ჯაშუშური თამაშები

აქცია შინაგან საქმეთა სამინისტროსთან
ფოტო: REUTERS
გია აბდალაძე / ზურაბ ქურციკიძე / ირაკლი გედენიძე
გადაჭარბებული არ იქნება, თუ ვიტყვით, რომ გასული კვირიდან მოყოლებული, საქართველო მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრშია. რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული ფოტოგრაფების საქმე, რომლის შესახებაც ჯერჯერობით ფრაგმენტული დეტალებია ცნობილი, დიდ ინტერესს იწვევს. დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში, ბრალდებულებს 8-12 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

7 ივლისს, შსს-ის კონტრდაზვერვის თანამშრომლებმა, ერთდროულად, ხუთი ფოტოგრაფი დააკავეს. მათ შორის პრეზიდენტის პირადი ფოტოგრაფი ირაკლი გედენიძეც იყო. მას, ევროპის ფოტოსააგენტოს კორესპონდენტს საქართველოში, ზურაბ ქურციკიძეს და საგარეო საქმეთა სამინისტროს ფოტოგრაფს, გიორგი აბდალაძეს – თბილისის საქალაქო სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. ასოშიეიტიდ პრესის ფოტოგრაფი, შახ აივაზოვი, დაკავებიდან რამდენიმე საათში გაათავისუფლეს. მოგვიანებით, გირაოს სანაცვლოდ, გაათავისუფლეს ირაკლი გედენიძის მეუღლეც, ასევე ფოტოგრაფი ნათია გედენიძე. საქმეს გრიფი „საიდუმლო” დაედო.

წინასწარი სასამართლო მოსმენა 2011 წლის 1 სექტემბერს გაიმართება. თუმცა, შსს-ში ამბობენ, რომ გამოძიება დასასრულისკენ მიდის და არ არის გამორიცხული, მანამდეც გაიმართოს. პროკურატურა აცხადებს, რომ საქმე სასამართლოში საჯაროდ განიხილება და დასწრებას ნებისმიერი დაინტერესებული პირი შეძლებს. პროკურატურა სასამართლოს შუამდგომლობით მიმართავს, რომ დახურულ სხდომაზე მტკიცებულებათა მხოლოდ ის მცირე ნაწილი განიხილოს, რომელიც სახელმწიფო საიდუმლოს შეიცავს.

ის, რომ ამჟამად საქმეს გრიფი „საიდუმლო” ადევს, ინტერესსა და კონტროვერსიას ზრდის. საზოგადოების ერთ ნაწილში წინასწარი განწყობები არსებობს, რომ ფოტოგრაფები უდანაშაულოები არიან. ერთი ჯგუფი გრიფის ახსნასაც ითხოვს, რასაც ინფორმაციის სიმწირით, არადამაჯერებლობითა და მაღალი საზოგადოებრივი ინტერესით ხსნიან.

მთავრობას ესმის, რომ საკითხი სენსიტიურია. შსს მინისტრი ვანო მერაბიშვილი აცხადებს, რომ ერთ საქმესაც კი, რომელიც არ არის გამყარებული სერიოზული მტკიცებულებებით, შეუძლია, ქვეყანა და მთავრობაც ძალიან დააზარალოს. მისი თქმით, სერიოზული მტკიცებულებები არსებობს, რომელსაც სასამართლოზე წარადგენენ.

თავის მხრივ, დაკავებული ქურციკიძისა და აბდალაძის ადვოკატები აცხადებენ, რომ საქმე ნამდვილად შეიცავს საიდუმლო ინფორმაციას და გრიფის დადების სამართლებრივი საფუძველი არსებობდა. გრიფის მოხსნას არც სახალხო დამცველი გიორგი ტუღუში ითხოვს. თუმცა, ის ურჩევს გამომძიებლებს, რომ ერთმანეთისგან საიდუმლო და ის მასალა გამიჯნონ, რომლის გასაჯაროებაც შესაძლებელია.

ამ საქმესთან დაკავშირებით სხვა ეჭვებიც გაჩნდა – მაგალითად, რამდენად მიუწვდებოდათ ხელი დაკავებულ ფოტოგრაფებს საიდუმლო ინფორმაციაზე. შსს აცხადებს, რომ დაკავებულები სახელმწიფო მოხელეები იყვნენ და ამიტომ შესაძლებელია, მათთვის ამგვარი ინფორმაცია ხელმისაწვდომი ყოფილიყო. ხოლო, თუ როგორ მოხდა ეს, ამას გამოძიება დაადგენს. გარდა ამისა, გედენიძე, როგორც პირადი ფოტოგრაფი, პრეზიდენტის გვერდით დიდ დროს ატარებდა.

რა ვიცით დღეს ამ საქმეზე? თავდაპირველად შსს მოკლე განცხადებით შემოიფარგლა. იქ ეწერა, რომ „დაკავებულ პირებს ბრალი ედებათ ერთ-ერთი უცხო ქვეყნის სპეცსამსახურის საფარქვეშ მოქმედი ორგანიზაციისთვის, საქართველოს ინტერესების საზიანოდ, მათი სამსახურებრივი მდგომარეობიდან გამომდინარე, სხვადასხვა სახის ინფორმაციის მიწოდება”. ამას რამდენიმე განცხადება და ირაკლი გედენიძისა და მისი მეუღლის ვიდეოჩვენება მოჰყვა. დღევანდელი მდგომარეობით, მოვლენების ცენტრში ზურაბ ქურციკიძე დგას. როგორც შსს-ის საინფორმაციო და ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელმა შოთა უტიაშვილმა განაცხადა, ის დიდი სტაჟის მქონე აგენტია. შსს-ის მიხედვით, გამოძიების მიერ დადგენილია, რომ ზურაბ ქურციკიძეს კავშირი აქვს რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს თანამშრომლებთან, კერძოდ, საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების მიერ ჯაშუშობის ბრალდებით ძებნილ ა. სინიცინთან და ს. ოკროკოვთან. პირველი, შსს-ის ინფორმაციით, 2005 წლის 1 თებერვალს გორში მომხდარი ტერაქტის ორგანიზატორია. ისვე ხელმძღვანელობდა ქვეყნის გარედან იმ ჯაშუშურ ჯგუფს, რომელიც შსს-მ 2006 წელს თბილისსა და ბათუმში დააკავა. მაშინ საქართველოში მოქმედი რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს (ГРУ) 4 ოფიცერი და მათი მოკავშირე 11 საქართველოს მოქალაქე აიყვანეს. ამავე ჯგუფთან მჭიდროდ თანამშრომლობდა ოკროკოვი.

აქცია შინაგან საქმეთა სამინისტროსთან
ფოტო: ფოტო: REUTERS
სინიცინთან და ოკროკოვთან ქურციკიძის კავშირზე, შსს მინისტრმა ვანო მერაბიშვილმაც ისაუბრა ჟურნალისტებთან შეხვედრისას. მან თქვა, რომ აქვს საკმარისი მტკიცებულებები იმისა, რომ ქურციკიძეს ამ ადამიანებთან 2004 წლიდან კავშირი ჰქონდა. ამის ერთ-ერთ საბუთად მან ჟურნალისტებს აჩვენა სატელეფონო კომპანიის ამონაწერი, რომელიც, მისი თქმით, ქურციკიძისა და რუსი ოფიცრების ხშირ კავშირს ასახავს. მინისტრის თქმით, სააგენტო EPA-ს, სადაც ქურციკიძე მუშაობდა, ამ საქმესთან საერთო არ აქვს.

შსს მანამდე აცხადებდა, რომ ზურაბ ქურციკიძეს კავშირი აქვს რუსეთის ფედერაციის მოქალაქეებთან, რომლებსაც სხვა დაკავებულებისგან მიღებულ საიდუმლო ინფორმაციებს გადასცემდა. „კერძოდ, მატერიალური ანაზღაურების საფასურად, ირაკლი გედენიძემ და გიორგი აბდალაძემ, რომლებიც წარმოადგენდნენ საჯარო მოხელეებს, სამსახურებრივი მოვალეობების განხორციელების პროცესში, შეძლეს საიდუმლო ინფორმაციის შემცველი დოკუმენტების ფოტოგადაღება და შემდეგ მათი მიწოდება ქურციკიძისთვის, რომელიც თავის მხრივ აღნიშნულ ინფორმაციას მოსკოვში აგზავნიდა”, – ნათქვამია შსს-ს 9 ივლისის განცხადებაში. მათივე თქმით, ირაკლი გედენიძისა და გიორგი აბდალაძის პირადი ნივთების ჩხრეკისას და მათ კომპიუტერში არსებული მასალების შესწავლისას, აღმოაჩინეს: პრეზიდენტის ადმინისტრაციული შენობის ნაწილის სქემატური ნახაზის ფოტოსურათები, ინფორმაცია პრეზიდენტის გადაადგილების მარშრუტის შესახებ, დეტალები პრეზიდენტის ვიზიტებსა და შეხვედრებზე, ასევე, სხვა საიდუმლოების შემცველი ინფორმაციები.

ირაკლი გედენიძე ვიდეოჩვენებაში საუბრობს, თუ როგორ თანამშრომლობდა ქურციკიძესთან. მისი თქმით, ქურციკიძემ თავდაპირველად, გარკვეული საფასურის სანაცვლოდ, შესთავაზა, პრეზიდენტის შეხვედრებისა და პროტოკოლით გათვალისწინებული ღონისძიებების ამსახველი ფოტოები მიეწოდებინა. ამის შემდეგ ქურციკიძემ მას ფოტოებისთვის კომენტარების მიწერა სთხოვა. გარკვეული პერიოდის შემდეგ კი, უკვე სხვა ინფორმაციის მიწოდების თხოვნით მიმართა. გედენიძის თქმით, ის მიხვდა, რომ ეს სპეცსამსახურებს უკავშირდებოდა, შესაბამისად, თანამშრომლობაზე უარის თქმა სურდა, მაგრამ ქურციკიძე დაემუქრა. კერძოდ, ფოტოებისთვის გადახდილ თანხაზე ხელმოწერები გაახსენა და უთხრა, რომ ამას მის წინააღმდეგ გამოიყენებდა. გედენიძის თქმით, ამან შეაშინა და ურთიერთობა გააგრძელა. ამის შემდეგ ქურციკიძემ მას საბანკო ანგარიშები სთხოვა, რათა თანხა გადმოერიცხა.

სატელეფონო ჩანაწერში, რომელსაც შსს ავრცელებს, მხოლოდ ეს ჩანს – თუ როგორ სთხოვს ქურციკიძე გედენიძეს საბანკო ანგარიშების რეკვიზიტის გაგზავნას ელექტრონული ფოსტით, რათა ფული გადარიცხოს. ქურციკიძე სატელეფონო საუბარში საბანკო ანგარიშის რეკვიზიტებს სთხოვს გიორგი აბდალაძესაც. ქურციკიძე და აბდალაძე თავს უდანაშაულოდ მიიჩნევენ. გავრცელდა ინფორმაცია, რომ ქურციკიძემ აღიარებითი ჩვენება მისცა. ამას, ქურციკიძის ადვოკატი არც უარყოფს და არც ადასტურებს.

წარმოდგენილი ფაქტები, საზოგადოების ნაწილს, სავსებით ლეგიტიმურად მიაჩნია არასაკმარისად იმისთვის, რომ ბრალდებულთა დამნაშავეობა ირწმუნონ. ისიც სავსებით გასაგებია, რომ მეტ ღიაობას ითხოვენ. თუმცა, მეორე მხრივ, ისმის კითხვა, რამდენად გონივრულია მოლოდინი, რომ გამოძიებამ მტკიცებულებები სასამართლომდე გახადოს საჯარო? მით უმეტეს, რომ საქმე საიდუმლოებას ეხება. ასევე გაუგებარია, თუ რას ეფუძნება აპრიორი რწმენა იმისა, რომ ბრალდებულები უდანაშაულოები არიან. ერთადერთი მოტივი, რომელიც ამ დროისთვის დასახელდა, ისაა, რომ ხელისუფლების „შურისძიება” 26 მაისს გადაღებულ ფოტოებს უკავშირდება.

ამ ეტაპზე ყველაზე მნიშვნელოვანია, სასამართლო პროცესი შესაძლებლობის ფარგლებში მაქსიმალურად გამჭვირვალედ წარიმართოს. სწორედ ამაზე მიუთითებს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი. მისმა ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ვიქტორია ნულანდმა 11 ივლისს ვაშინგტონში გამართული კონფერენციისას განაცხადა: „ეს საკითხი რუსეთმა და საქართველომ ერთმანეთს შორის უნდა გაარკვიონ. ამ ადამიანების დაკავებას რაც შეეხება, მოგეხსენებათ, რომ ჩვენ თავისუფალი მედიისა გვწამს, მაგრამ თუ მათ მართლაც ჩაიდინეს შეუსაბამო ქმედებები, გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული სასამართლო პროცესის ხილვას ვისურვებდით”. მანამდეც, 8 ივლისს, ნულანდმა იმედი გამოთქვა, რომ თავისუფალი, სამართლიანი, პასუხისმგებლიანი და გამჭვირვალე სასამართლო პროცესი გაიმართებოდა. აშშ-ის ელჩმა საქართველოში, ჯონ ბასმაც იგივე განაცხადა.

ჯაშუშების დაკავება საქართველოში იშვიათი შემთხვევა ნამდვილად არ არის. ბოლო წლებშიც, რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობის ბრალი, არაერთ ადამიანს დაუმტკიცდა. როგორც შოთა უტიაშვილმა კომერსანტთან ინტერვიუში განაცხადა, საქართველოში საბჭოთა დროს, КГБ-ს 22 ათასი, ხოლო ГРУ-ს უფრო მეტი აგენტი იყო. მართალია, КГБ-ს არქივები საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ სმოლენსკში გაიტანეს, მაგრამ დარჩა პატარა სააღრიცხვო ბარათები, ფსევდონიმებით. შესაბამისად, შსს-მ ზუსტად იცის КГБ-ს აგენტების რაოდენობა. უტიაშვილი ამბობს, რომ ახლა ისინი ძველი კავშირების აღდგენას ცდილობენ. საქართველოს ბევრ მოქალაქეზე კომპრომატებიც აქვთ, რის გამოც ეს ადამიანები ბევრ რამეზე შეიძლება წავიდნენ. უტიაშვილის თქმით, შსს-ს მიზანია, ადამიანებს აღარ ეშინოდეთ და მათთან ითანამშრომლონ. თუმცა – „ეს რთულია. ბევრს კვლავ საბჭოთა მენტალიტეტი აქვს. ჩვენ სახელმწიფოს ვაშენებთ და ეს ყოველთვის მტკივნეული პროცესია”, – აცხადებს უტიაშვილი.

კომენტარები