დროებითი ზავი

REUTERS
კონფლიქტი ამოწურულია. 13 ივლისს საქართვლოს პრეზიდენტი, ხელისუფლების წარმომადგენლები და ეკლესიის უმაღლესი იერარქები სვეტიცხოველში ლიტურგიას ერთად დაესწრნენ. პარლამენტმა და პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვეს ქვეყანაში მართლმადიდებლური ეკლესიის განსაკუთრებულ როლს და მნიშვნელობას.

9 და 10 ივლისს, სასულიერო პირების წინამძღოლობით, თბილისის ქუჩებში საპროტესტო მსვლელობა მოეწყო. ათასობით მორწმუნე წმინდა სამების ტაძარში შეიკრიბა. კათოლიკოს-პატრიარქმა საკვირაო ქადაგების დროს ეკლესიაზე ზეწოლაზე გაამახვილა ყურადღება: „ძალიან ხშირი შემთხვევაა, როცა ეკლესიას ებრძვიან, ეკლესიას ამცირებენ... ვინც დაამცირა და დაამცირებს ეკლესიას, ის ისჯება”. საპროტესტო მსვლელობა პატრიარქის ქადაგების დასრულების შემდეგაც გაგრძელდა – ათასობით მორწმუნე პარლამენტისკენ გაემართა.

დაძაბულობამ პიკს მეორე დღისათვის მიაღწია, როდესაც წმინდა სინოდის სხდომა დაინიშნა. გადაწყვეტილების მოლოდინში რამდენიმე ასეული მორწმუნე საპატრიარქოს შენობასთან შეიკრიბა. მრევლისა და ზოგიერთი სასულიერო პირის მხრიდან ქსენოფობიური შინაარსის განცხადებებიც ისმოდა.

სამოქალაქო კოდექსში ცვლილებები, რომლებიც რელიგიური ორგანიზაციების რეგისტრაციის საკითხებს არეგულირებს, ძალაში 6 ივლისს შევიდა. ერთი დღით ადრე პარლამენტმა კანონპროექტი დაჩქარებული წესით, სამივე მოსმენით დაამტკიცა.

კანონის თანახმად, საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად შეიძლება დარეგისტრირდნენ; „საქართველოსთან ისტორიული კავშირის მქონე” რელიგიური მიმდინარეობები, ან ის კონფესიები, რომელიც „ევროპის საბჭოს წევრ ქვეყნებში კანონმდებლობით მიჩნეულია რელიგიად”. ამავე დროს, საჯარო სამართლის იურიდიულ პირად რეგისტრირებულ რელიგიურ გაერთიანებაზე არ ვრცელდება საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ საქართველოს კანონი და მათი რეგისტრაციის მიმართ მოქმედებს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეგისტრაციისთვის დადგენილი წესი.

საპატრიარქოს წარმომადგენლები ჯერ კიდევ კანონპროექტის განხილვის პროცესში მისი მიღების გადადებას და საჯარო განხილვას მოითხოვდნენ. გაპროტესტების მოტივების მკაფიოდ განმარტება ეკლესიის წარმომადგენლებს გაუჭირდათ. მიზეზებს შორის სხვა, პირველ რიგში სომხური ეკლესიის მხრიდან შესაძლო ქონებრივი პრეტენზიებიც სახელდებოდა. კანონპროექტი, საქართველოში სომხეთის კათალიკოსის ვიზიტიდან ცოტა ხნის შემდეგ მიიღეს. ორ მეზობელ ეკლესიას შორის მოლაპარაკებებზე ყველაზე პრობლემური საკითხი ზოგიერთი ტაძრის კუთვნილებაა (თუმცა, კანონპროექტის არც ერთი ვარიანტი ქონებრივი საკითხების დარეგულირებას არ ითვალისწინებდა). მისი მიღების შემდეგ პატრიარქმა პრეზიდენტს სთხოვა, კანონზე ვეტო დაედო.

კანონი ძალაში მაინც შევიდა. ეკლესიის წარმომადგენლებმა საპროტესტო მსვლელობები მოაწყვეს. 11 ივნისს კი სინოდის საგანგებო სხდომა დაინიშნა. სინოდმა თავის გადაწყვეტილებაში, უკმაყოფილება გამოთქვა საკანონმდებლო ცვლილებების მიღების ფორმებთან დაკავშირებით. თუმცა ეკლესიამ ამჯერად რადიკალური განცხადებებისგან თავი შეიკავა. სასულიერო პირებს და მრევლს „მღელვარების მიზეზების” მიუხედავად, სინოდმა „სიმშვიდისაკენ”, ხოლო ხელისუფლებას, სამომავლოდ, რელიგიასთან დაკავშირებული საკითხების საპატრიარქოსთან შეთანხმებისკენ მოუწოდა.
ამავე დროს, სინოდის განცხადებით, მართლმადიდებელი ეკლესია აღიარებს, რომ „საქართველოში მცხოვრები ყველა რელიგიური აღმსარებლობის ადამიანი, ისევე როგორც რელიგიური გაერთიანებები, თანასწორია კანონის წინაშე” და ქართული ეკლესიის განსაკუთრებული სამართლებრივი სტატუსი არ ზღუდავს სხვა რელიგიურ გაერთიანებათა აღმსარებლობის თავისუფლებას.

სინოდმა მთავრობას მოუწოდა, დაიწყოს მოლაპარაკებები ქვეყნის ფარგლებს გარეთ საქართველოს საპატრიარქოს ეპარქიების სტატუსსა და ქონებრივ საკითხებთან დაკავშირებით, ასევე შეიქმნას კომისია სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის კონსტიტუციური შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების მონიტორინგის მიზნით.

რელიგიური ორგანიზაციების რეგისტრაციის თემას საქართველოს პრეზიდენტი გამოეხმაურა. მისმა პრესსპიკერმა მანანა მანჯგალაძემ ხაზი გაუსვა ქართული ეკლესიის ადგილსა და როლს ქვეყნის მრავალსაუკუნოვან ისტორიაში და სახელმწიფოსა და ეკლესიის ტრადიციულად მტკიცე ურთიერთობას. მისივე თქმით, პრეზიდენტს მიაჩნია, რომ ფუნდამენტური მნიშვნელობა აქვს აღმსარებლობის თავისუფლების პრინციპს. „ხაზი უნდა გაესვას იმასაც, რომ ამ კანონს საერთო არაფერი აქვს ქონებრივი ან სადავო საკითხების გადაწყვეტასთან”, – აღნიშნა მანჯგალაძემ.

12 ივლისს საქართველოს პარლამენტმა უკვე მიღებული კანონი განმარტებითი ბარათით „დააზუსტა”. დოკუმენტის ტექსტში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის განსაკუთრებულ სტატუსსა და ქონებრივი უფლებების ხელშეუხებლობას გაესვა ხაზი. რაც შეეხება სხვა კონფესიებს, მათი სტატუსი „განისაზღვრება არა კონსტიტუციური შეთანხმებით, არამედ კანონმდებლობით. შესაბამისად, კანონმდებლობით უნდა დადგინდეს ამ გაერთიანებათა სამართლებრივი ფორმა, რეგისტრაციის წესი და პირობები”.

დოკუმენტში აღინიშნა, რომ საქართველოს მთავრობამ ეკლესიასთან ერთად შექმნა ერთობლივი კომისია, რომელიც ქონებრივ და საკონსტიტუციო შეთანხმებასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს განიხილავს.

უმრავლესობის წარმომადგენელმა ლაშა თორდიამ კანონის განმარტებითი ბარათის შესწორებას „პოლიტიკური აქტი” უწოდა – უმრავლესობა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ კანონში შეტანილი ცვლილებები არ ითვალისწინებს რაიმე დამატებით ვალდებულებებს რელიგიური გაერთიანებების წინაშე. კერძოდ, მათი სტატუსის გათანაბრებას ქართულ მართლმადიდებლურ ეკლესიასთან.

ახალი კანონის მიღებამდე რელიგიურ გაერთიანებებს შესაძლებლობა ჰქონდათ კერძო სამართლის იურიდიულ პირებად – არასამთავრობო ორგანიზაციების სტატუსით – დარეგისტრირებულიყვნენ.

მსგავსი კანონმდებლობა აშშ-შიც მოქმედებს, სადაც რელიგიური ორგანიზაციებისათვის რაიმე განსაკუთრებული სტატუსი არ არის გათვალისწინებული.

ახალი კანონი, საქართველოს ევროპის ქვეყნების მოდელთან აახლოებს. ეს „მრავალდონიან” სტრუქტურას გულისხმობს – ხშირად ერთი ან ორი დომინანტური რელიგიით, რომლებსაც განსხვავებული სტატუსი და პრივილეგიები გააჩნიათ; რამდენიმე ტრადიციული რელიგიით (ოფიციალური სტატუსით) და მრავალი სხვა გაერთიანებით, რომლებიც საზოგადოებრივი ორგანიზაციების სტატუსით სარგებლობენ ან რეგისტრაციის გარეშე საქმიანობენ.

საჯარო სამართლის იურიდიული პირის სტატუსის მინიჭება საქართველოში მოქმედი რელიგიური კონფესიებისთვის, მათ სტატუსს ფორმალურად ამაღლებს. თუმცა, ეს უფრო სიმბოლური ნაბიჯია, ვინაიდან, კანონი რელიგიურ გაერთიანებებს რაიმე დამატებით უფლებამოსილებასა და შესაძლებლობებს არ ანიჭებს.

ეს კონფლიქტი მართლმადიდებლური ეკლესიისთვის შესაძლო საფრთხეებსა თუ ეკლესიებს შორის ქონებრივ დავებს ნაკლებად უკავშირდება. მთავარი მიზეზი, როგორც ჩანს, ხელისუფლების მიერ გადაწყვეტილების მიღებისას, ეკლესიის უპირობო გავლენისა და ავტორიტეტის ეჭვქვეშ დაყენებაა.

კომენტარები