ჯუდით გოფი: საქართველოს მომავალი მისსავე ხელშია

ფოტო: ხათუნა ხუციშვილი

ფოტო: ფოტო: ხათუნა ხუციშვილი
საქართველოს დემოკრატიული განვითარების, ევროპასთან დაახლოების და კონფლიქტების მშვიდობიანი გზით გადაწყვეტის ხელშეწყობა იმ საკითხთა შორის იყო, რომლებიც ბრიტანეთის ელჩმა საქართველოში, ჯუდით გოფმა, დანიშვნისთანავე თავისი საქმიანობის პრიორიტეტებად განსაზღვრა. ათი თვე გავიდა მას შემდეგ, რაც ჯუდით გოფი საქართველოში ჩამოვიდა და საკუთარი მისიის შესრულებას შეუდგა.

ტაბულასთან ინტერვიუში ბრიტანეთის ელჩი ჯუდით გოფი საუბრობს საქართველოს წარმატებებსა და გამოწვევებზე და მიმოიხილავს მსოფლიოში მიმდინარე მნიშვნელოვან მოვლენებსა და საკითხებს.

საქართველოს პარლამენტმა რელიგიურ ორგანიზაციებთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო, რამაც მართლმადიდებელი ეკლესია გაანაწყენა. ეკლესია ხელისუფლებას აკრიტიკებს სხვადასხვა კონფესიებისთვის რელიგიურ ორგანიზაციებად დარეგისტრირების უფლების მიცემის გამო. ბრიტანეთსაც აქვს დომინანტური რელიგია...

განსხვავება ამ ორ შემთხვევას შორის ფუნდამენტურია. მოდით, მკაფიოდ ვთქვათ, თუ რა ხდება რეალურად. ძალიან მნიშვნელოვანია ის, თუ როგორი დამოკიდებულება აქვს ქვეყანას თავის უმცირესობებთან. ამ საკითხში ბრიტანეთს ძალიან კარგი გამოცდილება აქვს.

ჩვენი სახელმწიფოს ხელმძღვანელი, დედოფალი, ამავდროულად რელიგიის მცველია და ეკლესიაც გარკვეულ როლს ასრულებს. მიუხედავად იმისა, რომ ანგლიკანურ ეკლესიას უპირატესობა ენიჭება, სხვა რელიგიები საქართველოში ნაკლებ სახარბიელო მდგომარეობაში არიან, ვიდრე ბრიტანეთში. მაგალითად, ჩვენთან ისლამური, კათოლიკური, იუდაიზმის სკოლები მოქმედებს. თქვენთან – არა. ბრიტანეთში ეს სალოცავები აღიარებულია. ამრიგად, განსხვავება ფუნდამენტურია.


მე მივესალმები საქართველოს სამოქალაქო სამართლის კოდექსში რელიგიური უმცირესობების სტატუსის შესახებ ცვლილებების შეტანას. აღმსარებლობის თავისუფლება ადამიანის ფუნდამენტური უფლებაა. მსურს მკაფიოდ გამოვხატო ჩემი ღრმა პატივისცემა საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის მიმართ. იმედი მაქვს საზოგადოება ყურადღებით გაეცნობა კანონს. სხვა აღმსარებლობების კანონიერი აღიარება საქართველოს მართლმადიდებლურ ეკლესიას საფრთხეს არ უქმნის, ვინაიდან იგი მხოლოდ იურიდიულად განამტკიცებს იმ პლურალიზმს, რაც ქვეყანაში საუკუნეების მანძილზე არსებობდა.

ბრიტანულ მულტიკულტურალიზმზე რას გვეტყოდით?

ბრიტანეთის წარმატება ემიგრანტებზე დგას. ბრიტანეთში ემიგრაცია საუკუნეების მანძილზე ხდებოდა და კვლავ გრძელდება. მაგალითად, მე-16 საუკუნეში, პირველი ნამდვილი ბანკირი ლონდონში იტალიელი იყო. ბრიტანეთმა ბევრი დევნილი შეიფარა, მაგალითად, მე-19 საუკუნეში რუსეთიდან „პოგრომებს” გამოქცეული ებრაელები. ვფიქრობ, ბრიტანული საზოგადოება ძალზე ტოლერანტული იყო და ასეთად დარჩა. ცხადია, ყოველთვის იქნება პრობლემები, რომლებიც დიალოგითა და ურთიერთგაგებით უნდა მოგვარდეს. ბრიტანეთში ბევრი რამ კეთდება ზოგადად ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლობის გასაზრდელად, ასე მაგალითად, ეთნიკური უმცირესობები წარმოდგენილები არიან როგორც თემთა, ისე ლორდთა პალატაში.


ფოტო: ფოტო: ხათუნა ხუციშვილი
ამრიგად, ჩვენ ყოველთვის მრავალკულტურული საზოგადოება ვიყავით. ლონდონში რომ ვბრუნდები, ძალიან მსიამოვნებს მეტროთი მგზავრობისას ვაგონში ეთნიკურ მრავალფეროვნებას რომ ვხედავ. ვფიქრობ, ეს შესანიშნავია.

რა კრიტერიუმით არჩევს ბრიტანეთი მოკავშირეებს?

ბრიტანეთი უძველესი და ისტორიული ქვეყანაა და, შესაბამისად, ღრმა ისტორიული ურთიერთობები და ალიანსები აქვს. უდავოა, რომ შეერთებული შტატები ჩვენი ყველაზე ძლიერი პარტნიორია. ასევე მჭიდრო ურთიერთობები გვაქვს ევროპელ კოლეგებთან ევროკავშირში. კიდევ უფრო ძლიერდება თანამშრომლობა ჩვენს ისტორიულ პარტნიორთან, საფრანგეთთან, განსაკუთრებით უსაფრთხოების სფეროში. ასევე გვაქვს ისეთი თანამშრომლობა, ალიანსები, რომლებიც ნაკლებ თვალშისაცემია. ასეთია, მაგალითად, იმ ქვეყნების თანამეგობრობა, რომელიც ჩვენი კოლონიური წარსულის შედეგად წარმოიშვა და ისეთ სასარგებლო ფორუმად იქცა, რომელიც შესაძლებლობას გვაძლევს საერთო ისტორიის, ინტერესებისა და ღირებულებების ქვეყნებთან სხვადასხვა საკითხზე ვითანამშრომლოთ. არ არის ისე, თითქოს რაიმე კრიტერიუმებს ვიყენებდეთ. უბრალოდ, ბუნებრივად ვიხრებით ისეთი ქვეყნებისაკენ, რომლებთანაც საერთო ისტორია, ინტერესები და ღირებულებები გვაახლოებს.

ვფიქრობ, ბრიტანეთის დიპლომატიის დამახასიათებელი ნიშანი ურთიერთობებში ქვეყნების ჩართვა, მათთან დიალოგის დამყარება, ახალი ურთიერთობების ჩამოყალიბება და გაძლიერებაა. ამრიგად, ბრიტანეთი ის ქვეყანაა, რომელსაც ძალზე ფართო დიპლომატიური ქსელი აქვს, ვფიქრობ, ყველაზე ფართო, ვიდრე რომელიმე სხვა ქვეყანას. ამის მიზეზი ხალხთან ურთიერთობებისა და დიალოგის დამყარების მყარი, საუკუნეების მანძილზე ჩამოყალიბებული ბრიტანული პოლიტიკა და კულტურაა.

რატომ მიიჩნევს ბრიტანეთი საქართველოს თავის მოკავშირედ და რატომ უჭერს მხარს ევროკავშირსა და NATO-ში მის მომავალ გაწევრიანებას?

მკაფიოდ მინდა განვაცხადო, რომ ბრიტანეთსა და საქართველოს საკმაოდ ძლიერი ურთიერთობა აქვთ. ამის დასტურია ჩვენი ახალი საელჩო, რომელიც ჩემი ჩამოსვლის შემდეგ გავხსენით. უდავოა ისიც, რომ საქართველოს სწრაფვას NATO-სა და ევროკავშირისაკენ სრულად ვუჭერთ მხარს. რასაკვირველია, საქართველო ჩვენი პარტნიორი ქვეყანაა. ბრიტანეთი, ისევე როგორც სხვა პარტნიორები, ვაფასებთ და მადლიერები ვართ საქართველოსი იმ დიდი წვლილის გამო, რომელიც მას ავღანეთის მისიაში შეაქვს. ასევე ვაფასებთ და ვხედავთ საქართველოს მიერ ავღანეთში გაღებულ მსხვერპლს, 9 ჯარისკაცი დაიღუპა, სამწუხაროდ, ბრიტანეთმა 380 ჯარისკაცი დაკარგა.

როგორ აფასებთ ქვეყნის ღირებულებებს? როგორ შეაფასებდით დემოკრატიის დონეს საქართველოში? რა მიგაჩნიათ მთავარ გამოწვევად ქვეყნისთვის და როგორ ეხმარება ბრიტანეთი საქართველოს ამ გამოწვევების დაძლევაში?


ფოტო: ფოტო: ხათუნა ხუციშვილი
ბრიტანეთის საგარეო პოლიტიკა სამ ფუნდამენტურ ღირებულებას ეფუძნება – დემოკრატიული თავისუფლება, ადამიანის უფლებები და კანონის უზენაესობა. ეს არის, რასაც მხარს ვუჭერთ და რისიც გვჯერა.

არც ერთი დემოკრატია სრულყოფილი არ არის. ბრიტანეთი ხანგრძლივი და ისტორიული დემოკრატიული ტრადიციის ქვეყანაა, მაგრამ არა მგონია, იმის მტკიცება შეგვეძლოს, რომ სრულყოფილი დემოკრატია ვართ.

საქართველომ მეტად მოკლე პერიოდში ძალზე დიდი წინსვლა შეძლო. ოცი წლის წინ ეს ქვეყანა უმძიმეს მდგომარეობაში იყო. ამიტომ, ვფიქრობ, მიღწეული წარმატება შექებასა და აღნიშვნას იმსახურებს. თუმცა, რაიმე გაერთიანების წევრობა ყოველთვის მეტის გაკეთებას მოითხოვს. რიგ სფეროებში ჯერ კიდევ არის გარკვეული პროგრესი მისაღწევი. ეს ის სფეროებია, რომელთა შესახებაც საქართველოს მთავრობასთან ვსაუბრობთ, მაგალითად, სასამართლო რეფორმა, მედიის გამჭვირვალობა და საარჩევნო გარემო, სადაც, როგორც აღვნიშნე, გარკვეული პროგრესი მიღწეულია. თუმცა, ეს ის საკითხებია, რომლებიც შემდგომ გაუმჯობესებას საჭიროებს, ვინაიდან ნებისმიერი დემოკრატია თავისი ბუნებით, განვითარების უწყვეტი პროცესია. ამრიგად, ბევრი კარგი რამ გაკეთდა და კიდევ ბევრია გასაკეთებელი, რათა ევროკავშირისა და NATO-ს წევრობის კრიტერიუმები დაკმაყოფილდეს. ეს გრძელვადიანი სწრაფვაა და დროს მოითხოვს. ჯერჯერობით დემოკრატიის ჯადოსნური ჯოხი არავის უპოვია.

თუ მიმდინარეობს რაიმე ტიპის ტექნიკური დახმარების პროექტები?

ჩვენი დახმარება ძირითადად ევროკავშირის გავლით მოდის და ამიტომ, მიჭირს ციფრებში გამოვხატო იგი. თუმცა, ევროკავშირი მნიშვნელოვანი თანხით ეხმარება ქვეყანას და ამ დახმარებაში გაერთიანებული სამეფოს, როგორც ევროკავშირის ერთ-ერთი წამყვანი წევრის წილი დიდია. ბევრი პროექტი ხორციელდება ისეთ სფეროებში, რომლებიც დემოკრატიის მშენებლობას უწყობს ხელს. ზოგი პროექტი შედარებით ნაკლებად არის ცნობილი. მაგალითად, ვესტმინსტერის დემოკრატიის ფონდი საქართველოს პარლამენტში მუშაობს. ეს კარგი მაგალითია იმისა, თუ სად მიდის ბრიტანეთის მთავრობის ფული – რესპექტაბელურ ორგანიზაციაში, რომელიც ისეთი ტიპის სამუშაოს ასრულებს, რასაც აქ, როგორც ჩემთვის ცნობილია, დიდი მოწონებით ხვდებიან.

უფრო რთულ თემაზე გადავიდეთ – ბრიტანეთისა და რუსეთის ურთიერთობებზე. 2007 წელს, ბრიტანეთის უშიშროების სამსახურმა რუსეთი საშიშ ქვეყნად დაასახელა, რომელიც ბრიტანეთში მკვლელობებს სჩადის. 2010-შიც, ამავე სამსახურმა განაცხადა, რომ რუსეთს აგენტების ისეთივე ქსელი ჰყავს ბრიტანეთში, როგორიც ცივი ომის დროს ჰყავდა. საქართველოს მთავრობაც რუსეთს ტერორისტული აქტების მოწყობაში ადანაშაულებს. კრიტიკოსებს მიაჩნიათ, რომ ასეთ ვითარებაში რუსეთთან თანამშრომლობის ჩვეულებრივი რეჟიმი, მაგალითად, ევროკავშირ-რუსეთის დიალოგის ანდა NATO-რუსეთის დიალოგის ფორმატში, კონტრპროდუქტიულია. თქვენ რას ფიქრობთ ამ საკითხზე?

ბრიტანეთისა და რუსეთის ურთიერთობას ხანგრძლივი ისტორია აქვს. ეს ორი უძველესი ტრადიციების მქონე ქვეყანაა. ნებისმიერი ხანგრძლივი ურთიერთობის გზაზე ყოველთვის გხვდება წინააღმდეგობები. ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ბრიტანეთ-რუსეთის ურთიერთობები მართლაც რომ არ იყო ისეთი მარტივი. მაგრამ, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ არ უნდა ვითანამშრომლოთ რუსეთთან. უკვე ვთქვი და კიდევ გავიმეორებ, რომ ბრიტანეთის საგარეო პოლიტიკა თანამშრომლობას ეფუძნება და დიალოგისა და დიპლომატიის გზით აგვარებს პრობლემებს. ამიტომაა, რომ ახლა, როდესაც გესაუბრებით, ბრიტანეთის მინისტრი ევროპის საკითხებში ოფიციალური ვიზიტით მოსკოვში იმყოფება. უნდა გავაგრძელოთ თუ არა საუბარი მოსკოვთან? რასაკვირველია, უნდა გავაგრძელოთ. მთელ რიგ სფეროებში ჩვენ საერთო ინტერესები გვაქვს – ვაჭრობა იქნება ეს თუ ტერორიზმთან ბრძოლა, ნარკოტიკების კონტრაბანდა თუ ორგანიზებული დანაშაული ან ემიგრაცია. ჩვენ გაეროს უსაფრთხოების საბჭოს წევრები ვართ და გლობალური უსაფრთხოების საკითხებზე გვიწევს თანამშრომლობა. ამრიგად, რეალისტები უნდა ვიყოთ. ცხადია, ყველა საკითხში ერთმანეთს არ ვეთანხმებით. საქართველო ერთ-ერთი იმ საკითხთაგანია, რომელზეც განსხვავებული მოსაზრებები გვაქვს, რის შესახებაც რუსეთს მკაფიოდ ვეუბნებით. მე არ ვეთანხმები აზრს, რომ რუსეთს არ უნდა ველაპარაკოთ და მასთან არ ვითანამშრომლოთ. ასე საქმე არ კეთდება. რაღაც სფეროებში, სადაც ჩვენი ინტერესები ემთხვევა, ვთანამშრომლობთ. იმ საკითხების მოგვარება კი, რომლებზეც ვერ ვთანხმდებით, დიალოგისა და თანამშრომლობის გზით უნდა მოხდეს.

ევროკავშირზე ვისაუბროთ. როგორ ფიქრობთ, როდის გაუვლის გაფართოებით გადაღლა?

ევროკავშირის გაფართოება, როგორც ცნობილია, ტალღებად ხდება. გაფართოების ტალღას პაუზა მოჰყვება ხოლმე. თუ ის გაინტერესებთ, როგორ ვუყურებთ ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების პერსპექტივას, ამ კითხვას ცოტა სხვაგვარად შევხედავდი – საქართველოს მომავალი მისსავე ხელშია და მისი გაწევრიანება გარკვეული კრიტერიუმებისა და პირობების დაკმაყოფილებაზე დიდადაა დამოკიდებული. ამ კრიტერიუმების უმეტესობა ტექნიკური და არა პოლიტიკური მოთხოვნების დაკმაყოფილებას გულისხმობს. მალე მოხდება ეს? არა, მალე არ მოხდება. ეს გრძელვადიანი პროცესია, რაც ყველას კარგად მოეხსენება.

ბრიტანეთისა და ევროკავშირის ურთიერთობა გარკვეული თვალსაზრისით განსაკუთრებულია. ბრიტანეთმა უარი განაცხადა ევროკავშირის რიგ რეგულაციებზე და ამას არანაირი უკმაყოფილება არ გამოუწვევია. საქართველოს შემთხვევაში კი, უბრალოდ მოლაპარაკებების დაწყებასაც, მაგალითად, თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებაზე, რეგულაციების შესრულებას უკავშირებენ. კრიტიკოსების აზრით, ევროკავშირი ორმაგი სტანდარტებით მოქმედებს...

ვფიქრობ, ოდნავ სხვანაირად არის საქმე. გაერთიანებული სამეფო 1973 წელს გახდა ევროკავშირის წევრი და არჩია, არ ჩართულიყო გარკვეულ სფეროებში, მაგალითად, ევროზონაში. ამიტომ, ვფიქრობ, დიდი განსხვავებაა ევროკავშირის წევრისა და მის არჩევანს, არ მიიღოს მონაწილეობა რიგ სფეროებში, და წევრობის მსურველს შორის, რომელსაც კრიტერიუმების დაკმაყოფილება მოეთხოვება. მე ამას ორმაგ სტანდარტად კი არა, არამედ ორ ძალიან განსხვავებულ პოზიციად აღვიქვამ.

ავღანეთის მისია ახსენეთ. ბრიტანეთი ავღანეთის მისიის გარდა ლიბიის მისიაშიც მონაწილეობს. როგორ შეაფასებდით ამ ორ მისიას? მიღწეულია თუ არა პროგრესი ამ ორ ქვეყანაში?

ვფიქრობ, ეს ორი ძალზე განსხვავებული კამპანია და სცენარია. ჯერ ლიბიაზე ადრეა საუბარი. რაც შეეხება ავღანეთს, იქ პროგრესი მიღწეულია. ავღანეთიდან საერთაშორისო ტერორიზმის საფრთხე შესუსტებულია, რაც ნამდვილად წარმატებაა. პროგრესია ისიც, რომ მეამბოხეთა წინააღმდეგობაც გატეხილია. მიყვანილია საქმე ბოლომდე? რა თქმა უნდა, არა და სწორედ ამიტომ რჩება იქ ჯარები. ჩვენი საბოლოო მიზანი 2014 წლის ბოლოსთვის ქვეყნის დაცვის ამოცანის ავღანეთის უსაფრთხოების ძალებისთვის გადაბარებაა.

სკეპტიკოსები NATO-ს ხშირად დორიან გრეის ადარებენ, გარეგნულად ახალგაზრდა, მაგრამ შინაგანად დაუძლურებულ ორგანიზაციად მოიხსენიებენ. როგორ ფიქრობთ, როგორი იქნება NATO-ს მომავალი და რა როლი ეკისრება მას?

რამდენიმე წლის წინ ბევრს ეგონა, რომ საბჭოთა კავშირის და ვარშავის პაქტის დასრულება NATO-ს დასრულებასაც ნიშნავდა. ვფიქრობ, ბოლო წლებში ალიანსმა დაამტკიცა, რომ ის კვლავ საჭირო ორგანიზაციაა. მან ეს ავღანეთში, ასევე, ლიბიაში თავისი ქმედებით, ანუ უსაფრთხოების უფრო ფართო კონტექსტში დაამტკიცა. ვფიქრობ, თანამედროვე მსოფლიოში ალიანსების მნიშვნელობის ზრდის მომსწრენი გავხდებით, უსაფრთხოების საკითხებისადმი ცალმხრივი მიდგომები შემცირდება და მათ მრავალმხრივი მიდგომები ჩაანაცვლებს. ამრიგად, ვფიქრობ, NATO-მ შეძლო თავისი ბედის ბორბლის შემობრუნება. დღეს იგი ძლიერი, მოქმედი და საჭირო ალიანსია.

ბრიტანეთისა და აშშ-ის ურთიერთობას შევეხოთ. როგორ შეფასებდით ამ ურთიერთობას აშშ-ის ამჟამინდელი ადმინისტრაციის პირობებში?


მყარ ურთიერთობად. ვფიქრობ, აშშ-ბრიტანეთის ურთიერთობა კვლავ ძალიან მყარია. დაახლოებით ერთი თვის წინ პრეზიდენტი ობამა ოფიციალური ვიზიტით ეწვია ბრიტანეთს, რაც ამ ორ ქვეყანას შორის ძლიერი ურთიერთობის მაჩვენებელია. ამ ვიზიტმა ძალიან თბილ ატმოსფეროში ჩაიარა. ჩვენ ძალიან ბევრ საკითხზე მჭიდროდ ვთანამშრომლობთ. ვფიქრობ, უდავოა, რომ აშშ ჩვენი ყველაზე ახლო პარტნიორია და ჩვენი თანამშრომლობა უწინდელივით გაგრძელდება.

ანალიტიკოსები ამბობდნენ, რომ ობამას მიერ ჩერჩილის ბიუსტის თეთრი სახლიდან გამოტანა ერთგვარი სიმბოლური ნიშანი იყო...

ამის შესახებ ობამას ჰკითხეთ. ერთადერთი შემიძლია ვთქვა, რომ ახალ ოფისში გადასვლისას, რაღაც-რაღაცებს მეც ვცვლი. ერთი მთავარი რამ უნდა გვახსოვდეს: მაშინ, როდესაც დღევანდელ მსოფლიოში, სადაც ქვეყნები უფრო და უფრო მჭიდროდ უკავშირდებიან ერთმანეთს, მყარდება და ძლიერდება ურთიერთობები ისეთ ქვეყნებთან, რომლებთანაც ადრე ნაკლები კავშირები არსებობდა, ბუნებრივია, რომ აშშ-სა და ბრიტანეთს შორის მაღალი დონის შეხვედრებმა იკლოს. ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ერთობლივი მუშაობა, მოსაზრებათა გაცვლა და თანამშრომლობა სამუშაო დონეზე არ მიმდინარებს. ურთიერთობა ამ ორ ქვეყანას შორის კვლავ ძალიან მჭიდროა. როდესაც მზარდი ეკონომიკები მსოფლიოს წამყვან ძალებად ყალიბდებიან, მათთან ურთიერთობებს, ბუნებრივია, მეტი ყურადღება ეთმობა. მაგრამ ეს სხვა ქვეყნების ხარჯზე არ ხდება. არა მგონია, მზარდ ეკონომიკებთან კავშირების გაბმა ტრადიციულ პარტნიორებთან კავშირების შესუსტებას ნიშნავდეს.

ახლა, საქართველოზე თქვენი შთაბეჭდილებების შესახებ. ბევრი ამბობს, რომ საქართველო პატრიარქალური ქვეყანაა. როგორია იყო ქალი ელჩი ასეთ საზოგადოებაში?

ბრწყინვალე, შესანიშნავი. ხშირად მეკითხებიან, ძნელია თუ არა ქალისთვის ელჩობა. სრულებითაც არა. ვერ ვიხსენებ ისეთ შემთხვევას, დისკრიმინაცია რომ მეგრძნოს, ან სხვაგვარად მომქცეოდნენ ანდა დაჩაგრულად მეგრძნოს თავი, ქალი რომ ვარ. ეს ნამდვილად დასაფასებელია. ამ თვალსაზრისით ჩემი გამოცდილება ძალიან პოზიტიურია.

თავისუფალ დროს რას აკეთებთ?

თავისუფალი დრო ძალიან ცოტა მაქვს. მეტს ვისურვებდი. ამ დროს ვცდილობ თბილისიდან გასვლას. მსიამოვნებს ლაშქრობა, მთებზე ასვლა, მაგრამ ჯერჯერობით ამას ხშირად ვერ ვახერხებ. ველოსიპედით სეირნობაც მიყვარს, მაგრამ არც ისეთი მამაცი ვარ, რომ თქვენს გზებზე ველოსიპედით სიარული გავბედო. ამას, შინ რომ დავბრუნდები, მაშინ გავაკეთებ. ძალიან მიყვარს ქალაქგარეთ ყოფნა, ასე ვისვენებ ხოლმე. ვფიქრობ, საქართველო ამისათვის იდეალური ქვეყანაა. ტურისტული ინდუსტრია უნდა ყვაოდეს – აქ იმდენი რამ არის, რაც შეიძლება ტურისტებმა ნახონ და გააკეთონ.




კომენტარები