ფაბიანური სეკულარიზაციის გაკვეთილი

მიხეილ სააკაშვილმა ქემალ ათათურქს თავი არაერთხელ შეადარა. ამ უკანასკნელმა  ნაციონალურ, სეკულარულ თურქულ სახელმწიფოს ჩაუყარა საფუძველი. ისევე როგორც ნებისმიერ რეფორმატორს, ათათურქსაც უწევდა „პროგრესისა” და „რეაქციის” ძალებს შორის მანევრირება. მის წინაშე მოდერნიზაციის ჩვეულებრივი პრობლემები იდგა: სახელმწიფო საზღვრების დადგენა, თანამედროვე საერო პოლიტიკური ორგანიზაციების ჩამოყალიბება, კულტურული და სოციალური რეფორმების განხორციელება, ეკონომიკური განვითარების დაჩქარება.

ხელისუფალს, რომელიც რეფორმების გზას დაადგება, ორი სტრატეგიის არჩევანი ეძლევა. პირველი – ადრეულ ეტაპზე ყველა იმ კარტის გახსნას სთავაზობს, რომელიც მოდერნიზაციის მისაღწევად სჭირდება. მან უნდა განაცხადოს ყველა მიზანი და მაქსიმალურად ბევრის რეალიზაციას მიაღწიოს – შეძლებისდაგვარად მოკლე დროში. ალტერნატიული, ანუ ფაბიანური სტრატეგია გულისხმობს, რომ რეფორმატორმა თავდაპირველად არ გაამხილოს საკუთარი მიზნები, დაჰყოს გასატარებელი რეფორმები ერთმანეთისგან და მაქსიმალურად დიდი შედეგით, რომელიმეს რეალიზაციას შეეცადოს. უკანასკნელის ღირსება ისაა, რომ განხორციელება უფრო იოლადაა შესაძლებელი. ის, ვინც ყველაფრის ერთდროულად მიღწევას ცდილობს, საბოლოოდ საზოგადოების – რეფორმების მომხრეებად და მათ მოწინააღმდეგეებად – პოლარიზებას ახდენს. ეს რევოლუცია უფროა, ვიდრე მუშაობა.
 
ათათურქი, თურქული რესპუბლიკის არსებობის ადრეულ ეტაპზე, ფაბიანურ ტაქტიკას წარმატებით იყენებდა. პრობლემები, ერთდროულად გადაჭრის მაგივრად, მან აკურატულად გაყო ერთიმეორისგან. პოლიტიკოსმა მოახერხა რეფორმის მხარდაჭერის უზრუნველყოფა მათგან, ვინც მეორე რეფორმის წინააღმდეგ გამოდიოდა. პრობლემების გადაჭრის თანმიმდევრობა ისე იყო არჩეული, რომ ათათურქი იმ პრობლემების გადაჭრიდან, სადაც მეტი მხარდაჭერა ჰქონდა, მათკენ მოძრაობდა, სადაც ყველაზე მეტი წინააღმდეგობა შეხვდებოდა. 
 
თავდაპირველ პრიორიტეტად ნაციონალური საზოგადოების განსაზღვრა და ეთნიკურ-ტერიტორიული საზღვრების დადგენა გამოცხადდა. მას შემდეგ, რაც შედარებით ერთგვაროვანი ეთნიკური საზოგადოება ჩამოყალიბდა, შემდეგი ნაბიჯიც გადაიდგა. ხელისუფლების განსასაზღვრად თანამედროვე, ეფექტური პოლიტიკური ინსტიტუტები ჩამოყალიბდა. 
 
ამის შემდეგ, ხელისუფლებას რელიგიური, სოციალური, კულტურული და სამართლის რეფორმების გატარება შეეძლო. ერთი სიტყვით – ეკონომიკური ზრდა კულტურულ მოდერნიზაციას  საჭიროებდა, კულტურული მოდერნიზაცია ეფექტურ ხელისუფლებას, ხოლო ეფექტური სახელმწიფო ერთგვაროვან ნაციონალურ საზოგადოებაზე უნდა დაფუძნებულიყო. 
 
ათათურქს ჰქონდა უნარი, გაეტარებინა თითოეული რეფორმა ცალ-ცალკე და შეექმნა შთაბეჭდილება, რომ ერთის გატარებისას, სულაც არ აპირებს მეორის წამოწყებას. 
 
პრიორიტეტული ანატოლიაში, ოსმანური იმპერიის ნანგრევებზე თურქული სახელმწიფოს შექმნა იყო. იმ დროისთვის სულთანი კონსტანტინოპოლში რჩებოდა, ათათურქის ხელმძღვანელობით, ნაციონალური მოძრაობა კი შიდა საქმეებში იკრებდა ძალას. თუმცა სულთანი ჯერ კიდევ სარგებლობდა სახალხო მხარდაჭერითა და სიმპათიით. საერთო სახალხო მღელვარების ასარიდებლად, ათათურქი ნაციონალური სახელმწიფოსთვის ბრძოლისას სულთანათს არ შეხებია. 
 
სომხურ, ფრანგულ და ბერძნულ არმიებთან წარმატებული ბრძოლით ათათურქმა ბევრი მხარდამჭერი გაიჩინა. მოგვიანებით მან ნაციონალური სახელმწიფოს ბრძოლის ერთ-ერთ პრიორიტეტად ფრანგული და ბრიტანული კონტროლისგან „სულთნის გათავისუფლება” დაასახელა. ის თავს დაესხა სულთნის მინისტრებს და კოლაბორაციაში დასდო ბრალი, მაგრამ სულთნის პოპულარული ფიგურა ხელშეუხებელი დარჩა.
 
„ამოცანად დავისახეთ ფერიდ-ფაშას კაბინეტის განადგურება და თავი ისე დავიჭირეთ, თითქოს არაფერი ვიცოდით სულთანათის თანამონაწილეობაზე. ჩვენი თეორია გულისხმობდა, რომ სულთანი მოტყუებულია კაბინეტის მიერ და მოკლებულია სინამდვილის რეალურ აღქმას”, –  თქვა მან რეფორმების კომენტირებისას. როგორც კი კაბინეტის საქმე მოამთავრა, ათათურქმა მიზანში უკვე სულთანი ამოიღო. 
 
თუმცა პრობლემა უფრო ღრმა გახლდათ. სულთანათი განუყოფლად იყო დაკავშირებული ხალიფატთან, რომელიც მისი რელიგიური თანამდებობა იყო. ეს უკანასკნელი ისლამურ სახელმწიფოში წარმოუდგენლად ბევრს ნიშნავდა – ფაქტობრივად მთლიანად განსაზღვრავდა იმდროინდელ თურქულ იდენტობას. მოქალაქეთა რელიგიური გრძნობების სიმყიფისა და მოსალოდნელი უარყოფითი რეაქციის გათვალისწინებით, დიდმა ნაციონალურმა კრებამ, 1922 წელს სულთანათი გააუქმა, მაგრამ ხალიფას პოსტი დინასტიის ერთ-ერთ წევრს დაუტოვა, რომელიც ასევე კრების არჩეული იყო. 
 
ათათურქმა მალევე დაიწყო რელიგიური და კულტურული რეფორმების გატარება, რომელთანაც მეთოდურად, ნაბიჯ-ნაბიჯ მივიდა. ამ რეფორმებისთვის, მოდერნიზებულ და დასავლეთზე ორიენტირებულ ბიუროკრატიულ და ინტელექტუალ ელიტებს, მხარი უნდა დაეჭირათ. პოტენციურ წინააღმდეგობას რელიგიური ბიუროკრატია და გლეხები გაუწევდნენ. მათთვის პასიური როლის შენარჩუნება იყო საჭირო, რაც მოხერხდა კიდეც.
 
1924 წელს სეკულარული რეფორმები დაიწყო. ორი თვის შემდეგ, ათათურქმა დაარწმუნა კრება, გადაესახლებინათ ოსმანური სახლის ყველა წევრი, დაეკეტათ გარკვეული რელიგიური სკოლები, სასწავლებლები და რელიგიური სასამართლოები, რომლებიც ისლამის კანონებს იყენებდნენ, მოეშორებინათ. 1925 წელს დაიწყო ბრძოლა ბურქის, როგორც რელიგიური ტრადიციონალიზმის სიმბოლოს წინააღმდეგ. შემოიღეს ახალი კალენდარი. ისლამმა ოფიციალურად დაკარგა სახელმწიფო რელიგიის სტატუსი. ტრადიციული თურქული ანბანიდან ლათინურზე გადავიდნენ. რეფორმების ეს მიმართულება – ნაციონალური, პოლიტიკური, სოციალური და ეკონომიკური – ნელ-ნელა, უკანდახევით, საბოლოო მიზნის ჩრდილში დატოვებითა და უახლოეს მიზნებზე ორიენტირებული პოლიტიკის წყალობით ხორციელდებოდა. 
 
ფაბიანური სტრატეგია პრობლემების ერთ ჯგუფს მეორისგან ყოფს და წინააღმდეგობის მინიმიზაციას უწყობს ხელს. ერთი რეფორმის მოწინააღმდეგეები, მეორე რეფორმის მოწინააღმდეგეებისგან – ანუ პოტენციური მოკავშირეებისგან – იზოლირებულები რჩებიან. ამისთვის ათათურქი კიდევ ორ გამოცდილ საომარ მეთოდს – მოულოდნელობასა და სიჩქარეს იყენებდა. ერთია მეთოდურად განხორციელებული რეფორმები და მეორეა სწორად შერჩეული დრო, თითოეულის ეფექტურად გასატარებლად. მიზანი ოპოზიციური ძალების სწრაფი მობილიზაციისგან თავის დაზღვევა იყო. თუ რეფორმირება მას შემდეგ მოხდებოდა, რაც ოპონენტები ძალთა გაერთიანებას შეძლებდნენ, ტრადიციული სისტემის შეცვლა პრაქტიკულად შეუძლებელი იქნებოდა. 
 
სანამ რეფორმირების გზას მიმართავდა, ათათურქი პრობლემების საჯარო განხილვას აწყობდა, რითაც ოპონენტების აზრის გაგებას ცდილობდა. შემდეგ, ნაციონალურ საკრებულოში კანონები მოულოდნელად შეჰქონდა და მათ დაუყოვნებლივ მიღებას მოითხოვდა. ფაბიანურ სტრატეგიასთან მოულოდნელობისა და სიჩქარის შეთავსებით, ის ახერხებდა, რომ მისი რეფორმის მომხრეები, მოწინააღმდეგეებთან შედარებით, ყოველთვის უფრო ძლიერები ყოფილიყვნენ.
 
მიუხედავად იმისა, რომ ათათურქის რეფორმების წყალობით, დღეს თურქეთსა და ირანს შორის უდიდესი განსხვავებაა, არგაცხადებული რეფორმების ტაქტიკამ, მომავალში მოდერნიზების მყარი საფუძველი ვერ შექმნა. თურქული საზოგადოება ხელისუფლების არგაცხადებული მიზნისკენ სწრაფვისას, რეფორმების შესახებ ინფორმირებული არ იყო. მისთვის არავის აუხსნია, თუ რატომ იყო კონკრეტული პრობლემა – მართლაც პრობლემა და არა რაღაც სხვა. ამან შედეგი სწრაფად გამოიღო, მოდერნიზება დაჩქარდა და ეკონომიკაც გაიზარდა, მაგრამ დღეს, ათათურქის მემკვიდრედ, თურქეთს არასეკულარული ხელისუფლება ჰყავს. ეს ცხადჰყოფს, რომ ხალხის დარწმუნების გარეშე გატარებული რადიკალური რეფორმები, შესაძლოა, მოკლე ხანში დიდ შედეგებს გვაძლევს – მაგრამ მყიფეა და დროს ვერ უძლებს. 
 

კომენტარები