Enfant Fatale

0 კომენტარი

 – უხერხული კითხვა... ბავშვი რამდენს იწონის?
–11 კილოგრამს
– გადაღებამდე შეძლებს თქვენი ოლივია ოთხი კილოს დაკლებას?
– იქით კვირისთვის, ესე იგი... რა თქმა უნდა, შეძლებს!
–თუ ვერ დაიკლებს, ლიპოსაქციას გაუკეთებთ?
– ნუუ... თუ ისე ვერ დაიკლებს, მოგვიწევს ლიპოსაქციის გაკეთება.
ბრüნო

მოდის ჩემთან შვილის პოპულარობის სურვილით გამანიაკებული დედა და თავის ცხრა წლის შვილს კალთაში მისვამს – ნახეთ, რა საყვარელიაო. გულისამრევია ეს ყველაფერი.

ბორის გრაჩევსკი (ერალაშის სამხატვრო ხელმძღვანელი)

რამდენიმე დღის წინ, სოციალურ ქსელში ერთი-ორი აღშფოთებული ადამიანის პოსტს გადავაწყდი, რომლებიც სხვადასხვა საიტზე დადებულ, პატარა ბავშვების ეროტიკულ ფოტოებს აპროტესტებდნენ. ცუდად ის მენიშნა, რომ ამ მარაზმატიკულ ფოტოსესიებში მონაწილეები და აქტიური თუ პასიური თანამონაწილეები გამპროტესტებლებს აშკარად სჭარბობენ.

ფეშენმოზერმა ლიკა ყაზბეგმა, რომელიც „თბილისს ხშირად ანებივრებს ახალ-ახალი „წარმატებული” პროექტებით”, მზრუნველ მშობლებთან ერთად წარმოგვიდგინა პროექტი „პატარები”, სადაც ოთხი-ხუთი წლის ბავშვები ეროტიკის საუკეთესო ტრადიციებისამებრ ნახევრად ან მთლიანად შიშველ, ბავშვისათვის არაბუნებრივ პოზაში დგანან ან სხედან და მაკიაჟის მძიმე ფენიდან შემოგვყურებენ გულთამპყრობელის მზერით.

ალბათ არც პროექტის ავტორს და არც მასში მონაწილე დედებს ბოროტი ზრახვა არ აქვთ. მათ არ უფიქრიათ იმ სავალალო და ზედაპირზევე ხილულ შედეგებზე, რომელიც ასეთ „პროექტებს” შეიძლება მოჰყვეს: ზიანდება ბავშვის ფსიქიკა, პედოფილები კი ხარობენ. პრობლემა სწორედ ისაა, რომ არ უფიქრიათ. ის კი არა, სხვამ თუ დააფიქრა ამაზე, აქეთ შეედავებიან – „თქვენი ბინძური ინსინუაციები თქვენთვის შეინახეთ თქვე ასეთებო და ისეთებოო”.

ალბათ ბევრ ჩვენგანს ჰყავდა დიდი ბებია, რომელიც სიამაყით ან სინანულით ჰყვებოდა, როგორ გაათხოვეს 13 წლის ასაკში და მაშინ ეს ჩვეულებრივ ამბად ითვლებოდა. იმ ცამეტი წლის პატარძლისთვის მზითევში გატანებული „ვეფხისტყაოსანიც” საოჯახო ნივთების ნაწილი იყო და არა სიბნელიდან სინათლეში გადასვლის საშუალება. არც 90-იან წლებში იკლავდნენ მშობლები და საზოგადოება თავს იმის გამო, რომ ცამეტი-თოთხმეტი წლის გოგოებს ცოლებად იტაცებდნენ.

დაკარგული გოგოების თაობა, რომლებიც ახლა უკვე მამას კი არა, ქმარს „უჯერებდნენ”, სწავლის გამო ღამის გათენების მაგივრად ჩვილებს უთენებდნენ ღამეებს. შედეგად, რამდენიმე წელიწადში საკუთარი არარეალიზებული და დაჩაგრული მეს რეალიზებას შვილების გაპოპულარულება-გავარსკვლავებით ცდილობდნენ. საგულისხმოა, რომ ამ დედების უმრავლესობის მეგობრებს კურსელები, თანამშრომლები ან თანამოაზრეები კი არა, თანამომლოდინეები შეადგენდნენ – ანუ ქალები, რომლებიც ერთად სხედან ცეკვა-სიმღერის სტუდიების მოსაცდელებში, სანამ მათი შვილები აისიდორა დუნკანები, მადონები და ბრუკ შილდსები გახდებიან და საკუთარ „მოტაცებაზე” ან ავ დედამთილზე საუბრობენ.

ალბათ ასე იშვა ანსამბლი „გვირილა”. ხომ გახსოვთ?! პატარა, ზედმეტი მაკიაჟით დამახინჯებული საბრალო ბავშვები, რომლებსაც S ზომის „დიდქალური” კაბები ეცვათ და საყვარელ ადამიანთან გატარებულ უკანასკნელ ღამეზე, სიყვარულის ჩავლილ მატარებელზე და სასმელში ჩაკლულ ვნებაზე მღეროდნენ იმ ასაკში, ჯერ რ-ს მაგივრად ლ-ს რომ ამბობენ.

მოგვიანებით დუეტებიც გაჩნდა. კაცების და გოგოების უცნაური დუეტები. „პატარა ქალო, ჯერ გავითვალოთ, იწილო-ბიწილო”; „წავიდეთ შორს, აქედან შორს”, „ვინც მიმღერებს, მისი ვიქნები”, „მომეფერე და შემიყვარე” – მღეროდნენ დიდი ქალებივით თვალებდახუჭული 10-11 წლის გოგონები.

მე პოლინა ასეტინსკაიაც გამახსენდა, საბჭოთა ვუნდერკინდი, სატელევიზიო ვარსკვლავი, ყველაზე ნორჩი საბჭოთა პიანისტი, რომლისაც ბევრ, მუსიკალურ შვიდწლედში სოლფეჯიო-მუსლიტერატურით გატანჯულ გოგოს შურდა – მათ შორის მეც. პოლინა ნამდვილი სუპერსტარი იყო. პატარა, ლამაზი და უზომოდ პოპულარული. მოგვიანებით, როცა მედიას თავისუფლება შემოეპარა, აღმოჩნდა, რომ პოლინას მანიაკი მამა ჰყავდა, რომელიც შვილს სადისტური მეთოდებით ზრდიდა და იმდენ ხანს ამეცადინებდა, ბავშვი კი არა, მაჩვიც დაუკრავდა ასეთი ცხოველურად წვრთნის პირობებში ბახს. მამას უნდოდა მისგან ისეთი პიანისტი გამოსულიყო, როგორიც თვითონ ვერ გახდა. პოლინა კი თურმე სახლიდან გაიქცა ბოლოს.
მაგრამ ეს ყველაფერი ხომ ადრე იყო, როცა ჯერ კიდევ დაილ აპით შევდიოდით ინტერნეტში, როცა ჯერ კიდევ ძალიან ბუნდოვანი წარმოდგენა გვქონდა ადამიანის უფლებებსა და მოვალეობებზე თანამედროვე სამყაროში.

ახლა 2011 წელია და ჩვენ უკვე კვირაში რამდენიმეჯერ გვესმის ცივილიზაციიდან შემოღწეული სიტყვები: Human Rights Watch, UNICEF, სოციალური მუშაკი, არასამთავრობო ორგანიზაციები... უკვე ვიცით, რომ ბავშვი აღარ არის მხოლოდ შენი და „რასაც გინდა იმას” ნამდვილად ვერ უზამ.

გასაგებია, რომ შეიძლება ზოგიერთმა სამოდელო სააგენტომ ან საიტმა ეს ხელოვნებად შემოგვასაღოს, რადგან პორნოგრაფიულად არ ითვლება ნაწარმოები, რომელიც შექმნილია სამედიცინო, სამეცნიერო, კულტურული და სხვა კანონიერი მიზნებისთვის. კულტურულია ჩემი მიზანიო, იტყვის თუნდაც ლიკა ყაზბეგი და თუ კარგად მოემზადება, ნაბოკოვს, “რომეო და ჯულიეტას”, ან კუპერტონის რეკლამას (სადაც პატარა გოგოს ლეკვი ექაჩება საცვალზე) აგვიფრიალებს.

როგორ უნდა დავუმტკიცოთ ამ ქალბატონს და მის კოლეგებს, რა განსხვავებაა „რომეო და ჯულიეტას” და ამ კიჩურ ფოტოსესიებს შორის? მით უმეტეს, როცა მშობლები ამ ყველაფერში ფულსაც კი იხდიან.

ამიტომ, ამ ეტაპზე ეს ფოტოსესიები შეიძლება მხოლოდ გემოვნებაზე დავის საგანი იყოს. თუმცა იმ მშობლებმა, რომლებსაც არ აქვთ გააზრებული ყველა შესაძლო საფრთხე, უნდა იცოდნენ, რომ მათი საქციელი ბავშვზე ფსიქოლოგიური ძალადობაა. ის, რაც მათ „საყვარლობად” ეჩვენებათ, შეიძლება უამრავი პედოფილის სექსუალური ფანტაზიის წყარო გახდეს.

ეპიგრაფად მოყვანილ ციტატებშიც ჩანს, რომ ეს მხოლოდ ქართული პრობლემა არ არის. განსხვავება ისაა, რომ სხვაგან ასეთ უგემოვნო ხელოვნებას და შეგნებულ ან შეუგნებელ ბოროტებას საზოგადოება ყოველთვის უპირისპირდება. შემდეგი ეტაპი კი ყველა ქვეყანაში სხვადასხვანაირია – მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით.

საქართველოში პორნოგრაფია აკრძალულია. ამავდროულად მშობელს აქვს უფლება, ატაროს ბავშვი სამოდელო სააგენტოებში, გადაუღოს, ფულიც გადაიხადოს ძვირად ღირებულ იაფფასიან, საბავშვო ეროტიკის ქვეტექსტშემცველ სურათებში და დატკბეს საკუთარი შვილის „პოპულარობით”.
თავად ლიკა ყაზბეგი ერთ-ერთ ინტერვიუში ამბობს: „ჩემი დისშვილი ლადიკო ბაქრაძეც ოთხი წლიდან არის ჩემს სააგენტოში, მაგრამ მე არ ვარ მომხრე, რომ ის მოდელი გახდეს. კაცი მოდელი... საქართველოში... რა ვიცი...”

ქართული სიწმინდეების დაცვის სადარაჯოზე მდგომი პატრიოტის ხმა კი Spring/Summer 2011 მიტინგიდან ახლაც ჩამესმის: „საკუთარი შვილისთვის ხელი ვეღარ დაგიკარებია, შეიძლება გიჩივლოსო, გესმით ხალხოო!!!”

P.S. ხომ არ გავიაროთ უნარ-ჩვევების ტესტები, სანამ დედები ან პედაგოგები გავხდებით?


ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: დავაკავეთ კაცი, რომელმაც უკრაინის მოქალაქეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა (ვიდეო)

კომენტარები