LOFT New American

0 კომენტარი

ამ შუა ზაფხულში მოულოდნელად კარგი ამბავი მოხდა, გიხაროდენ, ამერიკელო ექსპატრიოტებო, ამერიკაში სტუდენტობაგამოვლილო ხალხო და თქვენც, ყოფილო ემიგრანტებო! იხარეთ ყველამ, ვინც ამერიკული სამზარეულოს ნოსტალგიას განიცდით, ვისაც, დღისითა თუ შუაღამით ნამდვილი ჩიზსბურგერი ანდაც ბუფალოს ქათმის ფრთები ენატრება. გასულ ხუთშაბათს, მოსაშვილის ქუჩაზე საქართველოში პირველი ახალ-ამერიკული რესტორანი – LOFT New American – ოფიციალურად გაიხსნა. ეს არის თავისთავად კარგი, მაგრამ ზედმეტი ჩარევით ოდნავ გადატვირთული სივრცე, თუმცა ამ სივრცის გვერდის ავლა შეიძლება, თუ ფართო და სასიამოვნო ტერასაზე განიერ მაგიდებს მიუსხდებით. განსაკუთრებით საღამოს, როცა ქუჩაზე მანქანების ნაკლებობაა და ატმოსფერო სასიამოვნოა. 

ღვინის ბარათში ჩვეულებრივზე ოდნავ მაღალი ფასებია, ჭარბობს თელიანი ველის ჩამოსხმები, თუმცა მრავალფეროვანი არჩევანია (თბილღვინო, შატო მუხრანი, ბადაგონი და რამდენიმე უცხოური ღვინო). ჩამოსასხმელი ღვინოც არის – ხარებას მწვანე. გირჩევთ ამ ღვინისგან დამზადებული თეთრი სანგრია დააგემოვნოთ, გახსნის დღეს, როგორც რესტორნის პირველ კლიენტებს, საჩუქრად მოგვართვეს.

მადისაღმძვრელთა შორის ძირითადად ჭარბობს ზეთში შემწვარი კერძები, სტარტერების შეკვეთა შეგიძლიათ დიდი ან პატარა ულუფებით. მოცარელას ჩხირები (8ლ – აქ და შემდგომ მითითებულია პატარა ზომის ფასები), ავთენტურ და გემრიელ მარინარას სოუსთან ერთად. ასევე გასინჯეთ ზღვის პროდუქტების ტრიო (25ლ). სასიამოვნოა მენიუში ისეთი საკულტო კერძის ხილვა, როგორიც კემბელის პომიდვრის სუპია (6ლ).

სალათების და სენდვიჩების ფართო არჩევანია, კლასიკური ცეზარ-სალათით დაწყებული (12ლ) თინუსით გაწყობილი სალათით – Niçoise – დამთავრებული. პიცისა და სალათის კომბინაციამ შეიძლება ნაკლებად მსუბუქი, თუმცა კარგი საზაფხულო ლანჩი შექმნას: პიცა პროშუტოთი და მოცარელათი ერთ-ერთი საუკეთესოა, ასევე გემრიელია ოთხი ყველის პიცაც (ორივე 12ლ).

პასტებიდან ყურადღება გამახვილებულია პოპულარულ ამერიკულ კომბინაციებზე: Penne a la Vodka ორაგულით (17ლ) ან Macaroni & Cheese – ამაზე უფრო ამერიკული მხოლოდ ამერიკის დროშა თუ იქნება.

რაც მთავარია, ბევრის დიდი ხნის მოლოდინი და ნატვრა ახდა, ქალაქში ჩამოვიდა კლასიკური ამერიკული ბურგერი, რომელიც თბილისში უბრალოდ არ არსებობდა. რესტორანში ბურგერის სამი არჩევანია (კლასიკური, ჩიზბურგერი და BLT, ბეკონით, ფასები 15-16 ლარი). ბურგერები კალათაში მოდის, ფრისთან ერთად, გემოვნებით და მადისაღმძვრელად გაწყობილი.

ნიუ იორკ სტეიკი (24ლ) ერთ-ერთი საუკეთესო კერძია, რაც გავსინჯეთ, მაგრამ გირჩევთ აქაურობა ისე არ დატოვოთ, რომ ფაჰიტასის რომელიმე კომბინაცია არ დააგემოვნოთ. გვაკამოლი და სალსა, მთელ ზაფხულს რომ გადაგატანინებს, ისეთი განუმეორებელია.

სერვისი შესაძლოა ოდნავ არეული მოგეჩვენოთ (რესტორანი სულ რამდენიმე დღის გახსნილია და იმედია, მალე დალაგდება), თუმცა თავაზიანი, ყურადღებიანი, ლაღი და მხიარული. ფასები ზომიერი და, როგორც თვითონ ამბობენ – „დემოკრატიული”. ასე რომ, ნუ შეუშინდებით, ეწვიეთ, გასინჯეთ და განსაჯეთ.

მოსაშვილის 11
თბილისი, 0162
უბანი: ვაკე
ტელ: 2 30 30 30
სამზარეულო: ამერიკული, ევროპული
საათები: ყოველდღე 12:00 - 02:00
პარასკევს და შაბათს ბოლო კლიენტის გასვლამდე
ბარათები: მიიღება
ფასი: 70ლ (სადილი ორ ადამიანზე,
ალკოჰოლური სასმელის და სერვისის ჩათვლით)
პარკინგი: მოსაშვილის ქუჩაზე (დღის განმავლობაში გადატვირთულია)
www.mgroup.ge



ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

საქართველო-აზერბაიჯანის დემარკაციის კომისიის ექსპერტთა საბჭოს უფროსი და წევრი დააკავეს

კომენტარები