წერილი მხარგრძელთა საგვარეულო კომპლექსიდან

0 კომენტარი

ფოტო: ფოტო: თამარ კიკნაველიძის არქივიდან
სომხეთიდან დაბრუნებულმა აღმოვაჩინე, რომ სხვადასხვა ასაკის ნაცნობ-მეგობრებს შორის, საქართველოს საზღვრებს მიღმა, დაახლოებით, XX საუკუნის 20-იანი წლებიდან დარჩენილი ტერიტორიისა და ძეგლების შესახებ, ბევრმა არაფერი იცის. არადა, პირველივე ძეგლი, ახტალის სამონასტრო კომპლექსი, რომელმაც ჩემზე განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოახდინა, თბილისიდან, სულ რაღაც, 87 კილომეტრით არის დაშორებული.

კომპლექსის ერთ-ერთი მთავარი, ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარი, როგორც ამბობენ, არ მოქმედებს. თუმცა ამის დაჯერება მასში მოხვედრილს ნამდვილად გაგიჭირდებათ. საკურთხეველი სომხური ეკლესიების მსგავსად არის გადაკეთებული. შემაღლებულზე ყველაფერი ისეა მოწყობილი, როგორც გრეგორიანული საეკლესიო მსახურება მოითხოვს. შესასვლელთან დგას ყუთი შესაწირისთვის, მრევლის ჩამოსაჯდომად განკუთვნილი სკამები კი, ალაგ-ალაგ, ნაკაწრებით არის „დამშვენებული”.

ლორეს პროვინციის სოფელში გაშენებული ამ სამონასტრო კომპლექსის ნაგებობათა უმრავლესობა, თამარ მეფისდროინდელ მხარგრძელთა გვარის საქტიტორო მოღვაწეობის საუკეთესო მაგალითია. საფორტიფიკაციო ნაგებობა, რომელიც ერთ დროს საქართველოს სამხრეთ საზღვარს იცავდა, ახლანდელი სომხეთის ტერიტორიაზე მდებარე ქართული ძეგლებიდან ყველაზე კარგად არის შემონახული. ამაში უკეთ დავრწმუნდი, როდესაც ქობაირის სახელით ცნობილი მონასტრის დანგრეული კომპლექსი ვნახე. ორივე ძეგლის მნიშვნელობაზე საუბარია ისტორიულ წყაროებში, საიდანაც ვიგებთ, რომ ახტალის საეპისკოპოსო კათედრა, რომლის დაარსებაც ვახტანგ გორგასლის სახელს უკავშირდება, საუკუნეების მანძილზე ქვემო ქართლის ერთ-ერთი სასულიერო კერა იყო. ქართული მიწა-წყლის ნაწილი სომეხი ბაგრატუნიანების ხელში IX საუკუნიდან გადასულა და XI საუკუნეში მხოლოდ ნაწილობრივ დაგვიბრუნებია უკან.

ქვემო ქართლის შემადგენლობაში შესული ლორეს რეგიონი კავკასიაში მართლმადიდებლური აღმსარებლობის დამკვიდრებას 1920 წლამდე ცდილობდა. მისი აღმავლობის პერიოდი XIII საუკუნეს უკავშირდება, როდესაც თამარ მეფის თანადგომითა და ძმებ ივანე და ავაგ მხარგრძელების ინიციატივით სამონასტრო კომპლექსის მშენებლობა და გაძლიერება დაწყებულა. ორივე დიდებული მისი მთავარი ტაძრის სამხრეთ-დასავლეთ ეკვდერშია დაკრძალული.

სამონასტრო კომპლექსში ჩართული ნაგებობებიდან გამორჩეულია ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარი. ის XIII საუკუნის დასაწყისში ააგეს და საუკეთესოდ წარმოაჩენს ყველა იმ ნიშანს, რითაც ქართული ხუროთმოძღვრული ძეგლები სხვებისგან, თუნდაც სომხურისგან, გამოირჩევა. მაგალითად: პროპორციებით, ასევე, დახვეწილი და მრავალფეროვანი დეკორით. მას XII-XIII საუკუნეებში აშენებული ქართული გუმბათოვანი ეკლესიების – ბეთანიის, ქვათახევის, ფიტარეთის, წუღრუღაშენის – რიგში აყენებენ. გამაოგნებელი ფრესკების გარდა, ძეგლის ქართულ წარმომავლობაზე კედლის მხატვრობაზე შემორჩენილი წარწერები, ქართველ წმინდანთა გამოსახულებები (მაგალითად, ექვთიმე და გიორგი მთაწმინდელების, ილარიონ ქართველის), ტაძარში შემორჩენილი საფლავები (ძირითადად, მხარგრძელებისა და მელიქიშვილების) მეტყველებს.

ერთდროულად რამდენიმე ნიშნით გამორჩეული კომპლექსის ქვეყნის საზღვრებს მიღმა დატოვება ისეთივე ძნელია, როგორიც ტაო-კლარჯეთის, აფხაზეთის, ან ისტორიული სამაჩაბლოს ტერიტორიაზე გაბნეული ქართული ტაძრების. ერთადერთი, რაც დანაკლისის განცდას სულ ოდნავ მაინც გვიმსუბუქებს, ჩვენი ძეგლების მონახულების მსურველთა რაოდენობის მატებაა, რაშიც განსაკუთრებული წვლილი ტურისტულ კომპანია გუდ თრეველს მიუძღვის. ქართული კულტურული მემკვიდრეობის პოპოულარიზაციის მიზნით შედგენილი ტურების საშუალებით, ახლანდელი სომხეთის ტერიტორიაზე დარჩენილი ქართული ხუროთმოძღვრების საუკეთესო ნიმუშების ნახვის საშუალება, ჟურნალისტებსა და საქართველოს თეატრის, კინოს, მუსიკისა და ქორეოგრაფიის მუზეუმის თანამშრომლებთან ერთად მომეცა. ხუთი ძეგლიდან ორი – სანაინი და ჰაგფატი – იუნესკოს ძეგლთა დაცვის ნუსხაში შეტანილი სომხური კომპლექსი იყო, ხოლო სამი – ქართული. ზემოთ ნახსენები ახტალის გარდა, ვნახეთ სპილენძის წარმოების ადგილად ცნობილი ქალაქი ანანური. იქ შემორჩენილია ბორჯღალით დამშვენებული ხიდი, რომელიც თამარ მეფის სახელს ატარებს. ყველაზე რთულად მისადგომი აღმოჩნდა ქობაირის მონასტერი, სადაც კომპლექსის გამაძლიერებლის, შანშე მხარგრძელის გარდა, ამირსპასალარ-მანდატურთუხუცესი, ერთ დროს შემოერთებული სომხური თემების მფლობელი ზაქარია მხარგრძელია დასაფლავებული.

ფოტო: ფოტო: თამარ კიკნაველიძის არქივიდან
ქობაირის სიმწვანეში ჩაფლული სამონასტრო კომპლექსის ნაგებობები დანგრეული და საგრძნობლად დაზიანებულია. მთავარი ტაძრის მხოლოდ საკურთხეველია შემორჩენილი, მაგრამ ჯერ კიდევ გადარჩენილია ფრესკები. მათგან განსაკუთრებით შთამბეჭდავი მანდილიონი, ანუ ტილოზე სასწაულებრივად გადასული მაცხოვრის გამოსახულებაა. მისი კვალი რომ არ წაიშალოს, სომხებს საკურთხეველზე ხარაჩოები მიუდგამთ და, წვიმისგან დაცვის მიზნით, გადაუხურავთ.

სამეცნიერო წრეებში აღნიშნავენ, რომ ეს რეგიონი, როგორც გეოგრაფიულად, ასევე ისტორიულად, კარგად არის შესწავლილი. თუმცა ისტორიული ჰერეთისა და ტაო-კლარჯეთისაგან განსხვავებით, ქართველი პილიგრიმები ამ მხარისადმი ინტერესს ნაკლებად იჩენენ.

საქართველო-სომხეთის საზღვარს როცა გადავაბიჯე, დავრწმუნდი, რომ თითოეული ასეთი ძეგლის გადარჩენა, ჩვენი ქვეყნის ისტორიის გადარჩენის ტოლფასია.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

საქართველო-აზერბაიჯანის დემარკაციის კომისიის ექსპერტთა საბჭოს უფროსი და წევრი დააკავეს

კომენტარები