ევროპის ლიგაზე მოგების გარეშე

უეფას ჩემპიონთა ლიგაზე ზესტაფონის კარგად დაწყებული საქმე, ევროპის ლიგაზე მოასპარეზე ქართულმა გუნდებმა ვეღარ განაგრძეს. გუშინ გამართული სამი შეხვედრიდან მატჩის ფრედ დასრულება მხოლოდ რუსთავის მეტალურგმა მოახერხა, ისიც სახლში ყაზახურ ირტიშთან - 1:1. გასვლაზე მოთამაშე თბილისის დინამომ მოულოდნელად წააგო ნახევრადსამოყვარულო უელსურ ლანელისთან 1:2, ხოლო ევროთასების დებიუტანტმა, საქართველოს თასის მფლობელმა გაგრამ  მოლოდინისამებრ ვერაფერი გააწყო კვიპროსში ანორთოსისთან და 0:3 დამარცხდა. მოგების ყველაზე კარგი შანსი რუსთავის მეტალურგს ჰქონდა. უბრალოდ ამ გუნდმა ვერაფრით მოახერხა მეტოქის კართან შექმნილი უამრავი მომენტის გამოყენება. ერთადერთი, გუნდის კაპიტნის კვახაძის გოლიც გარკვეულწილად კურიოზული გამოვიდა. თუმცა ზუსტად 5 წუთში შუააზიელებმა ანგარიში გაათანაბრეს და საბოლოო შედეგი დააფიქსირეს. ჯერჯერობით ერთი რამის თქმა შეიძლება, რუსთაველები ვერ აჩვენებენ ხარისხიან ფეხბურთს, ხშირად რამდენიმე ზუსტი გადაცემის შესრლებაც კი პრობლემაა. სამწუხაროდ ეს არა მხოლოდ ამ გუნდისთვისაა პრობლემა. ასეთივე სირთულე ჰქონდა გაგრასაც და თბილისის დინამოსაც.

სწორედ თბილისის დინამოსაგან მოელოდა ქართველი გულშემატკივარი გამარჯვებას. ამის მიუხედავად, საქართველოს ყველაზე ტიტულოვანმა გუნდმა ყველაფერი გააკეთა მოყვარულ უელსელებთან წასაგებად. აშკარად იგრძნობა, რომ მთავარი მწვრთნელი ცდილობს ახალი მონახაზით ათამაშოს გუნდი, ამისათვის კი ჯერ საკმარისი დრო არ ჰქონდა და ეს თამაშის ხარისხზეც აისახება. გუშინდელ დაპირისპირებაში ლანელისთან ორი ადამიანის გამორჩევა შეიძლება დინამოელთაგან - ესპანელი ახალწვეული ჩისკო და მეკარე გიორგი ლორია. ეს უკანასკნელი რომ არა, ანგარიშში სხვაობა გაცილებით სოლიდური იქნებოდა. უელსელთა ფეხბურთელმა ჯორდან ფოლოუსმა დუბლის შესრულება მოახერხა. თბილისელთაგან გოლის გატანა დავით ოდიკაძემ შეძლო 11-მეტრიანი დარტყმით.

რაც შეეხება გაგრას. ახალგაზრდა ფეხბურთელებით დაკომპლექტებული გუნდი მოედანზე თავიდანვე დაკომპლექსებული გავიდა. ეს ყველაფერი თამაშის ხარისხსა და შედეგზეც ზუსტად აისახა და კვიპროსელებმა 3:0 გაიმარჯვეს.

ამ ეტაპზე ნაჩვენები თამაშიდან გამომდინარე სამი ქართული გუნდიდან ევროპის ლიგის მესამე საკვალიფიკაციო რაუნდში გასვლის ყველაზე კარგი შანსი თბილისის დინამოს აქვს. ალექს გარსიას ფეხბურთელებს სახლში მინიმალური სხვაობით მოგებაც აწყობთ. ბრძოლის შემთხვევაში შანსები მიეცემა რუსთავის მეტალურგსაც. აქაურ მატჩში ყაზახურ ირტიშს განსაკუთრებული შთაბეჭდილება არ მოუხდენია. გაგრას კი ყველაზე ცუდად აქვს საქმე.

ევროპის ლიგის მეორე საკვალიფიკაციო რაუნდი, პირველი მატჩი

რუსთავის მეტალურგი - ირტიში 1:1

გოლები: 1:0 კვახაძე (73 წთ.), 1:1 დასკალოვი (78)

მეტალურგი: ბედიაშვილი, მახვილაძე, კვახაძე, ორბელაძე, ჯაფარიძე, რაზმაძე, მაისურაძე, მიქაბერიძე, გეწაძე (ქავთარაძე 78 წთ.), ქობალია (ტატანაშვილი 64 წთ.), მოდებაძე

ირტიში: ცირინი, ჩერნიშოვი, კულიბალი, ტლეშევი (მალცევი 46 წთ.), დანაიევი, ივანოვი, ბალაჟიჩი, სიმინიდი (ზარეჩნი 69 წთ.), დასკალოვი, გოვედარიცა, სერგიენკო (ასანბავიევი 87 წთ.)

 

ევროპის ლიგის მეორე საკვალიფიკაციო რაუნდი, პირველი მატჩი

ლანელი - დინამო 2:1

გოლები: 1:0 ფოლოუსი (8 წთ.), 2:0 ფოლოუსი (51), 2:1 ოდიკაძე (81, პენ.)

ლანელი: მორისი, ტომასი (ლეგი 67 წთ.), ს. ჯოუნზი, შურმანი, კორბისიერო, ბოუენი, ფოლოუსი (რ. ჯოუნსი, 72), ევანსი, უილიამსი, ბონდი, გრისტი (ბეტილი, 89)

დინამო: ლორია, ოდიკაძე, კაკუბავა, ჰომოლა, რეხვიაშვილი, კვეკვესკირი, ჯიღაური (თექთურმანიძე, 65), კოტო (ლექვთაძე, 57), კოშკაძე, ჩისკო, კახელიშვილი (იაგუე, 70)

 

ევროპის ლიგის მეორე საკვალიფიკაციო რაუნდი, პირველი მატჩი

ანორთოსისი - გაგრა 3:0

გოლები: 1:0 ვუჩიკევიჩი (8 წთ.), 2:0 რეჟეკი (35), 3:0 რეჟეკი (71)

ანორთოსისი: კოზაჩიკი, ტომაშიჩი, სპროკელი, კოლინი, ლეივაკაბესი, ოკასი (ანდიჩი, 88 წთ.), ჟანისიო, ვუჩიკევიჩი, რეჟეკი, ლაბორდე (სიელისი, 65), რონკატო (ლაბანი, 37)

გაგრა: სეფიაშვილი, სიჭინავა (კობერიძე, 60), ტყეშელაშვილი, კალანდაძე, ხურციძე, ჯიშკარიანი, ჩხეტიანი, ნაკონეჩნი (გაბედავა, 67), შარიქაძე (ჭკუასელი, 86), ორდინსკი, კვანტალიანი

კომენტარები