შობადობის ბუმი საქართველოში

საქართველოში მოსახლეობის მკვეთრ შემცირებასა და მოსალოდნელ დემოგრაფიულ კატასტროფაზე, ბევრს საუბრობენ. შეშფოთება საფუძველს მოკლებული არ არის: 1999-დან 2009 წლამდე არსებული შობადობის დონე, თაობათა განახლებას ვერ უზრუნველყოფდა. აღწარმოების შეკვეცილი რეჟიმი მოსახლეობის ბუნებრივი გზით კლებას იწვევდა. დღეისთვის განსხვავებული ტენდენციები შეიმჩნევა.

გასულ კვირას, საქართველოში რიგით მესამე რეპროდუქციული ჯანმრთელობის კვლევის მონაცემები გამოქვეყნდა. მათი მიხედვით, 2005-დან 2010 წლამდე, შობადობა 25%-ით გაიზარდა.

კვლევამ 6 ათასამდე ქალი და 11 რეგიონის მონაცემები მოიცვა. რესპონდენტთა უმრავლესობა (87%) ქართველი იყო, 5-5% – ეროვნებით სომეხი და აზერბაიჯანელი. სხვა დანარჩენი 3%-ს შეადგენდა.

ქალთა 35%-ს კიდევ სურს ბავშვის გაჩენა. ეს მაჩვენებელი განსაკუთრებით მაღალია ქალებში, ვისაც უკვე ჰყავს 2 ან მეტი შვილი (21%). შობადობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი 20-24 წლის და 25-29 ასაკის ქალთა ჯგუფებში აღინიშნა (36% და 29%), 15-19 წლის ასაკობრივ ჯგუფში მაჩვენებელი 10%-ს შეადგენს.

კვლევის მიხედვით, ბოლო ხუთი წლის მანძილზე ხელოვნური აბორტების რაოდენობა მნიშვნელოვნად, 48%-ით შემცირდა. კლების ტენდენცია 1999 წლიდან შეიმჩნევა, ბოლო 5 წელიწადში კი – განსაკუთრებით. დღეისთვის ერთ ქალზე 1.6 ხელოვნური აბორტი მოდის. უკანასკნელი 20 წლის მანძილზე, ეს პირველი შემთხვევაა, როცა შობადობის მაჩვენებელმა აბორტებისას გადააჭარბა.

2010 წლისთვის, თითქმის 64%-თაა შემცირებული 5 წლამდე ბავშვთა სიკვდილიანობა. თუ 1995-1999 წლებში სიკვდილი 1000 ცოცხლად შობილ ბავშვზე 45.3 შემთხვევაში დგებოდა, 2010 წლისთვის 16.4-მდეა შემცირებული. ეს ჯერ კიდევ შორსაა განვითარებული ქვეყნების მაჩვენებლისგან (7 და ქვემოთ). ეს ტენდენციები, მცირედი განსხვავებით, თანხვდება საქართველოს ოფიციალურ სტატისტიკურ მონაცემებს.

მნიშვნელოვნადაა გაზრდილი ქორწინებათა რეგისტრაციის რიცხვიც. იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს მონაცემებით, 2010 წელს საქართველოში 31 464 წყვილის ქორწინება დარეგისტრირდა. ანუ, ბოლო 6 წელიწადში, ქორწინების რეგისტრაცია 73%-ითაა გაზრდილი.

კვლევიდან გამომდინარე, უკანასკნელი სამი წლის ინტერვალით, შობადობის კოეფიციენტი ერთ ქალზე 2.0 ბავშვია. ეს მაჩვენებელი 2005 წლისას 25%-ით აღემატება და თანამედროვე საქართველოში, ოდესმე გამოქვეყნებულ მაჩვენებლებს შორის, ყველაზე მაღალია.

განვითარებულ და განვითარებად ქვეყნებში, როგორც წესი, შობადობის მაჩვენებელი განსხვავებულია: განვითარებულ ქვეყნებში (აშშ, ევროპა, იაპონია) თითქმის 2-ჯერ დაბალია. ასეთ დროს, მოსახლეობის დაბერება სიკვდილიანობის ზრდას იწვევს და ბუნებრივი მატება აღარ ხდება. ამრიგად, მოსაზრება, რომ ეკონომიკურ აღმავლობას დემოგრაფიული აღმავლობა მოსდევს, მცდარია.

ამ მხრივ, განსხვავებული მდგომარეობაა საქართველოში. მოსახლეობის აღწარმოების თვალსაზრისით, დღემდე, განვითარებული ქვეყნების გვერდით ვხვდებოდით, გარე მიგრაციის მაჩვენებლის მიხედვით – განვითარებადის, სადაც გარე მიგრაცია ბევრად მაღალია. თუმცა, უკანასკნელ პერიოდში, მიგრაციის მხრივაც კლება შეინიშნება.

ქართველი დემოგრაფები ამბობენ, რომ შობადობის კოეფიციენტი მოსახლეობის მარტივი აღწარმოებისთვის საკმარისია – სხვა დანარჩენი ფაქტორების – აბორტების, ქალთა რაოდენობის და მიგრაციის სალდოს გათვალისწინებით. დემოგრაფიის სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს თავმჯდომარის, გიორგი წულაძის თქმით, დადებითი ტენდენციები სახეზეა, თუმცა, ეს სამუდამოდ არ გაგრძელდება და შობადობა კვლავ დაიკლებს.

ქორწინება, ოჯახის შექმნა და ბავშვების გაჩენა გარკვეულწილად ეკონომიკის ზოგადი კანონებით აიხსნება. ღრმა სტრუქტურული მიზეზები აქვს შობადობის კლებასაც. განვითარებული ეკონომიკის პირობებში, ადამიანებს ბავშვის გაჩენის ნაკლები მოტივაცია აქვთ. ამას იწვევს, თუნდაც, პოტენციური დედების მზარდი დასაქმება და შემოსავლის მატება. მაგალითად, საქართველოში რეპროდუციული ჯანმრთელობის კვლევამ აჩვენა, რომ უკანასკნელი ათწლეულში, იმ ახალგაზრდა ქალების რაოდენობა, ვინც უახლოესი 2 წლის მანძილზე ბავშვის გაჩენას გეგმავს, 29%-ით შემცირდა. 30 წლის და მეტი ასაკის ქალთა შორის მაჩვენებელი გაიზარდა. სავარაუდოდ, ეს ახალგაზრდა ქალთა დასაქმების ზრდას უკავშირდება. ხდება შვილის გაჩენის ვადის გადავადება, რადგან მშობლებს ურჩევნიათ, საკუთარ განათლებას მიხედონ, რაც, ეკონომისტების აზრით, სარფიანი კაპიტალდაბანდებაა.

გარდა ამისა, ბავშვის აღზრდა დროის დიდ ნაწილს მოითხოვს. განვითარებულ ქვეყნებში, მშობლებს სურთ, მეტი ინვესტიცია განახორციელონ საკუთარ შვილში და ძვირადღირებული განათლება მისცენ. ამიტომ, ურჩევნიათ, ნაკლები, სამაგიეროდ, მეტად „ხარისხიანი” შვილი იყოლიონ.

ამ ფაქტორების გათვალისწინებით, სახელმწიფოს მხრიდან მოსახლეობის დემოგრაფიულ დინამიკაში ჩარევა და ხელოვნური სტიმულირება უიმედო წამოწყებაა. სხვადასხვა სფეროებში სახელმწიფოს როლის ზრდა და მის მიერ სამოქალაქო ინსტიტუტებისა და ოჯახის ჩანაცვლება, შობადობის მაჩვენებელს არ ზრდის. პირიქით, ეს ერთ-ერთი, თუმცა არა ერთადერთი, ფაქტორია, რომელიც ამ მაჩვენებლის კლებას განაპირობებს.

გარი ბეკერის ადამიანური კაპიტალის თეორიის მიხედვით, მშობლებს „ეგოისტ” შვილთან ალტრუისტული დამოკიდებულება აქვთ: მასში ინვესტიციას ახორციელებენ და დაბანდებული კაპიტალის უკან დაბრუნებას ელიან – მომავალში შვილებმა მათზე უნდა იზრუნონ. მშობლებს არ აქვთ რაიმე გარანტია ან იძულების მექანიზმი, შვილი ამით დაავალდებულონ, ამიტომ პასუხისმგებლობას, მოვალეობასა და დედ-მამის სიყვარულს უნერგავენ. მოგვიანებით, ეს ირიბად, მაგრამ ეფექტიანად აიძულებს შვილებს, რომ მშობლებზე იზრუნონ.

ბეკერი ამტკიცებს, რომ მსგავსი ინვესტიცია, ხშირად, შემოსავლიდან სიბერისთვის გადანახულ დანაზოგებზე მომგებიანია. სოციალური დაცვის სისტემა, რომელიც შვილების დახმარებას სოციალური მხარდაჭერით, პენსიებით ანაცვლებს, მშობლისთვის ბავშვის ყოლის ღირებულებას ზრდის – მას წამგებიან ინვესტიციად აქცევს. შესაბამისად, კლებულობს ბავშვის გაჩენის მოტივაციაც. შედეგად, სახელმწიფოსა და სოციალური დაცვის სისტემის როლის ზრდა, შობადობის შემცირებას უწყობს ხელს.

აღსანიშნავია, რომ სადაც ორგანიზებული რელიგია – ეს უძველესი სამოქალაქო ინსტიტუტი – არსებობს, შობადობა უფრო მაღალია. დემოგრაფები ფიქრობენ, რომ საქართველოში შობადობის ზრდას პატრიარქის მიერ მშობლების მოტივირებამაც შეუწყო ხელი.

შობადობის მაღალი კოეფიციენტი და მოსახლეობის ზრდა, თუ ის თავისთავად ხდება, ეკონომიკისთვის სასარგებლოა – იზრდება სასარგებლო იდეებისა და შრომისუნარიანი ადამიანების რაოდენობა, კეთდება ადამიანური კაპიტალის ინვესტირება, გროვდება ცოდნა და ბაზარზე ახალი ალტერნატივები წარმოიქმნება.

როგორც წესი, სტიმულირების შედეგად იმატებს არა შობადობა, არამედ ქალები უფრო ადრეულ ასაკში აჩენენ შვილებს. ხოლო თუ შობადობის ბუმი გამოიწვია, ამას ახალგაზრდების დიდი რაოდენობა მოსდევს, რომლებიც ვერ პოულობენ საკუთარ ადგილს – შრომის ბაზარზე თუ სექსუალურ ცხოვრებაში. ამიტომ, დანაშაულისკენ მიდრეკილნი ხდებიან და მაღლდება აგრესიის დონე. მკვეთრი დემოგრაფიული ზრდა პრობლემას ქმნის აღმოსავლეთ ქვეყნების შემთხვევაშიც, იმატებს მუსლიმი „საომარი ასაკის” მამაკაცთა რიცხვი – შესაბამისად, ტერორიზმის საფრთხეც იზრდება.
სხვა მხრივ, დემოგრაფიული მდგომარეობა ხელოვნური ჩარევის გარეშე, თავისთავად რეგულირდება.

კომენტარები