აფხაზეთში წინასაარჩევნო კამპანია იწყება

0 კომენტარი

 აფხაზეთში თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პრეზიდენტობის კანდიდატთა რეგისტრაცია დასრულდა. რიგგარეშე არჩევნებზე, რომელიც სერგეი ბაღაფშის გარდაცვალების შემდეგ დაინიშნა, სამი კანდიდატი იბრძოლებს – მოქმედი ვიცე-პრეზიდენტი ალექსანდრ ანქვაბი, მოქმედი პრემიერი სერგეი შამბა და ოპოზიციის კანდიდატი, ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი რაულ ხაჯიმბა.

სამივე კანდიდატმა, 20 ივლისს აფხაზურ ენაში გამოცდა წარმატებით ჩააბარა, რაც რეგისტრაციის ბოლო ეტაპს წარმოადგენს. საპრეზიდენტო არჩევნები თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში 26 აგვისტოს გაიმართება.

სოხუმში მიიჩნევენ, რომ მომავალი არჩევნების შედეგები ამ დროისთვის ძნელად პროგნოზირებადია. სანდო სოციოლოგიური კვლევები აფხაზეთში არ ტარდება, შესაბამისად, რომელიმე კანდიდატის უპირატესობა თვალსაჩინოდ გამოკვეთილი არ არის. ასევე გაურკვეველია, თუ ვინ შეძლებს უკეთ ისარგებლოს ადმინისტრაციული რესურსითა და სამთავრობო მედიით – მოქმედი ვიცე-პრეზიდენტი თუ პრემიერი. ამ დროისთვის არც მოსკოვის შესაძლო ფავორიტია ცნობილი.

ანქვაბსა და შამბას საზოგადოებაში სერგეი ბაღაფშის კურსის გამგრძელებლებად მიიჩნევენ. იმავდროულად, ანქვაბის სახელს „მკაცრი ხელით” მართვისა და კორუფციასთან ბრძოლის მოლოდინს უკავშირებენ. შამბა უფრო დიპლომატიურ პოლიტიკოსად მიიჩნევა. რაულ ხაჯიმბა, რომელიც ბოლო წლებში ბაღაფშის ხელისუფლების მთავარ კრიტიკოსად გამოდიოდა, ვლადისლავ არძინბას დროინდელი რეჟიმის მხარდამჭერებისა და ქართულ-აფხაზური კონფლიქტის ვეტერანების მხარდაჭერით სარგებლობს. მისი პოპულარობა საზოგადოების ამ ნაწილში, ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატად არძინბას ქვრივის, სვეტლანა ჯერგენიას დასახელებამაც გაზარდა. ანქვაბმა და შამბამ ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატებად ნაკლებად ცნობილი ფიგურები წამოაყენეს – გულრიფშის რაიონის გამგებელი მიხეილ ლოგუა და ახალგაზრდობისა და სპორტის კომიტეტის ხელმძღვანელი შამილ აძინბა.

აფხაზურ არჩევნებს ოფიციალური თბილისი გამოეხმაურა. საქართველოს საგარეო უწყებაში აცხადებენ, რომ სოხუმში დანიშნული არჩევნები და მისი ნებისმიერი შედეგი არალეგიტიმური იქნება, რადგან არჩევნები აფხაზეთში „ოკუპაციისა და საოკუპაციო რეჟიმის ზედამხედველობის პირობებში მიმდინარეობს” და აფხაზეთის მოსახლეობის უდიდეს ნაწილს მონაწილეობის შესაძლებლობა არ აქვს.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

თინათინ წულაძე

კომენტარები