ამერიკელებმა მოკავშირეს დახმარება შეუმცირეს

0 კომენტარი
პაკისტანელი სამხედრო ავღანეთის საზღვართან ფოტო: REUTERS

ობამას ადმინისტრაციამ პაკისტანს სამხედრო დახმარება 800 მილიონი ამერიკული დოლარით შეუმცირა. ეს თანხა წლიური დახმარების პაკეტის დაახლოებით 40%-ს შეადგენს.

ისლამაბადმა რამდენიმე კვირის წინ სამხედრო ძალების საწვრთნელი პროგრამა დახურა, ამით ქვეყნიდან 100 ამერიკელი სამხედრო ინსტრუქტორი პრაქტიკულად გააძევა. პაკისტანელები იმუქრებოდნენ, რომ ამერიკელებს ბელუჯისტანის პროვინციაში მდებარე სამხედრო ბაზასაც დაუხურავდნენ. ამ უკანასკნელს, ცენტრალური სადაზვერვო სამმართველო, უპილოტო თვითმფრინავების გასაშვებად იყენებდა.

შემცირებული 800 მილიონი დოლარიდან, 300 ავღანეთთან სასაზღვრო რეგიონებში განლაგებული 100 ათასი პაკისტანელი სამხედროს უზრუნველყოფისთვის იყო განკუთვნილი. აღსანიშნავია, რომ საჭირო თანხებს ჯერ პაკისტანი იხდიდა საკუთარი ბიუჯეტიდან, შემდეგ კი ანგარიშებს ამერიკელები ასწორებდნენ. უკვე დახარჯულ 300 მილიონს პაკისტანელები ამერიკისგან ვერ მიიღებენ. ეს ქვეყნის ფისკალურ დეფიციტს 0.2%-ით, მთლიანი შიდა პროდუქტის 5.3%-მდე გაზრდის. ამერიკულ დახმარებას პაკისტანელები მიმდინარე სავაჭრო ოპერაციებისთვისაც იყენებდნენ. 2011 წლის ივლისისთვის მათ 205-მილიონიანი დადებითი სავაჭრო ბალანსი აქვთ, თუმცა ნავთობის ფასების ზრდის და ბამბის ფასების დაწევის გამო, ბალანსის შენარჩუნება გაუჭირდებათ.

პაკისტანელი ექსპერტები, მათ შორის ამერიკაში ყოფილი ელჩი თარიქ ფათემი და სამხედრო მაღალჩინოსნები, ამტკიცებენ, რომ ამერიკის მიერ დახმარების შემცირება, პირველ რიგში, ვაშინგტონის ინტერესებს ავნებს. პაკისტანის კიდევ ერთი ყოფილი ელჩი ამერიკაში, გადამდგარი გენერალ-მაიორი მაჰმუდ დურანი, საპირისპირო აზრზე დგას. ავღანეთში ამერიკელების სამხედრო ოპერაციების წარმოებისათვის საჭირო რესურსების ნაწილი (მაგრამ არა იარაღი), პაკისტანზე გადის. 2010 წელს ამერიკელების ერთ-ერთ ავიაშეტევას ორი პაკისტანელი სამხედრო შეეწირა. მაშინ პაკისტანელებმა დროებით დახურეს საზღვარი. შესაძლოა, ზეწოლისთვის ახლაც ამ ტაქტიკას მიმართონ. პაკისტანის თავდაცვის მინისტრმა, ჩოდჰრი აჰმად მუხთარმა კი განაცხადა, რომ შესაძლოა, ავღანეთის სასაზღვრო რეგიონებიდან სამხედროები გამოიყვანონ.

პაკისტანის შიდა პოლიტიკაში დომინანტურ როლს სამხედროები თამაშობენ. მათ ავღანეთთან მოსაზღვრე რეგიონებში მრავალრიცხოვან სამხედრო დაჯგუფებებთან ბრძოლის პარალელურად, საკუთარ პროვინციებში (მაგალითად, ბელუჯისტანში) სეპარატიზმის კერების ჩაქრობა უწევთ. ზრდადი სამხედრო ხარჯები პაკისტანის სუსტ ეკონომიკას მძიმე ტვირთად აწევს. პრობლემებს ბოლო ხანებში ბინ ლადენის ოპერაცია, მედიისა და საზოგადოების კრიტიკა დაემატა, რამაც სამხედრო ლიდერების თავმოყვარეობა შელახა.

პაკისტანელები ამერიკას ეჭვის თვალით ჯერ კიდევ 1990 წლიდან უყურებენ. მაშინ ამერიკელებმა პაკისტანს ბირთვული იარაღის განვითარების გამო სანქციები დაუწესეს. ბოლო წლებში, სამხრეთ აზიურ ქვეყანაში ანტიამერიკული განწყობის ზრდა, ამერიკელთა საჰაერო დარტყმებით იყო გამოწვეული. ამბოხებულთა წინააღმდეგ წარმოებულ დაბომბვებს რამდენიმე შემთხვევაში პაკისტანელი სამოქალაქო და სამხედრო პირებიც შეეწირნენ. ბოლო წვეთი, ოსამა ბინ ლადენის განადგურება იყო. ამერიკელებმა მოკავშირე, ქალაქ აბოტაბადში ჩატარებული ოპერაციის შესახებ არ გააფრთხილეს. ამერიკაში პაკისტანის ელჩმა, ჰუსაინ ჰაქანიმ ორიოდე თვის წინ (ოსამა ბინ ლადენის განადგურებიდან რამდენიმე ხანში) სამშობლოში სამხედროებისათვის ლექცია წაიკითხა. მის კითხვაზე, თუ ვინ არის პაკისტანის ნომერი პირველი მტერი, ოფიცერთა მესამედმა უპასუხა – ამერიკა.

ამერიკის სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა განაცხადა, რომ პაკისტანს ისევ პარტნიორად მიიჩნევს, მაგრამ სურს შეახსენოს – ეს თანამშრომლობასაც გულისხმობს. თეთრი სახლის წარმომადგენელ ბილ დეილის არ დაუმალავს, რომ დახმარების შემცირების მიზეზი პაკისტანის მთავრობის ბოლოდროინდელი ქმედებებია.

ანალიტიკოსების ნაწილის აზრით, პაკისტანს აქვს ხელსაყრელი შემთხვევა, რომ ჩინეთს მიუბრუნდეს. ეს უკანასკნელი პაკისტანისთვის იარაღის მთავარი მიმწოდებელია. ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური თანამშრომლობაც ნელ-ნელა ღრმავდება. ობამას ადმინისტრაციამ დახმარების შემცირებით, შესაძლოა, გარისკა. პაკისტანელებმა კი ამერიკაში მოლაპარაკებებისთვის სასწრაფოდ დაზვერვის შეფი, აჰმედ შუჯა ფაშა, გაგზავნეს. როგორც ჩანს, ყველა გზა ისევ ვაშინგტონზე გადის.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ყაჩაღობა ვარკეთილში - საბითუმო მაღაზიაზე თავდასხმისთვის ორი პირი დააკავეს (ვიდეო)

კომენტარები