სოხუმი ჟენევის მოლაპარაკებებში მონაწილეობას აგრძელებს

აფხაზური მხარე ჟენევის მოლაპარაკებების მომდევნო რაუნდში მონაწილეობას მიიღებს. ამის შესახებ განცხადება ჟენევის მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეებთან შეხვედრის შემდეგ აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაქსიმ ღვინჯიამ გააკეთა.

სოხუმში გამართულ შეხვედრას ევროკავშირის წარმომადგენელი პიერ მორელი, გაეროს წარმომადგენელი ანტი ტურუნენი და ეუთოს წარმომადგენელი გიედრიუს ჩეკუოლისი ესწრებოდნენ.

”აფხაზეთი მზად არის მონაწილეობა მიიღოს ჟენევის მოლაპარაკებების მომდევნო რაუნდში, რომელიც 4 ოქტომბერს გაიმართება,” აღნიშნა საინფორმაციო სააგენტო აფსნიპრესთან საუბრისას აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრმა ”ამ ეტაპზე განსაზღვრულია მხარეთა პოზიციები მთელ რიგ მნიშვნელოვან საკითხებზე. ეს, პირველ რიგში, დევნილთა დაბრუნების საკითხს ეხება,” დასძინა მან.

კომენტარები