NoW-ის ყოფილი რეპორტიორი გარდაცვლილი იპოვეს

REUTERS
#fbimage#http://www.tabula.ge/media/image/news_images/SAUn.png##fbimage#
ბრიტანული ტაბლოიდის News of the World-ის ყოფილი რეპორტიორი, შონ ჰოარი გარდაცვლილი იპოვეს. ჰოარი ერთ-ერთი პირველი იყო, რომელმაც გაზეთის ხელმძღვანელობა ბრიტანეთის მოქალაქეების სატელეფონო საუბრების უკანონო მოსმენაში დაადანაშაულა. უკანონო მოსმენებთან დაკავშირებული სკანდალის გამო, ბრიტანეთის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ტაბლოიდი News of the World (NoW) გაზეთის მფლობელის, რუპერტ მერდოკის გადაწყვეტილებით უკვე დაიხურა.

შონ ჰოარმა ამერიკულ გაზეთ New York Times-თან საუბრისას აღნიშნა, რომ NoW-ში ცნობილი ადამიანებისა და სხვადასხვა კრიმინალური შემთხვევების მსხვერპლთა ტელეფონების მოსმენა იმაზე  უფრო ხშირად ხდებოდა, ვიდრე ამას ტაბლოიდის რედაქცია აღიარებდა. ტელეკომპანია BBC-სთან ინტერვიუში კი მან თქვა, რომ გაზეთის ყოფილი მთავარი რედაქტორი, შემდგომში კი ბრიტანეთის პრემიერ მინისტრის პრეს-მდივანი, ენდი კოულსონი პირადად ავალებდა მას სატელეფონო საუბრების მოსმენას. კოულსონი ბრალდებებს უარყოფს.

ბრიტანეთის პოლიციის ინფორმაციით, ჰოარის ცხედარი მის სახლში, ლონდონის ჩრდილო-დასავლეთ რაიონში იპოვეს. სამართალდამცველების თქმით, ჯერჯერობით უცნობია ჰოარის გარდაცვალების მიზეზები. თუმცა, პოლიციელები აცხადებენ,  რომ მის გარდაცვალებაში საეჭვო გარემოებებს ვერ ხედავენ.

გუშინ NoW-სთან დაკავშირებული სკანდალის გამო სკოტლენდ-იარდის ხელმძღვანელი, სერ პოლ სტივენსონი გადადგა. კომისარი სტივენსონის თქმით, ის თანამდებობიდან  იმიტომ წავიდა, რომ გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს NoW-ს ჟურნალისტები ბრიტანეთის პოლიციასთან მჭიდროდ თანამშრომლობდნენ. გამოძიების ინფორმაციით, იყო შემთხვევები, როცა ამ ტაბლოიდის ჟურნალისტები პოლიციელებს ქრთამს აძლევდნენ სატელეფონო მოსმენების სანაცვლოდ. 

კომენტარები