გადასახადისგან თავისუფალი ვაჭრობა უცხოელი მოქალაქეებისთვის

საქართველოში, უახლოეს მომავალში სავაჭრო ობიექტები გამოჩნდება, რომელთაც წინა ფასადზე ორენოვანი წარწერა ექნებათ: გადასახადისგან თავისუფალი ვაჭრობა/Tax Free Shopping. ამ სავაჭრო ობიექტებში ყველა, ვისაც უცხო ქვეყნის მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტი აქვს, ერთი ქვითრით 200 ლარზე მეტი ჯამური ღირებულების საქონლის შეძენის შემთხვევაში, დღგ-ს გადასახადის 83%-ის უკან დაბრუნებას შეძლებს. დასაბრუნებელი დღგ-ს თანხას ბანკის მიერ გაწეული მომსახურების საკომისიო – თანხის 3% აკლდება.

უცხოეთის მოქალაქემ თავისუფალ სავაჭრო ობიექტში მიღებული ქვითარი საზღვრის გადაკვეთამდე და საპასპორტო კონტროლის გავლამდე უნდა შეინახოს. შემდეგ ამ ქვითარს აჩვენებს შემოსავლების სამსახურის თანამშრომელს, რომელიც მონაცემებს ელექტრონულ ბაზაში გადაამოწმებს და ბეჭდით დაამოწმებს. ნაღდი ანგარიშსწორების შემთხვევაში ბანკის წარმომადგენელი, ტურისტს თანხას მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტისა და ქვითრის წარდგენისთანავე დაუბრუნებს. უნაღდო ანგარიშსწორებისას უცხოელს გადახდილი დღგ-ს თანხა, ქვეყნის დატოვებიდან ერთი თვის განმავლობაში დაუბრუნდება.

დღგ-ს თანხის დაბრუნება ყველა საქონელზე არ ვრცელდება. მათ შორის – მალფუჭებად საქონელზე, სატრანსპორტო საშუალებებზე, ოქროზე, რომელიც 125 გრამზე მეტს იწონის და არ არის წარმოდგენილი ნაკეთობის სახით, ძვირფას ქვებზე, საქართველოს კანონმდებლობით დღგ-სგან გათავისუფლებულ საქონელზე. ასევე, იმ პროდუქციაზე, რომლის გატანა სპეციალურ ნებართვას ან ლიცენზიას საჭიროებს. სერვისით სარგებლობის შემთხვევაში უცხო ქვეყნის მოქალაქეს მომსახურებაში გადახდილი დღგ-ს თანხა უკან არ დაუბრუნდება.

სისტემა, რომელიც ევროპის უმეტეს ქვეყნებსა და ამერიკაში უკვე დიდი ხანია არსებობს, პირველი ივლისიდან საქართველოშიც ამოქმედდა. შემოსავლების სამსახურის საერთაშორისო დეპარტამენტის უფროსი, ნინო გორგაძე ვარაუდობს, რომ ეს ინიციატივა ხელს შეუწყობს ვაჭრობის განვითარებას და ტურისტთა ნაკადის ზრდას. ამასთან, მოკლევადიან პერსპექტივაში, ქვეყნის ბიუჯეტის შემცირებაზე სისტემის ამოქმედება გავლენას ვერ მოახდენს, ხოლო მომავალში, გაყიდვების ზრდასთან ერთად, ბიუჯეტშიც მეტი თანხა შევა.

ფაქტია, რომ ქვეყნის ეკონომიკური ზრდისთვის, ვაჭრობის განვითარება და ტურისტთა ნაკადის ზრდა მნიშვნელოვანია. თუმცა, საგადასახადო შეღავათები თავისთავად არასამართლიანია, რადგან ისინი მხოლოდ მათზე ვრცელდება, ვინც წინასწარ დადგენილ პირობებს აკმაყოფილებს. გორგაძის თქმით, რადგან ახალი სისტემა ბიუჯეტს არც მოკლე ვადაში ამცირებს, ის მომავალში, საქართველოს მოქალაქეებისთვის საგადასახადო ტვირთის გაზრდის მიზეზი ვერ გახდება.

მეორე მხრივ, ყველა რომ თანაბრად იბეგრებოდეს, მაშინ საგადასახადო განაკვეთის შემცირებაც გამარტივდებოდა – ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილი მეტი იქნებოდა, მეტი თანხა კი შესაძლებელს გახდიდა გადასახადების ან დეფიციტის შემცირებას, ან თუნდაც ვალის გასტუმრებას. შესაბამისად, წნეხი ყველა გადამხდელზე შემცირდებოდა. დაბალი გადასახადების გარემო ტურისტებისთვის და, ზოგადად, პირდაპირი უცხოური ინვესტიციებისთვის, ზედმეტი პროცედურების გავლის გარეშეც მიმზიდველი იქნებოდა. შარშან საშემოსავლო გადასახადის 20%-დან 18%-მდე შემცირება და დივიდენდების გადასახადისგან მთლიანად გათავისუფლება იგეგმებოდა, თუმცა აგვისტოს ომისა და გლობალური ფინანსური კრიზისის ფონზე, მთავრობამ ეს ინიციატივები 2013 წლამდე გადადო.

კომენტარები