საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის წლევანდელი აქცენტები

0 კომენტარი

წლის 14 სექტემბრიდან 8 ოქტომბრის ჩათვლით, თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი, რომელიც ახლახან ფესტივალების ევროპული გაერთიანების (EFAA) წევრი გახდა, მესამედ გაიმართება.

თბილისის მერიის ინიციატივითა და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით დაფუძნებული ფესტივალის წლევანდელი პროგრამა ქართული (29 სექტემბერი-2 ოქტომბერი) და უცხოური (14 სექტემბერი-8 ოქტომბერი) სპექტაკლებისგან, ვორქშოფებისგან, გამოფენებისგან, სემინარებისგან შედგება. ორგანიზატორები აცხადებენ, რომ 2011 წლის საერთაშორისო პროგრამას მიმართულება NEW დაემატება. უკანასკნელი, ახალგაზრდა დასებისა და ახალი კომპანიების აღმოჩენასა და წარმოჩენას ითვალისწინებს.

ერთი წლის განმავლობაში შემუშავებული პროგრამის თანახმად, სამი კვირის განმავლობაში საქართველო ავსტრიის, იაპონიის, უკრაინის, ლიტვის, დიდი ბრიტანეთის, თურქეთის, ისრაელის, გერმანიის, სომხეთის, ხორვატიის, ინდოეთის, ირანის, კორეის, სლოვენიის, ნიდერლანდების, ჩინეთის, შვეიცარიის და რუსეთის თეატრალურ და საბალეტო დასებს უმასპინძლებს.

2011 წლის საერთაშორისო პროგრამის მთავარი სტუმარი კინოვარსკვლავი ჯონ მალკოვიჩია, რომელიც ვენის აკადემიური ორკესტრის თანხლებით, ავსტრიული კომპანია MUSIKKONZEPT-ის გახმაურებულ სპექტაკლში „ჯოჯოხეთური კომედია – სერიული მკვლელის აღსარებანი” მონაწილეობს. ფესტივალის ფარგლებში, შარშანდელის მსგავსად, საშუალება მოგვეცემა ვნახოთ გიორგი ტოვსტონოგოვის სახელობის რუსეთის დიდ დრამატულ თეატრში თემურ ჩხეიძის მიერ დადგმული სპექტაკლი „ბიძიას სიზმარი”, ამჯერად ალისა ფრეინდლიხისა და ოლეგ ბასილაშვილის მონაწილეობით. ასევე, შემოგვთავაზებენ დავით დოიაშვილის მიერ ვან ფონ ზაიცის სახელობის ხორვატიის ნაციონალურ თეატრში განხორციელებულ წარმოდგენას „ცხოვრება იდიოტისა”.

ჟანრული თვალსაზრისითაც საინტერესო უნდა იყოს ჩეხოვის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალისა და თეატრი ვიდი-ლუზანას ერთობლივი პროექტი „დონკა, წერილი ჩეხოვს”, რომელიც საცირკო და მუსიკალური ელემენტებით არის გაჯერებული.

წლევანდელ ფესტივალში პირველად, ორი საბალეტო დასი ჩაერთვება – თურქეთისა და საქართველოს ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრები. პირველი „ამორძალებს” (კომპოზიტორი ვახტანგ კახიძე, ქორეოგრაფი ნუკრი მაღალაშვილი), ხოლო მეორე – ირჟი კილიანის FALLING ANGELS / STEPPING STONES / SECHS TANZE-ს შემოგვთავაზებს.

ქართული სპექტაკლების პროგრამას, რომელშიც სულ 33 დადგმა გაერთიანდება, თეატრის კრიტიკოსთა ასოციაციის აღმასრულებელი კომიტეტი დაესწრება. კომიტეტი თბილისში პლენარულ სესიას ჩაატარებს, ნახავს ქართულ სპექტაკლებს და მონაწილეობას მიიღებს ქართული პროგრამის შემაჯამებელ დისკუსიაში. შარშანდელი ფესტივალის ფარგლებში ორგანიზებული სიმპოზიუმის ნაცვლად, როგორც შევიტყვეთ, წელს გაიმართება მრგვალი მაგიდა თემაზე „ეთიკიდან პრაქტიკამდე: თეატრის კრიტიკოსთა საერთაშორისო ასოციაციის კოდექსი”. თბილისში აღმასრულებელი კომიტეტის თოთხმეტი წევრი – სამხრეთ კორეიდან, საფრანგეთიდან, ინგლისიდან, აშშ-დან, კანადიდან, შვედეთიდან, იაპონიიდან, სერბეთიდან, ირანიდან, პოლონეთიდან, ჩინეთიდან და სხვა ქვეყნებიდან – ჩამოვა.

2011 წლის თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი, თანამედროვე ქართული დრამატურგიის ინგლისურ თარგმანებს გამოსცემს. მის ფარგლებში წარმოდგენილ ქართულ და უცხოურ სპექტაკლებს კი შოთა რუსთაველის, კოტე მარჯანიშვილის, ვასო აბაშიძის, ალექსანდრე გრიბოედოვის სახელობის, ასევე, სამეფო უბნისა და თავისუფალი თეატრები უმასპინძლებენ.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: დედა-შვილი მოქალაქეებს დევნილის სტატუსს ჰპირდებოდა და ფულს ართმევდა

კომენტარები