ახალი მიკროავტობუსები - ახალი პრობლემები

 გასულ კვირას, თბილისის ქუჩებში შეპირებული ახალი, ყვითელი ფერის მიკროავტობუსები გამოჩნდა. 2011 წლის, ფორდის მარკის, კომფორტული სამარშრუტო ტაქსები ძველი, ამორტიზებული მიკროავტობუსების ნაცვლად ჯერჯერობით მხოლოდ #4 სამარშრუტო ხაზზე გადაადგილდებიან. 2012 წლის იანვრიდან თბილისში მხოლოდ ასეთი მიკროავტობუსები იმოძრავებენ.

ახალ მანქანებში ყველა სტანდარტი დაცულია. სავარძლებს შორის დაშორება 65 სანტიმეტრია, დამონტაჟებულია კონდიციონერი. სამაგიეროდ, d#4 სამარშრუტო ტაქსის მგზავრებისთვის დისკომფორტის სერიოზული წყარო მგზავრობის გაზრდილი საფასური აღმოჩნდა. 15 ივლისიდან მგზავრებს 50-ის ნაცვლად, 80 თეთრის გადახდა უწევთ, დღის განმავლობაში იმავე მარშრუტით მგზავრობისას კი –65 თეთრის. ეს შეღავათი მხოლოდ მგზავრობის საფასურის ელექტრონული ბარათით, მეტრომანით გადამხდელებს ეხება. გარდა ამისა, თბილისის მერია მგზავრობის 50%-ს დაუფარავს სოციალურად დაუცველებს. რაც იმას ნიშნავს, რომ ასი ათასზე მეტ ადამიანს მგზავრობა ძველ ტარიფთან შედარებით, გაუიაფდება, დანარჩენებს კი – 60%-ით გაუძვირდება. მაშინ, როდესაც სოციალურად დაუცველები ისედაც სარგებლობენ შეღავათებით საზოგადოებრივ ტრანსპორტზე.

თბილისის მიკროავტობუსის მიერ ერთი სამარშრუტო ტაქსის მგზავრობის ღირებულების გაზრდამ, ჯაჭვური რეაქცია გამოიწვია და დღეისთვის თითქმის ყველა მიკროავტობუსით მგზავრობა 80 თეთრი გახდა. ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსი, აკაკი ჯოხაძე ირწმუნება, რომ ძველი მიკროავტობუსის მძღოლებმა ტარიფი თვითნებურად გაზარდეს.

საფასურის გაზრდა მიკროავტობუსის მძღოლებმა აქამდეც არაერთხელ სცადეს. რადგან მარშრუტებს სხვადასხვა მფლობელები ჰყავდა, ნიადაგს მხოლოდ ცალკეული ნომრების მეპატრონეები სინჯავდნენ. თუმცა, სხვები მხარს არ უბამდნენ და ძველ ტარიფთან დაბრუნება უწევდათ. ამიერიდან 179 მარშრუტს 20 წლით მხოლოდ ოთხი მფლობელი (თბილქარი, თბილ ლინი, ფაბლიქ ქარი, კაპიტალ გრუპი ჰყავს. მათ მმართველობას კომპანია თბილისის მიკროავტობუსი უწევს, რაც შეხმატკბილებულად ფასის გაზრდის ალბათობას ზრდის.

ჯერჯერობით გაურკვეველია, ახალი მიკროავტობუსების გამოჩენასთან ერთად, კიდევ რამდენი სამარშრუტო რეისის ფასი შეიცვლება. როგორც აკაკი ჯოხაძე ამბობს, სამარშრუტო ტაქსებზე დაწესებული სამგზავრო გადასახადი რეგულირებად სფეროში არ შედის. ამიტომ მგზავრობის საფასურს, ბაზრის გარდა, ვერავინ დაარეგულირებს. თუმცა, ამატებს იმასაც, რომ ამჟამად მიმდინარეობს თითოეული მარშრუტის შესწავლა, მგზავრების დატვირთულობის მიხედვით, რის შემდეგაც დადგინდება ტარიფები.

კერძო სამარშრუტო ხაზების ფასის რეგულირება მერიის კომპეტენცია მართლაც არ არის. თუმცა, 25 თებერვალს, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ, მამუკა ახვლედიანმა საჯაროდ თქვა, რომ სატენდერო პირობების თანახმად, მგზავრობის საფასური „არც ერთი თეთრით” არ გაძვირდებოდა. ინფორმაცია რამდენიმე თვის წინ ტაბულასთან საუბრისას მერის მოადგილემ, დავით ალავიძემაც დაადასტურა. იმავეს მოწმობს თბილისის მიკროავტობუსის ვებგვერდზე განთავსებული ხელშეკრულება თბილისის მერიასა და კონკურსში გამარჯვებულ სატრანსპორტო კომპანიებს შორის, სადაც ერთ-ერთი პირობა ისაა, რომ – „მგზავრობის ღირებულება არ გაიზრდება”.

ამჯერად მერიაში ხელშეკრულებაში ჩადებულ ამ პირობას უარყოფენ. ჯოხაძის თქმით, ტარიფის შენარჩუნებაზე თავად გამარჯვებული კომპანიები საუბრობდნენ და საჯარო განცხადებებსაც სწორედ ამას უკავშირებს.

მიკროავტობუსით მგზავრობის საფასურის შენარჩუნებაზე საჯარო განცხადებები რამდენიმე თვის წინ სამარშრუტო ტაქსების მძღოლების ერთდღიან გაფიცვას მოჰყვა. დღეს მერიაში ამბობენ, რომ მძღოლებს, კომპანიებთან გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, დღეში, სულ მცირე, 25 ლარი უნდა დარჩეთ.

ვიდრე მძღოლები ახალ პირობებს მოერგებიან, სატარიფო სისტემაში გარკვევა და ალტერნატიული გზების ძიება მგზავრებს უწევთ. ისინი, ჯერჯერობით, ვერც კომფორტული მიკროავტობუსით გადაადგილდებიან და, რადგან ძველ სამარშრუტოებში, ელექტრონული აპარატები არ არის, ვერც საშეღავათო სისტემით სარგებლობენ. ამასთან ერთად, 16-ადგილიან ყვითელ მიკროავტობუსში შეზღუდულია გადასაყვანი მგზავრების რაოდენობაც – აკრძალულია ფეხზე დადგომა. მიუხედავად ამისა, უცვლელია მიკროავტობუსების რაოდენობა. ასეთ ვითარებაში სამარშრუტო ტაქსებს გაუჭირდებათ მგზავრების შენარჩუნება. ალტერნატივა კი მგზავრებისთვის მეტრო და ისედაც გადავსებული ავტობუსებია.

კომენტარები