ტექნოლოგიური დაიჯესტი

Google Map-ის ახალი ფუნქცია


Google-ის რუკებს, ინტერნეტის ყველა მომხმარებელი თუ არა, მათი დიდი ნაწილი მაინც იყენებს. განსაკუთრებით გამოსადეგი მათთვისაა, ვინც ბევრს მოგზაურობს და უცნობ ადგილებში უწევს მოხვედრა. თუმცა ინტერნეტის არასაკმარისი სიჩქარე ხშირად არის პრობლემა, როდესაც მიუდგომელ ადგილას, სადაც კავშირი არცთუ ისე საიმედოა, რუკის დათვალიერება გინდებათ. Android-ის ტელეფონებისთვის კომპანიამ გამოუშვა ახალი დამატება, რომელიც მომხმარებელს საშუალებას მისცემს რუკის სასურველი მონაკვეთი თავის ტელეფონში წინასწარ გადმოტვირთოს. თუკი თქვენ ისეთ ადგილზე აპირებთ წასვლას, სადაც ინტერნეტთან კავშირის დამყარება ნაკლებადაა მოსალოდნელი, წინასწარ გადმოტვირთული რუკით მაინც ადვილად მოახერხებთ ადგილმდებარეობაში გარკვევას. თუმცა, მყარ დისკზე ადგილის ეკონომიის მიზნით, 30 დღის გასვლის შემდეგ Google-ი ავტომატურად წაშლის მას თქვენი ტელეფონიდან და ზედმეტ საფიქრალს აგარიდებთ. როგორც კომპანია იუწყება, ონლაინ-ვერსიასთან შედარებით, ასეთ რუკებს რამდენიმე შეზღუდვა ექნებათ. ზოგიერთი ფუნქცია, როგორიცაა მიმართულებების აღნიშვნა რუკაზე და „ხედი სატელიტიდან” ოფლაინ-რეჟიმში, არ იმუშავებს.

მილიარდი iTunes-ის გაყიდვებიდან

ანალიტიკოსების გათვლებით, 2013 წლისათვის iTunes-ის გაყიდვებიდან კომპანია Apple-ი დაახლოებით 13 მილიარდ დოლარს ამოიღებს. Apple-ის ონლაინ მაღაზიის ძირითად საქონელს ელექტრონული წიგნები, ფილმები და მუსიკა შეადგენს. Apple-ის ანალიტიკოსმა, თრიფ ჩოუდრიმ გამოთვალა, რომ თუკი კომპანიის პორტატული მოწყობილობების გაყიდვები ასეთივე ტემპით გაგრძელდა, მომავალი წლისთვის iTunes-ის მოცულობა 40%-ით გაიზრდება. ამას ხელს უწყობს ისიც, რომ გამომცემლობათა დიდი ნაწილი მათ მიერ გამოცემული წიგნების ელექტრონულ ვერსიებად ქცევისას უფრო Apple-ის ფორმატს, ePub-ს წყალობს, ვიდრე მისი კონკურენტის, Amazon Kindle-ის ფორმატს. თუმცა, როგორც აღმოჩნდა, კომპანიას ამ ციფრული მაღაზიის შენარჩუნება არც ისე იაფი უჯდება. iTunes-ის გამართულად მუშაობის უზრუნველყოფასა და გამართვაზე წელიწადში 1.3 მილიარდი დოლარი იხარჯება. კომპანიისთვის იგი არასოდეს წარმოადგენდა განსაკუთრებული შემოსავლის წყაროს და რამდენჯერმე კინაღამ დახურვის საფრთხის წინაშეც დადგა. უნდა ითქვას, რომ საქართველო ჯერ კიდევ არ შედის იმ ქვეყნების სიაში, რომელთა მხარდაჭერასაც iTunes-ი ახორციელებს.

თვითნაკეთი iPad-ი


როდესაც ჩინეთში iPad-ების გაყიდვა დაიწყო, ვერავინ წარმოიდგენდა, თუ ეს ბუმს გამოიწვევდა. ინტერნეტში მრავალი უცნაური და ზოგჯერ დაუჯერებელი ისტორია ვრცელდება, რომლებიც აჩვენებს, თუ რამხელა მოთხოვნაა ამ პროდუქტზე. მაგალითად, ერთმა ჩინელმა მოზარდმა საკუთარი თირკმელიც კი გაყიდა, რათა iPad-ისთვის ფული შეეგროვებინა, მეორე ჩინელი გოგონა კი iPhone 4-ში საკუთარ ქალიშვილობას სთავაზობდა ნებისმიერ მსურველს. სულ ახლახან გავრცელდა ვიდეო, სადაც ნაჩვენებია, თუ როგორ აწყობს ერთი ჩინელი ყმაწვილი iPad-ს საკუთარი ხელებით, როგორც იტყვიან – „ნულიდან”. მართალია, ეს მოწყობილობა არა iPad-ის ოპერაციულ სისტემაზე, არამედ ჩვეულებრივ Windows XP-ზე მუშაობს, მაგრამ უმნიშვნელო წვრილმანი ფაქტს არ აკნინებს. როგორც ვიდეოში ჩანს, ჩინელმა კონსტრუქტორმა თავისი აპარატი ძველი ნაწილებისგან ააწყო, რომლებსაც გულმოდგინედ დაახატა ზედ Apple-ის ლოგო. სადემონსტრაციო ვიდეოში იგი ამ აპარატის, რომელსაც “iPad 3” დაარქვა, შესაძლებლობებსაც წარმოადგენს – შედის ინტერნეტში და ელექტრონულ წიგნს კითხულობს. მართალია, მოწყობილობა თავისებურად გამოიყურება, მაგრამ კონსტრუქტორისთვის საკმაოდ კარგ რეზიუმეს წარმოადგენს, თუკი იგი ამ სფეროში მუშაობას გადაწყვეტს.

კომენტარები