ჯიჰად-კოსმოს შემდეგ ჯიჰად-დისნეი - ალ-ყაიდას ახალი პროექტი

0 კომენტარი

 ალ-ყაიდა გეგმავს მულტფილმის მომზადებას ჯიჰადის თემაზე მცირეწლოვანი ბავშვების იდეოლოგიური აღზრდის მიზნით. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო Associated Press იუწყება. სააგენტოს ცნობით, მულტფილმის მთავარი გმირები საბრძოლო უნიფორმაში ჩაცმული ბიჭები არიან, რომლებიც სამხედრო რეიდებში, მკვლელობებსა და ტერორისტული აქტების დაგეგმვაში მონაწილეობენ. ინფორმაცია ალ-ყაიდას მულტფილმის შესახებ ერთ-ერთ ისლამისტურ ვებ გვერდზე გავრცელდა.
”ეს არის დისნეის მულტიპლიკაციური ფილმების მსგავსი ფილმი, რომელიც ბავშვებს მუჰამედ წინასწარმეტყველისა და წმინდა ომების შესახებ უყვება. მულტფილმი ანტიდასავლურ პროპაგანდას ეწევა,” განაცხადა ნომან ბენოტმანმა, Quilliam Foundation-ის ანალიტიკოსმა. ”თუმცა, ვფიქრობ, რომ ეს მულტფილმი საპირისპირო რეაქციას გამოიწვევს. ბავშვების მშობლები და ოჯახები ძალიან გაბრაზდებიან, რომ ალ-ყაიდა მათ შვილებზე ზემოქმედებას ცდილობს,” თქვა მან.

მარტში ალ-ყაიდამ მუსლიმი ქალებისთვის სპეციალური ჟურნალი გამოსცა, რომელშიც მოდისა და სილამაზის შესახებ რჩევებთან ერთად, ტერორისტული აქტების მოწყობის შესახებაც არის ინფორმაცია. ბრიტანული გამოცემა The Daily Mail-ის ინფორმაციით, ”ჯიჰად-კოსმოს” პირველ ნომერში დაიბეჭდა ინტერვიუები თვითმკვლელი ტერორისტების, ”წამებულების” ცოლებთან.

ჟურნალი მკითხველებს მოუწოდებს, რომ მუსლიმი ქალების მთავარი მოვალეობა მოჯაჰიდების აღზრდაა, რომლებიც ჯიჰადისთვის იქნებიან მზად. სილამაზის სვეტში კი ქალებს ურჩევენ, რომ სუფთა კანის შესანარჩუნებლად მუდამ ატარონ ჩადრი, სახლში ყოფნის დროსაც კი. ჟურნალში გამოქვეყნებულ ერთ-ერთ სტატიაში  ავტორი მუსლიმ ქალებს მოუწოდებს ”სიცოცხლე ისლამისთვის გასწირონ.”


ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

პოლიციამ სტუმრების ცემისთვის ბარის დაცვის 2 თანამშრომელი დააკავა (ვიდეო)

კომენტარები