულ საზოგადოებაში არსებულ ფუნდამენტალისტურ და შოვინისტურ საეკლესიო წრეებს კრემლი კვებავს. შესაბამისად, იერარქთა ყოველი უპასუხისმგებლო და მერკანტილური რიტორიკა, ეთნიკური კონფლიქტის საფრთხეს აჩენს. არ არის გამორიცხული, რუსეთი სწორედ ფანატიკური წრეების დაპირისპირებით შეეცადოს დიდი ეთნოკონფლიქტის მოდელირებას.

წარსულში, 90-იან წლებში, კრემლის პროვოკაციებს სახელმწიფომ ვერ გაუძლო და კონფლიქტი სავალალოდ დაგვირგვინდა. თუმცა მაშინ მოსკოვმა მიზანს სახელმწიფოს სისუსტის გამო მიაღწია. დღეს ხელისუფლების აყოლიება რთულია, ხოლო ოპოზიცია სუსტი. შესაბამისად, არსებულ წესრიგს მეტი დრეკადობა გააჩნია და მისი დამსხვრევა ადვილი არ არის. რასაკვირველია, საპატრიარქოს უფლება აქვს, მისი მოთხოვნები და პრეტენზიები დაუსაბუთებელი და გაუგებარი იყოს. თუმცა, ამავე დროს, ჩვენც გვაქვს უფლება, ის უპასუხისმგებლობად შევაფასოთ.

კომენტარები