კარგი ბიჭები

0 კომენტარი

ლიტვაში უკრაინის ნაკრები ბევრისთვის ახალი, მენიუში დეგუსტაციის გარეშე შეტანილი კერძი იქნება. ახალი მზარეულით, ახალი ჯოკრით და რამდენიმე საინტერესო სათადარიგო ვარიანტით. უკრაინაც ჩვენთან იქნება და უკრაინას 4 სექტემბერს, სლოვენიასთან უსიამოვნო დიალოგის შემდეგ გავურჩევთ ამბებს. უკრაინას თბილისში თბილისურად გავესაუბრეთ, ტესტი ტესტის გარეშე მოვიგეთ და ის ტესტი უკვე ისტორიაა.
ლიტვაში უკეთესი უკრაინა იქნება. გასაშიფრიც მეტია და იგორ კოკოშკოვის დაფაზეც მეტი ნახაზი იქნება.

უკრაინის კალათბურთის ფედერაციას კარგი ბოსი ჰყავს. ალექსანდრ ვოლკოვი მოთამაშეც სერიოზული იყო და პრეზიდენტის რბილ სავარძელშიც არ ცელქობს. მშვიდად აგვარებს ყველაფერს და ყველა კმაყოფილია.

ვოლკოვმა უკრაინის ნაკრებში მაიკ ფრატელო წამოიყვანა. 64 წლის კონდორს, ფრატელოს NBA-ში 16 სეზონი აქვს ჩატარებული. მაიკის ატლანტაში დომინიკ უილკინსი თითქმის მაიკლ ჯორდანი იყო. ფრატელო რეგულარულში საკმარისს იგებდა, გასავარდნ ეტაპზე ვარდებოდა და ახალი რეგულარულისთვის ისვენებდა. ფრატელო მიდის კლივლენდში და გუნდი დაცვაში მაგრად დგას. მარკ პრაისი ფრატელოს ფლეიმეიქერი და აკურატული ჰიტმენი იყო. ბრედ დოჰერტი ცენტრობს და ელეგანტურად ასრულებს. კლივლენდიც სულ ფლეი ოფშია და სულ ზედმეტია. მემფისში ფრატელო არასრული სამი რეგულარულით რჩება. უკრაინამდე მაიკი ანალიტიკოსობს. მაიკი უკრაინაშიც ანალიტიკოსობს.

ფრატელო ლიტვაში კარგი, მომგები და მოსაგები ნაკრებით ჩაისეირნებს. უკრაინა ევრობასკეტის ფინალურ ეტაპზე ექვსწლიანი პაუზის შემდეგ მიდის.

უკრაინა ევროპის ჩემპიონატის კარგ ბიჭებში მეხუთედ მოხვდა. ყველაზე კარგი შედეგი მეცამეტე ადგილია. ექვსი წლის წინ უკრაინა მეცამეტეზე ტესტის მოუგებლად დაჯდა. 14 წლის წინ უკრაინა მეცამეტეზე სამი მოგებით და ორი ვერმოგებით გავიდა.

2005. უკრაინას ევროპაზე ჯგუფში რუსეთი, გერმანია და იტალია დაუჯდა. იმ ნაკრებში იყვნენ ფრატელოს ფორმაციის ბანდის ლიდერებიც, სერჰი ლიშჩუკი და ოლექსი პეჩეროვიც. ლიშჩუკი უკვე კარგი ბიჭი იყო. მოძრავი ფორვარდი, რომელიც უფრო ცენტრობდა და საშუალოდ 14.7 ქულას და 8 მოხსნას იღებდა. პეჩეროვს რუსეთთან ერთი წუთით ტვირთავენ, გერმანიასთან მაღალი ბიჭი 10 ქულას იღებს და იტალია 8 ქულით ასიამოვნა. პეჩეროვმა ტურნირი 6.1 ქულით და 4.0 მოხსნით დახურა.

2003. უკრაინამ სამივე მოსმენა ჩააგდო. ბოლო მომენტში ბიჭები ირეოდნენ, დაკომპლექსებულები თამაშობდნენ და მორიდებულები იყვნენ. საბერძნეთთან უკრაინას უნდა მოეგო. საბერძნეთთან უკრაინამ პირველი ტაიმის შემდეგ 20 ქულა წაიყვანა და მაინც წააგო. არტურ დროზდოვმა 19 ქულა მოაგროვა, დაცვაშიც მშვენივრად იდგა და აკურატულად ისროდა. ხორვატიასთან დროზდოვის ახლობლები 71:93 აგებენ და თურქეთთან უკრაინამ 69:77 წააგო. დროზდოვი იმ ტურნირზე საშუალოდ 12.4 ქულას და 4.7 მოხსნას იღებდა.

2001. თურქეთში სწრაფი, აგრესიული უკრაინა ჩადის. ლიშჩუკი ისევ ტივზეა, მაგრამ უფრო სხვას ენდობიან, უფრო სხვას ტვირთავენ და უფრო სხვას ასროლინებენ. უკრაიანამ ორი VS ჩააგდო, მაგრამ ტონი პარკერის და ლორან სკიარას საფრანგეთს აჯობა. სკიარამ უკრაიანასთან 14 ქულა და 10 პასი შეკრა, 19 წლის ტონიმ 11 ქულა წამოიღო და უკრაინამ ოლექსანდრ ოკუნსკის 28 ქულით დასვა ბონუსი, 95:88.

1997. უკრაინა ჯგუფში ესპანეთთან, ხორვატიასთან და გერმანიასთან მიდის. აგებს ესპანეთთან (54:82), აგებს გერმანიასთან (60:81), უგებს დამირ მულაომეროვიჩის და ნიკოლა პრკაჩინის ხორვატიას (95:88) და ცუდი გუნდების სერიალში ლატვიას და სლოვენიას უსრულებს. იმ სლოვენიაში რაშო ნესტეროვიჩი, იურე ზდოვცი, მარკო ტუშეკი და მარკო მილიჩი იყვნენ. უკრაინას მშვენიერი ტურნირი ჰქონდა. უკრაინამ კარგად აკრიფა.
დღეს უკრაინაში რამდენიმე კარგი და ბევრი ისე რა ბიჭია.

კარგი ბიჭია ოლექსი პეჩეროვი, მაგრამ დაცვაში არ დგება. პეჩეროვმა მინესოტაში ნორმალური თანხა დააგროვა, წამოვიდა არმანიში და მილანშიც ბევრმილიონიანი კონტრაქტი დაირტყა. პეჩეროვი ისვრის ბევრს, პეჩეროვი ისვრის ყველა ადგილიდან და პეჩეროვმა არ იცის, საიდან უნდა ისროლოს.

კარგი ბიჭია კირილ ფესენკო, მაგრამ უნდა დაიჯეროს, რომ მართლა კარგი ბიჭია. ფესენკო იუტაშია, სადაც ანდრეი კირილენკოსგან ბევრ კარგ რამეს ითვისებს. ფესენკო დაცვაში პეჩეროვზე კარგი და არააკურატულია. აქვს კარგი საშუალო სროლა და თუ წაუვიდა, ბევრს ჩასვამს.

კარგი ბიჭია სერჰი გლადირი და მანრესაში ერთი ტესტიდან საშუალოდ 8 ქულა მოაქვს. მანრესა ესპანეთის ჩემპიონატშია. ესპანეთის ჩემპიონატი ევროპაში ყველაზე მაგრად ქაჩავს და ყველა ესპანეთში მირბის. გლადირი მეორე ნომერია, კარგია დაცვაში და პიჟონობს.

კარგი ბიჭია არტურ დროზდოვი. სულ რაღაცას იტეხს, სულ რაღაცის კორექტირებას უკეთებენ და სულ რაღაცას უკერავენ. დროზდოვი ადრე ოცწლამდელებში პირველი კაცი იყო, შემდეგ პო-ორტეზის ძირითადიდან ბორის დიაო და მიკაელ პიეტრუსი ამოაგდო და ტრავმების გამო, რუსტერიდან თვითონ ამოვარდა. დროზდოვის მშობლებს საფრანგეთში აქვთ რესტორანი La Tsarina ბევრი საინტერესო და მაგარი კერძით. ჯანმრთელი დროზდოვი უკრაინის ნაკრების მთავარი კერძია.

კარგი ბიჭია სერჰეი ლიშჩუკიც. პრინციპში, სხვები არიან კარგი ბიჭები და ლიშჩუკი რეალური შემსრულებელია. ლიშჩუკი ვალენსიაშია, ვერ წავა დევიდ სტერნის ლიგაში და არც უნდა ამერიკულ ცირკში დალეწვა. ლიშჩუკი ძალიან კარგია დაცვაში. სერჰეი ფრატელოსთვის ბრედ დოჰერტია. სერჰეი უკრაინისთვის ვოლკოვია. სერჰეი უკრაინის ჯოკერია და სერჰეიმ სხვები უნდა დაამშვიდოს. სერჰეი უკრაინის კაპიტანი იქნება. ფრატელოს ასე უნდა.

ფრატელოს მოგებაც უნდა. ყველასთან. კირილენკოთი დაწყებული, ლაშა გამყრელიძით დასრულებული. ფრატელო 64 წლის ჯაზმენია. უბრალოდ, სხვებმაც უნდა აკრიფონ.

ლიტვაში ახალი და გაუგებარი უკრაინა ჩავა.

ლიტვაში წასაყვანები – სერჰი ლიშჩუკი (210 სმ), მაქსიმ პუსტოზვონოვი (199), დმიტრო ზაბირჩენკო (190), იჰორ ზაიცევი (210), ოლეგ სალტოვეცი (200), ოლექსი პეჩეროვი (213), ანდრეი აგაფონოვი (207), არტურ დროზდოვი (199), კირილო ფესენკო (212), სერჰი გლადირი (196), დმიტრო გლებოვი (198), ვიაჩესლავ კრავცოვი (212), ოლექსი ონუფრიევი (200), კირილ ნატიაჟკო (205), დენის ლუკაშოვი (189).

უკრაინა ევრობასკეტზე: 1997 – XIII ადგილი, 2001 – XVI ადგილი, 2003 – XIV ადგილი, 2005 – XIII ადგილი.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: 4 კილოგრამამდე ნარკოტიკი ამოვიღეთ, დაკავებულია 1 პირი (VIDEO)

კომენტარები