საერთაშორისო გზავნილები საქართველოში და სხვა განვითარებად ქვეყნებში

ამერიკულმა კვლევითმა ორგანიზაციამ – Gallup – მსოფლიოს 135 ქვეყანაში საერთაშორისო ფულადი ამანათების ნაკადი იკვლია. კვლევაში, რომელიც მთავარ მეთოდად, პირისპირ და სატელეფონო ინტერვიუებს იყენებდა, ყოველი ქვეყნის 15 და მეტი ასაკის საშუალოდ 2 ათასი რესპონდენტი მონაწილეობდა. Gallup-ის კვლევა სხვა მსგავსი ტიპის კვლევებისგან იმით განსხვავდება, რომ ადგენს, თუ რამდენი მოზრდილი ადამიანი ცხოვრობს ოჯახში, რომელიც უცხოეთიდან დახმარების სახით იღებს ფულს ან რაიმე ტიპის პროდუქციას. ასევე, კონკრეტულად სად, მსოფლიოს რომელ ნაწილში, რომელ ქვეყანაში და რა ტიპის დასახლებაში მიდის ეს დახმარება.

კვლევის მიხედვით, მსოფლიოს მასშტაბით, მოზრდილთა საშუალოდ 3% ცხოვრობს იმ ოჯახში, რომელიც უცხოეთიდან ფულად დახმარებას იღებს.
საქართველოში 2009 და 2010 წლების გაერთიანებულ მონაცემებზე დაყრდნობით, უცხოეთიდან დახმარება ოჯახების 9%-მა მიიღო. სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში კვლევა არ ჩატარებულა. ამის მიზეზად, Gallup-ი კვლევაში ჩართული ინტერვიუერების უსაფრთხოებას ასახელებს. სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის მოსახლეობა საქართველოს მთლიანი მოსახლეობის 7%-ია.

საქართველოს უშუალო მეზობლებიდან, აზერბაიჯანში, რუსეთსა და თურქეთში უცხოური გზავნილების მიმღები ოჯახების რაოდენობა 5%-ზე ნაკლებია. სომხეთში კი – 13%, რასაც ამერიკული ორგანიზაცია სხვა ქვეყნებში სომხეთის ფართო დიასპორის არსებობით ხსნის.

უცხოეთიდან დახმარების მიმღები ოჯახების ყველაზე დიდი რაოდენობა – 20%-ზე მეტი – მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე ღარიბ ნაწილში – სუბ-საჰარულ აფრიკაშია კონცენტრირებული. ამ ქვეყნებში უცხოეთიდან მიღებული დახმარება მილიონობით ადამიანისთვის მთავარი შემოსავალია.

Gallup-ი აღიარებს, რომ კვლევა უნაკლო არ არის: ინტერვიუს პროცესში შეიძლება ადამიანი მოერიდოს იმის აღიარებას, რომ უცხოეთიდან დახმარებას იღებს. შემთხვევითობის პრინციპით შერჩეულმა რესპონდენტმა კი შეიძლება საერთოდ არ იცოდეს, იღებს თუ არა მისი ოჯახი უცხოეთიდან დახმარებას. თუმცა, მეორე მხრივ, კვლევა სასარგებლოა: ის ოფიციალური მონაცემების ერთგვარი შემავსებელი ხდება, რადგან ინფორმაციას უშუალოდ იმ ადამიანებისგან აგროვებს, რომლებიც კონკრეტულ ადგილას ცხოვრობენ. ამით ზუსტდება გზავნილის დანიშნულების ადგილი. მაგალითად, კვლევა აჩვენებს, რომ ქვეყნებში, სადაც ყველაზე მეტი ოჯახი იღებს უცხოეთიდან გამოგზავნილ დახმარებას, ეს ოჯახები უფრო მეტად ურბანული დასახლებების მცხოვრებლები არიან, ვიდრე იმ პატარა ქალაქებისა და სოფლებისა, რომელთა მოსახლეობაც 50 ათასზე ნაკლებია. Gallup-ი როგორც ფულადი, ისე არაფულადი სახის დახმარებასაც იკვლევს. ამასთან, ოფიციალური მონაცემებისგან განსხვავებით, იმ ტიპის ტრანზაქციებსაც მოიცავს, რომლებმაც კონკრეტულ ქვეყნამდე შეიძლება არაფორმალური არხებით მიაღწიოს. იგივე სუბ-საჰარული აზიის შემთხვევაში, დასაშვებია, მსგავსი მონაცემები აღრიცხული საერთოდ არ იყოს.

2011 წლის გლობალური ფილანთროპიისა და ფულადი გზავნილების ინდექსის მიხედვით, 2009 წელს, განვითარებადი ქვეყნებისკენ მიმართული დახმარებები 2008 წელს 180.7 მილიარდი აშშ დოლარიდან 174.1 მილიარდ აშშ დოლარამდე შემცირდა. ამ დახმარებების უდიდესი წილი – 46% – აზიამ, 28% – ლათინურმა ამერიკამ, 11% – შუა აღმოსავლეთმა და ჩრდილოეთ აფრიკამ, 8% – სუბ-საჰარულმა აფრიკამ და 7% – ევროპამ და ცენტრალურმა აზიამმიიღო. გლობალური კეთილდღეობის ცენტრის შეფასებით, 2011-2012 წლებში, ამ დახმარებების მოცულობა, შესაბამისად, 6 და 8%-მდე გაიზრდება.

საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემების მიხედვით, 2011 წლის პირველ ნახევარში, 2010 და 2009 წლების შესაბამის პერიოდთან შედარებით, ფულადი გზავნილები, შესაბამისად, 1.3-ჯერ და 1.5-ჯერ გაიზარდა. 2011 წლის პირველ ნახევარში ყველაზე მეტი ფულადი გზავნილი – 49.1 მილიონი აშშ დოლარი – რუსეთიდან შემოვიდა, ხოლო ყველაზე ნაკლები – 128 ათასი აშშ დოლარი – ბელარუსიდან. საქართველომ ფულადი გზავნილების სახით ევროპის 13 ქვეყნიდან საშუალოდ 1.6 მილიონი აშშ დოლარი მიიღო, ამერიკიდან – 5.7 მილიონი აშშ დოლარი. საქსტატის ინფორმაციით, უცხოური გზავნილები საქართველოში არსებული ოჯახების 7%-ზე ნაწილდება და ოჯახზე საშუალოდ 370 ლარს შეადგენს.

კომენტარები