სამუდამო დისტანცია

სერიიდან უცნობი ჯარისკაცის დღიური
სერიიდან higher
„Eternal Distance” – ასე ჰქვია დავით მესხის ფოტოგამოფენას, რომელიც 16 ივნისს, ვენაში, გალერეა anika handelt-ში გაიხსნა.
სამუდამო დისტანცია თითქმის ყველაფერთან, რითაც ქართული ვიზუალური ხელოვნება 90-იანებიდან ბოლო დრომდე ინტერესდებოდა – სამოქალაქო ომის, მათხოვარი ბავშვების, ქუჩაში დაყრილი ნაგვის, დანგრეული შენობების, ოსეთ-აფხაზეთის, ეკლესია-მონასტრების, ნარკომანიისა და მიტინგების ნაცვლად, ექსპოზიცია ქართული პოსტსაბჭოთა ეპოქის არტისთვის სრულიად ატიპურ თემას – სპორტს ეძღვნებოდა. მოზარდი სკეიტერების ყოფა, შიშველი სხეულები ღამის სანაპიროზე, სავარჯიშო პროცესი სპორტულ დარბაზში. ეს სხვა საქართველოა: აპოლიტიკური და ეგზისტენციალური სამყარო, იდეალისტი პერსონაჟებითა და გრავიტაციის, უფრო სწორად კი, უწონადობის საკუთარი კანონებით – პარალელური განზომილება, რომელსაც ჩვენ, ყოველდღიურობას გადაყოლილი საზოგადოება, ვეღარ ან აღარ ვამჩნევთ.

მესხი – ნებისმიერი კარგი დოკუმენტალისტის მსგავსად – ახერხებს, იყოს ისტორიის მონაწილეც და, ამავდროულად, ნატურისთვის პრაქტიკულად უხილავი დამკვირვებელიც.

„Eternal Distance” სხვადასხვა დროს, საქართველოს სხვადასხვა კუთხეში გადაღებული ფოტოესეების კოლაჟია. 2010 წლის ნოემბრიდან ბერლინში საცხოვრებლად გადასვლის მიუხედავად, ფოტოგრაფი ყველაზე საინტერესო სამუშაო გარემოდ მაინც საქართველოს მიიჩნევს. ტაბულა მას ვენაში, გამოფენის გახსნის შემდეგ ესაუბრა.

ფოტოგრაფიამდე... ჰიდროეკოლოგია დაამთავრე. როგორ მივიდა ჰიდროეკოლოგი დავით მესხი ფოტოგრაფიამდე?

სერიიდან უცნობი ჯარისკაცის დღიური
სკოლის დამთავრების შემდეგ, საერთოდ არ ვიცოდი, რა მინდოდა. მაშინ ყველა ეკონომიკურზე აბარებდა, რაც არ მიზიდავდა. გეოგრაფია და ეკოლოგია კი შედარებით „ჰუმანურად” მომეჩვენა. ეს სფერო ახლაც მიყვარს, უბრალოდ, მე თვითონ ზედმეტად ინერტული აღმოვჩნდი. მერე რეჟისორობა მოვინდომე, თუმცა მალევე მივხვდი, რომ ჩემი რესურსებით ფილმს ვერ გადავიღებდი და საბოლოოდ, თეატრალურ ინსტიტუტში, კინომცოდნეობაზე ჩავაბარე. ამასობაში, კინოფაკულტეტზე ფოტოსპეციალობა დაამატეს და სწავლა იქ გავაგრძელე. ეს ჩემთვის ყველაზე მისაღები პროფესია აღმოჩნდა – მარტო სხვის შექმნილზე წერა უკვე აღარ მაკმაყოფილებდა, ასე კი მე თვითონაც ვქმნი.

ბერლინში წასვლის შემდეგ, რა შეიცვალა პროფესიული კუთხით?

ზუსტად ვერ გეტყვი, მაგრამ ვიცვლები მე, იცვლება აღქმა; ეს პროცესი ძალიან ნელა მიმდინარეობს. პირველ რიგში, მინდა, რომ ქალაქი შევიგრძნო, აქ ხომ ტურისტად არ ვარ, თუმცა ბერლინი ჯერ ბოლომდე „ჩემი” ქალაქიც არ არის.

გერმანიაში, საიდანაც იყო ჰელმუტ ნიუტონი – მსოფლიოს ყველაზე ცნობილი Fashion-ფოტოგრაფი, რომელიც საჟურნალე ფოტოებსაც კი კრიმინალური დოკუმენტალისტიკის სტილში იღებდა; და სადაც დოკუმენტური ფოტოგრაფიის საკმაოდ დიდი ტრადიცია არსებობს, დღეს კონცეპტუალური არტი ბევრად პოპულარულია. როგორ ფიქრობ, რატომ?

ამაზე მეც ბევრს ვფიქრობ. ვერასოდეს წარმოვიდგენდი, რომ ჩემს ნამუშევრებს გერმანიაში „ამერიკულ ფოტოგრაფიად” მონათლავდნენ. აქ შეხვალ გალერეაში – დევს ორი ფიცარი და უნდა დაიჯერო, რომ ხელოვნების ნიმუშია, მაგრამ ჩემთვის გაუგებარია... ალბათ ასეთი ფოტოების გადაღებას სანამ არ დავიწყებ, ვერ „ჩავწვდები”. სულ სხვა საქმეა შტატები: როგორც პარიზია მოდის დედაქალაქი ან ვენა – კლასიკური მუსიკის, ალბათ, ფოტოგრაფიის ქვეყანა დღეს სწორედ ამერიკაა, ნიუ იორკი.

ახლა რა ხდება საინტერესო?

სერიიდან higher
შეკვეთა ისევ ამერიკელებმა მომცეს: ცნობილმა ამერიკულმა ბრენდმა, Urban Outfitters, თავიანთი ახალი პროექტისთვის Around The World, 15 ქვეყანაში ფოტოგრაფებს გადასაღებად თავიანთი ტანისამოსი დაუგზავნა – გერმანიიდან მე ამირჩიეს.
ასევე მაქვს შემოთავაზება ერთჯერად ფოტოპროექტზე ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ჟურნალისგან – Lodown Magazine.

ანუ მაინც დოკუმენტალისტად დარჩი?

ბოლომდე დოკუმენტურ ხაზს არც მე მივყვები – ყველგან კამერით არ დავდივარ და „მომენტებს არ ვიჭერ”. შეიძლება, მთელი წელი ვიფიქრო, რას გადავიღებ, შემდეგ ძალიან დეტალურად ვგეგმავ და საბოლოოდ დოკუმენტურ სახეს ვაძლევ.
„მომენტის დაჭერისთვის” გარემო უნდა გიწყობდეს ხელს, მე კი ეს ფუფუნება არ მაქვს.

სად გეგულება ასეთი გარემო?

საქართველოში. აქ, ევროპაში, ყველაფერს უფრო ჩამოყალიბებული სახე აქვს; ამიტომაც, ნაკლებად მაინტერესებს. უფრო ახალგაზრდული მოძრაობა მიზიდავს – იდეალისტი ახალგაზრდები, რომლებიც ახერხებენ, დარჩნენ აპოლიტიკურები და აკეთონ საყვარელი საქმე, ყოველგვარი შედეგის მოლოდინის გარეშე.

მაგალითად, ზაფხულობით, სამუშაოდ სკეიტერებთან ერთად, საქართველოს სხვადასხვა კუთხეში ვმოგზაურობ ხოლმე. ეს, ჩემი მხრიდან, საქართველოში სკეიტერული ცხოვრების სტილის დოკუმენტაციის მცდელობაა.

ამ თემაზე გამოფენას ახლა ბათუმში ვგეგმავ; ინტრო ერთ-ერთმა ამერიკელმა სკეიტერმა უნდა დაწეროს. ვფიქრობ, ორივესთვის საინტერესო თანამშრომლობა იქნება.

ქოხი
ციფრული კამერა და ფირი... რა განსხვავებაა შენთვის?


ფირით გადაღება მთელი რიტუალია; დიგიტალურ კამერაზე კი „სურვილის ჩაფიქრების” განცდა მეკარგება. ბევრი ფოტოგრაფი მომწონს, რომელიც ციფრული კამერით მუშაობს, თუმცა პირადად მე ეს სისტემა საკრალურობის შეგრძნებას მიქრობს. არადა ძალიან ბედნიერი ვიქნები, თუ გამომივა, ბოლო-ბოლო, ბევრად ეკონომიურია. კარგი ფოტოს გადაღება ორივე სისტემაზე ერთნაირადაა შესაძლებელი – მთავარია, ვინ როგორ ახერხებს ამას.

და რეჟისორობა?

ახლა ამაზე არ ვფიქრობ. ჩემთვის ჩემი ფოტოებიც კინოა. ჯერჯერობით, მათი ამოძრავების აუცილებლობას ვერ ვხედავ. სკეიტერების სერიაზე მუშაობისას, ვიდეოს გაკეთების სურვილი გამიჩნდა, მაგრამ ეს იდეა, ჯერჯერობით, განუხორციელებელი რჩება.

შენი საყვარელი ფოტოგრაფები?

თუკი კარტიე-ბრესონის მსგავს კლასიკოსებს არ ჩავთვლით, მაშინ პირველი ვოლფგანგ ტილმანსი მახსენდება.
თავის დროზე, ლენი რიფენშტალმა დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. „სპორტსკოლის” სერიის იდეა მისი „ოლიმპიის” ნახვის შემდეგ გამიჩნდა. მერე იყო ლარი კლარკი – ჯერ მისი ფილმები ვნახე, ფოტოებით მოგვიანებით დავინტერესდი. ჩემი ბოლო აღმოჩენა ამერიკელი რაიან მაკგინლია, რომლის ფოტოების ნახვის შემდეგაც გამიჩნდა გრძნობა, რომ სადღაც, ვიღაც ჩემსავით ფიქრობს.



კომენტარები