საქართველოს და რუსეთის პატრიარქები დიალოგის დაწყებაზე შეთანხმდნენ

კიევში გამართულ შეხვედრაზე სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა ილია მეორემ და რუსეთის პატრიარქმა კირილმა აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში მორწმუნე ადამიანების პრობლემების შესახებ ღია დიალოგის დაწყების შესახებ გააკეთეს განცხადება. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტი“ იუწყება.  სააგენტოს ცნობით, შეხვედრის დასაწყისში რუსეთის პატრიარქმა აღნიშნა, რომ  ბოლო რამდენიმე წლის მანძილზე ორი ქვეყნის ეკლესიებს შორის დელეგაციების გაცვლა „ინტენსიური“ გახდა, ისევე როგორც ერთობლივი მონაწილეობა სხვადასხვა დღესასწაულში. „არც ერთ სხვა ეკლესიასთან არ აქვს რუსულ მართლმადიდებლურ ეკლესიას ისეთი ძმური კონტაქტი, როგორც ქართულ ეკლესიასთან,“ განაცხადა პატრიარქმა კირილმა. „ეს სწორია, რადგან იმის გამო, ურთიერთობები ამ ორი ქვეყნის ხელისუფლებებს შორის ურთიერთობა არც თუ ისე უბრალოა. და მაშინ, როცა სუსტდება ქვეყნებს შორის ურთიერთობა, უნდა გაძლიერდეს ერთმორწმუნე ხალხთა შორის და ეკლესიათა შორის კავშირი,“ თქვა რუსეთის პატრიარქმა „ეკლესია, ქრისტე მშვიდობისკენ მოგვიწოდებს. გადის დრო, იცვლება პოლიტიკური სიტუაციები, თუმცა მეზობელი ერები ერთმანეთის გვერდიგვერდ ცხოვრობენ, ისევე როგორც ეკლესიები. ღმერთმა ინებოს, რომ ჩვენი ურთიერთობა ჩვენი ერთმორწმუნე ერების და ეკლესიების კეთილდღეობას ემსახუროს,“ დასძინა მან.

მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ რუსეთის პატრიარქმა „უდიდესი კმაყოფილება“ გამოხატა „არც თუ ისე ადვილი“ საკითხების განხილვის გამო „ძმურ და სიყვარულით სავსე“ ატმოსფეროში, წერს „რია ნოვოსტი.“ „სრულიად ნათელია, რომ არსებობს საქართველოს პატრიარქის კანონიკური იურისდიქცია აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე, მეორეს მხრივ კი, ამჟამად არსებობს გარკვეული კანონიკური უწესრიგობა [აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში],“ თქვა პატრიარქმა კირილმა და დასძინა რომ ეს კანონიკური უწესრიგობა ადამიანების სულიერ ცხოვრებას ზიანს აყენებს.

„სწორედ ამიტომ ღია და ძმურ გარემოში განვიხილეთ რა ეს სიტუაცია, ჩვენ შევთანხმდით გავაგრძელოთ ჩვენი საუბარი, რომ მომავალში, უფლის შეწევნით, რაიმე გადაწყვეტილებამდე მივიდეთ, რომელიც დაეხმარებოდა ორ ეკლესიას მჭიდრო თანამშრომლობის გზით ხელი შეუწყოს ამ ადგილებში მართლმადიდებელი ადამიანების ცხოვრების დამშვიდებას, რომ დამყარდეს კანონიკური წესრიგი და, რაც მთავარია, ეს ხელს შეუწყობს ნებისმიერი განხეთქილების თავიდან აცილებას,“ აღნიშნა რუსეთის პატრიარქმა.

„რია ნოვოსტის“ ცნობით, საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა თქვა, რომ „ხშირი კონტაქტი არ დარჩება შედეგის გარეშე.“ „ნამდვილად, პოლიტიკური მოღვაწეები მოდიან და მიდიან, ჩვენი ერები კი რჩება, ისევე როგორც ჩვენი ეკლესიები, ჩვენ უნდა ვითანამშრომლოთ, ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის, რომ ჩვენი ურთიერთობა ძმური და მეგობრული იყოს,“ თქვა ილია მეორემ „ვფიქრობ ჩვენ კიდევ შევხვდებით. ეს კეთილი დასაწყისია, და ჩემი აზრით გგრძელებაც კეთილი იქნება და ჩვენ ურთიერთგაგების გზით ვიპოვით პრობლემების გადალახვის გზებს.“

დღეს საქართველოს და რუსეთის პატრიარქებმა ერთობლივი წირვა აღავლინეს. 

კომენტარები