თბილისში 36 ახალი მიკროავტობუსი შემოვიდა

კომპანია ”თბილისის მიკროავტობუსის” ცნობით, დედაქალაქში 2011 წელს გამოშვებული „ფორდის“ მარკის ახალი სამარშრუტო ტაქსები  გამოჩნდნენ. პირველ ეტაპზე, ახალი სამარშრუტო ტაქსები #4 სამარშრუტო ხაზზე მოძრაობენ. ამ ხაზზე დღეს 36 ახალი სამარშრუტო ტაქსი გავიდა.  კომპანია თბილისის მიკროავტობუსის ინფორმაციით, უახლოეს მომავალში ქალაქში არსებულ სხვა ხაზებზე მოძრავი ძველი მიკროავტობუსებიც ახალი მანქანებით შეიცვლება.

თბილისის მერიის ინფორმაციით, ახალი მიკროავტობუსებით პირველი მგზავრობა 80 თეთრი, მომდევნო მგზავრობების ღირებულება კი 65 თეთრი იქნება. სოციალურად დაუცველი მოქალაქეები  მგზავრობის ღირებულების ნახევარს გადაიხდიან. თანხის დარჩენილ ნაწილს კი მერია დაფარავს. მიკროავტობუსებში მგზავრები გადახდის ტრადიციული სისტემიდან თანამედროვე საბარათე სისტემაზე გადავლენ. ახალ მიკროავტობუსებში თითოეული მძღოლი და მგზავრი დაზღვევით ისარგებლებს. ახალი მანქანები აღჭურვილია კონდიცირების სისტემით, სავარძლებს შორის დაშორება კი 65 სანტიმეტრია.

საინფორმაციო სააგენტო ინტერპრესნიუსის ცნობით,  მგზავრებმა რომლებმაც უკვე ისარგებლეს "ფორდის" მარკის ახალი სამარშრუტო ტაქსებით, განაცხადეს რომ კომფორტი და უსაფრთხოება მისასალმებელია, თუმცა მათი უმრავლესობა უკმაყოფილოა  გაზრდილი ტარიფის გამო.  ახალ ფასთან დაკავშირებით უკმაყოფილების მძღოლებიც გამოთქვამენ, თუმცა ამბობენ, რომ მათთვის მუშაობა ბევრად უფრო კომფორტული გახდა და ანაზღაურებითაც კმაყოფილნი არიან  - მძღოლების განცხადებით მათ დამქირავებელი კომპანია დღეში 40 ლარს უხდის.

გასულ თებერვალს თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ, მამუკა ახვლედიანმა საკრებულოს სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ  თბილისში ახალი სამარშრუტო ტაქსებით მგზავრობა არ გაძვირდებოდა.  „სატენდერო პირობების თანახმად, მგზავრობის საფასური არც ერთი თეთრით არ გაიზრდება, რაც თითოეული თბილისელისთვის ძალიან მნიშვნელოვანია," თქვა მან. ახვლედიანის ეს განცხადება  თბილისის საკრებულოს ოფიციალურ ვებ გვერდზეა გამოქვეყნებული.

სატრანსპორტო კომპანია "თბილისის მიკროავტობუსი" 2010 წელს თბილისის მერიის მიერ გამოცხადებულ კონკურსში გამარჯვებულ ოთხ კომპანიას უწევს მმართველობას და 2012 წლის იანვრამდე ქალაქში არსებულ ყველა სამარშრუტო ტაქსს ახალი მანქანებით ჩაანაცვლებს. კომპანიამ ვალდებულება აიღო დაასაქმოს ყველა ის მძღოლი, რომელიც ამ სფეროში დიდი ხნის მანძილზე მუშაობდა.  

კომენტარები