აჩრდილის აჩრდილიღა დადის ევროპაში

0 კომენტარი

ბოლო ათი წლის განმავლობაში, ევროპის წამყვანი სოციალ-დემოკრატიული პარტიების მიმართ ამომრჩეველთა მხარდაჭერამ, მეორე მსოფლიო ომის შემდგომ ეპოქაში, ყველაზე დაბალ ნიშნულს მიაღწია. საშუალოდ, მათი რეიტინგი ეროვნულ არჩევნებში 27%-ს არ აღემატება. თუ 2000 წელს ევროკავშირის 15 წევრი ქვეყნიდან 13-ს სოციალ-დემოკრატები ან პროგრესული კოალიციები მართავდნენ, დღეს, ისინი 27 წევრი სახელმწიფოდან მხოლოდ 5-ის მმართველობაში რჩებიან. მეტიც, 2009 წლის ევროპის საპარლამენტო არჩევნებში სოციალისტებისა და დემოკრატების პროგრესულმა ალიანსმა (რომელიც ყველა სოციალ-დემოკრატიულ პარტიას აერთიანებს) ხმების მხოლოდ 25% მიიღო. ეს ყველაზე ცუდი მაჩვენებელია ამ ჯგუფისთვის, მას შემდეგ რაც საერთო ევროპული არჩევნები დაიწყო (1979 წელი). მათ შორის, შვიდი ქვეყნის – გერმანია, საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი, შვედეთი, ავსტრია, ნიდერლანდები და დანია – ტრადიციულად ძლიერი სოციალ-დემოკრატიული პარტიების საშუალო მაჩვენებელმა ევროპარლამენტის არჩევნებზე მხოლოდ 19% შეადგინა.

ფაქტია, რომ დღეს, ევროპული სოციალური დემოკრატიის იდეა კრიზისს განიცდის. ამის მიზეზი, უპირველეს ყოვლისა, თავად სოციალ-დემოკრატიული მოძღვრების ისტორიულ ევოლუციაში უნდა ვეძებოთ.

სოციალისტები, საკუთარი ინტელექტუალური მემკვიდრეობის საფუძვლად, პლატონის რესპუბლიკასა და თომას მორის უტოპიას ასახელებენ. თუმცა, ლიბერალიზმის მსგავსად, სოციალიზმიც მე-19 საუკუნიდან იღებს სათავეს. ის ინდუსტრიული კაპიტალიზმის ზრდის ფონზე, ევროპაში არსებული ეკონომიკური და სოციალური პირობების საპასუხოდ წარმოიქმნა. სოციალისტური იდეები – კერძო საკუთრების გაუქმება, სახელმწიფოს მიერ საშუალებების თანაბარი რედისტრიბუცია, გეგმიური ეკონომიკა და ა.შ. – მალე ახალი ინდუსტრიული მუშათა კლასის განვითარებას დაუკავშირდა. აღნიშნული ფენა კი ადრეული ინდუსტრიალიზაციის ერთ-ერთი მახასიათებელი იყო, რომელიც იმ დროს უკიდურეს სიღარიბეს განიცდიდა.

სოციალიზმის შიგნით, ერთმანეთის საწინააღმდეგო მიდგომებს გამოყოფენ. როგორც წესი, ეს სოციალური საზოგადოების მოწყობის შესახებ მიზნებსა თუ მოსაზრებებს ეხება. თავისი არსით, სოციალიზმს ყოველთვის ოპოზიციონერული ხასიათი ჰქონდა: იგი ცვლილებების, კაპიტალიზმის ან კოლონიური საზოგადოებების გარდაქმნის მამოძრავებელ ძალად მიიჩნეოდა. ამ „გზამ”, გარდა სტრატეგიული მნიშვნელობისა, სოციალისტური მოძრაობების ხასიათიც განაპირობა და სოციალიზმის მიღწეულ ფორმებზეც იქონია გავლენა. აქ იკვეთება ძირეული უთანხმოება ფუნდამენტალისტურ სოციალიზმსა და რევიზიონისტურ (ევოლუციურ) სოციალიზმს შორის, რომლებსაც, შესაბამისად, კომუნისტური და სოციალ- დემოკრატიული ტრადიციები წარმოადგენს.

ფუნდამენტალისტები (მარქსი, ენგელსი, ლენინი) მიიჩნევდნენ, რომ სოციალიზმის მიღწევა მხოლოდ რევოლუციითა და არსებული პოლიტიკური სისტემის დამხობით იყო შესაძლებელი. მთავარ მახასიათებლად კი ძალადობას თვლიდნენ. კომუნისტური პარტიის მანიფესტში, კომუნიზმი განმარტებულია, როგორც კერძო საკუთრების გაუქმება და საზოგადოებრივი წყობილების ძალადობრივი შეცვლა რევოლუციის გზით. ამ იდეას, უპირველეს ყოვლისა, სწორედ ძლიერ კაპიტალისტურ ქვეყნებში უნდა გაედგა ფესვები. თუმცა, სრულიად საპირისპირო რამ მოხდა. იქ, სადაც სახელმწიფო განუვითარებელი იყო, ხოლო მისი ინსტიტუტები სუსტი – სოციალისტური რევოლუციისთვის ნაყოფიერი ნიადაგი გამოდგა. ამ გზით ხელისუფლების სათავეში მარქსისტები მოექცნენ და პროლეტარული დიქტატურა დაამყარეს. იმ ქვეყნებში, სადაც სოციალისტებმა თავიანთ მთავარ პროგრამულ მიზანს – კერძო საკუთრების გაუქმებას – მიაღწიეს, ამას თან ახლდა 100 მილიონზე მეტი ადამიანის განადგურება (კომუნიზმის შავი წიგნი).

იქ კი, სადაც სახელმწიფო ძლიერი იყო (და ეს, უპირველეს ყოვლისა, სწორედ კაპიტალისტურ ქვეყნებს ეხება), სოციალისტებმა გადატრიალების გზით ხელისუფლება ვერ მოიპოვეს და, შესაბამისად, ვერც დიქტატურა დამყარდა. არც კერძო საკუთრების გაუქმების ილუზია გასჩენია ვინმეს. ჩასახვის მომენტიდან მოყოლებული დასავლეთ ევროპაში სოციალიზმი, სულ უფრო და უფრო უარყოფდა მისსავე ფუნდამენტურ პრინციპებს – ასე განსაჯეთ – თავისუფალ ბაზარსა და ეკონომიკაში სახელმწიფოს ნაკლებ ჩარევასაც კი ემხრობოდა. ყველა ამ ქვეყანაში სოციალისტური პარტიებისგან, მხოლოდ ბრენდიღა დარჩა. ამას, როგორც თეორიული, ისე პრაგმატულ-ოპორტუნისტული (ამომრჩეველთა ხმების მოგება) მიზეზები ჰქონდა.

თეორიულ დონეზე ცხადად გამოჩნდა, რომ კლასიკური სოციალიზმი არ მუშაობს. სოციალისტებმა ჯერ დაგეგმვისადმი ერთგულება უკუაგდეს, შედეგად კი თავისუფალი ბაზრის ეფექტიანობა აღიარეს. შვედეთის სოციალ-დემოკრატიულმა ლეიბორისტულმა პარტიამ დაგეგმვა 1930-იან წლებში უარყო. იგივე მოიმოქმედეს დასავლეთ გერმანიის სოციალ-დემოკრატებმა 1959 წელს, როცა პრინციპი „კონკურენცია, როცა შესაძლებელია, დაგეგმვა, როცა აუცილებელია” – აღიარეს.

მას შემდეგ, რაც სოციალისტებმა დაგეგმვისა და ნაციონალიზაციის პრინციპები მიატოვეს, ორი ძირითადი მიზანიღა დარჩათ. პირველი მათგანი შერეული ეკონომიკაა, რომელიც საჯარო და კერძო საკუთრებას აერთიანებს. ეს ფენომენი თავისუფალი საბაზრო კაპიტალიზმსა და სახელმწიფო კოლექტივიზმს შორის დგას. ნაციონალიზაცია კი უდავოდ სელექციურია და ეკონომიკის პრიორიტეტულ სექტორებზე (ინდუსტრიები, რომლებსაც „ეროვნულ მონოპოლიებს” უწოდებენ) კონტროლის შენარჩუნებას გულისხმობს. მაგალითად, კლემენტ ეტლის ლეიბორისტულმა მთავრობამ, 1945-51 წლებში ელექტროენერგიის, გაზის, ქვანახშირისა და ფოლადის ნაციონალიზაცია მოახდინა, თუმცა ბრიტანეთის უმეტეს ინდუსტრიაში კერძო საკუთრება დატოვა.

სოციალისტები კეთილდღეობის სახელმწიფოს იდეამაც მოხიბლა. ამ უკანასკნელს კაპიტალიზმის რეფორმირება და „გაჰუმანურება” უნდა უზრუნველეყო. იგი იქნებოდა გამანაწილებელი მექანიზმი, რომლითაც მიაღწევდნენ სოციალურ თანასწორობასა და სიღარიბის აღმოფხვრას. ისინი კაპიტალიზმის არა გაუქმებას, არამედ მოდერნიზებას მოითხოვდნენ.

1945 წლიდან სოციალ-დემოკრატიული პარტიების უმეტესობა კეინსიანური ეკონომიკის მოდელისკენ გადაიხარა. ამ უკანასკნელმა ისე მიიღო ბაზრის დინამიკა, რომ უთანასწორობის დონეების უარყოფა არ მოუხდა. ლიბერალ-დემოკრატიულმა და კონსერვატიულმა პარტიებმა ამას საკუთარი სოციალ-დემოკრატიული ფორმების შემუშავებით უპასუხეს. ლიბერალებმა თანაბარ შესაძლებლობებზე გააკეთეს აქცენტი, კონსერვატორებმა კი – პატერნალისტურ ან „ერთი ერის” იდეალზე. როგორც გამოჩნდა, ზომიერმა სოციალიზმმა იდეათა ბრძოლაში გაიმარჯვა: მან პოლიტიკური აზროვნება მარცხნივ გადახარა.

დღესდღეობით, სოციალ-დემოკრატები, ევროპაში პოლიტიკურ მნიშვნელობას ჯერჯერობით მაინც ინარჩუნებენ. თუმცა ნაკლებ სავარაუდოა, რომ ისინი ძველი გავლენის დაბრუნებას შეძლებენ. მსოფლიო მეტისმეტად შეიცვალა, ხოლო მათი კონკურენტი პარტიები საკმაოდ გაძლიერდნენ.
ამის ერთ-ერთი მიზეზი ევროპული პარტიების სტრუქტურაა. ევროპაში სოციალ-დემოკრატიულ პარტიებს კონკურენციას მწვანეები, რადიკალი მემარცხენეები (რეფორმისტული, ტროცკისტული, მაოისტური, სტალინისტური სახის კომუნისტები) და ლიბერალი ცენტრისტები უწევენ. ამ შედარებით წვრილ პარტიებს, საკუთარი, ვიწრო დღის წესრიგიდან გამომდინარე, მოცემულ მომენტში, სხვადასხვა მზარდი დემოგრაფიული ჯგუფებისთვის უფრო მიმზიდველი პროგრამა აქვთ. უფრო ფართო მიზნების მქონე სოციალ-დემოკრატიულ პარტიებს კი, კონკრეტულ, სპეციფიკურ პრობლემებზე დროული რეაგირება უჭირთ.

ევროპული ქვეყნების პარტიული სისტემების სტრუქტურას, სოციალ-დემოკრატიული პოლიტიკის მარცხი ემატება – ზოგადად პროგრესული პოლიტიკის სასარგებლოდ. პროგრესულ პოლიტიკას სულაც არ დაუხევია უკან – მთელ რიგ ქვეყნებში მწვანეები, რადიკალი მემარცხენეები და ლიბერალ-ცენტრისტები უფრო და უფრო მეტ ხმებს იღებენ. ამის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ისიცაა, რომ გლობალიზაციის შედეგად, ფიზიკურ შრომასთან დაკავშირებულმა სამუშაო ადგილებმა განვითარებად სამყაროში გადაინაცვლა, სოციალ-დემოკრატების ტრადიციული ამომრჩეველი კი გაქრა. ახალი მემარცხენე პარტიების მთავარი დასაყრდენი ინდუსტრიული პროლეტარიატი კი არაა (რომლებიც უფრო კონსერვატორებს და სოციალ-დემოკრატებს აძლევენ ხმას), არამედ ინტელექტუალური ელიტა, უმცირესობები და სხვა. შეიძლება ითქვას, რომ ევროპაში ერთგვარი „მზარდი პროგრესული უმრავლესობა” იქმნება – თუმცა დანაწევრებულობის გამო, მისი ერთიან, მობილიზებულ ძალად წარმოდგენა რთულია.
რატომ არ მიუბრუნდა მოსახლეობა იმ პარტიებს, რომლებიც მას კაპიტალიზმის საშიშროებებზე აფრთხილებდნენ და მის შესაძლო ჩავარდნებს წინასწარმეტყველებდნენ? ისტორიულად, ევროპელები კრიზისულ პერიოდში ხშირად აკეთებდნენ არჩევანს კონსერვატიული პარტიების სასარგებლოდ. თუმცა, ამ შემთხვევაში, სოციალ-დემოკრატების პრობლემებს სხვა მიზეზი აქვს.

პირველ რიგში, სოციალ-დემოკრატებმა ვერ მოახერხეს, ახლანდელ ეპოქაში თავიანთი პოლიტიკური ადგილის მკვეთრად გამოხატვა. ვერ ცხადყვეს, თუ ზუსტად რითი განსხვავდება მათი ეს პოზიცია კონსერვატიული პარტიების პოზიციისგან. ამის მიზეზი მესამე გზაა, რომლის ირგვლივაც, ბოლო ათწლეულის განმავლობაში, სოციალ-დემოკრატების პოლიტიკური და ეკონომიკური პლატფორმა იყო აგებული. ტონი ბლერის ახალმა ლეიბორისტული პარტიამ, გერჰარდ შრედერის სოციალ-დემოკრატიულმა პარტიამ და კლინტონის ახალმა დემოკრატებმა – კონსერვატიული ძალების დომინაციის დასასრულს (რომელიც რეიგანის, თეტჩერისა და ჰელმუტ კოლის გარშემო იყო აწყობილი) – პროგრესული პოლიტიკური მიმართულების ჰეგემონია დაამყარეს. მიუხედავად იმისა, რომ მათი პოლიტიკა რედისტრიბუციულ პროგრამებს, კეთილდღეობის სახელმწიფოს რეფორმას გულისხმობდა – მოსახლეობისთვის უფრო მეტი შესაძლებლობების, საჯარო მომსახურებებისა და შრომის ბაზრის გაუმჯობესებისათვის, – მათ უარყვეს ტრადიციული სოციალ-დემოკრატიული პოლიტიკა და თავისუფალი ბაზრისკენ გადაიხარნენ. ამან კონსერვატიულ პარტიებს, მათსა და სოციალდემოკრატიულ პარტიებს შორის ზღვარის წაშლის საშუალება მისცა.

მეორეც – მესამე გზის მომხრე სოციალ-დემოკრატებმა ვერ მოახერხეს საკუთარი ღირებულებების ამომრჩეველთა ღირებულებებთან შეთანხმება. შესაბამისად, მათ გაუჭირდათ პოპულისტური გულისწყრომისადმი პასუხის გაცემა. მესამე გზის მიერ დეკლარირებული საკუთარი სიძლიერე – იდეოლოგიის უარყოფა – მისივე სისუსტე გახდა. მესამე გზის დამახასიათებელი ფრაზა – რა მნიშვნელობა აქვს რა ფერისაა კატა, მთავარია ის თაგვს იჭერდეს (დენ სიაოპინი) – იყო. მის მიერ ნაგულისხმევი პოლიტიკური კურსები (policies) ფასეულობებს მათივე მიზნების მიხედვით ეფუძნებოდა – ახალი შესაძლებლობების წარმოქმნა, ბავშვთა სიღარიბის აღმოფხვრა, საჯარო მომსახურებების მოდერნიზება. თუმცა მესამე გზის პოლიტიკურ მიმართულებებს სწორედ ფასეულობებზე აქცენტი აკლდა.

1990-იან წლებში, პრაგმატული მიდგომა გახდა საჭირო, რადგანაც მაშინ ამომრჩეველს სოციალ-დემოკრატების პოლიტიკური ჟინის კი სჯეროდა, მაგრამ მათ კომპეტენტურობაში ხანდახან ეჭვი შეჰქონდა. სოციალ-დემოკრატებმა აქცენტი პასუხისმგებლობასა და ტექნოკრატიულ რეფორმაზე გააკეთეს – ამან კი იმ საფეხურამდე მიიყვანა, სადაც თითქოს არც მუშათა კლასი აინტერესებთ და არც ამომრჩევლების ახალი ფენების ღირებულებები და ემოციები აღელვებთ. ეს ყველაზე კარგად იმ ამომრჩევლების მიმართ გამოჩნდა, რომელთაც მიგრანტებისა და ეკოლოგიური საკითხები აწუხებთ.

მესამე – სოციალ-დემოკრატები ისეთი პოლიტიკური გამოწვევების წინაშე დადგნენ, რომელსაც მესამე გზის კონცეფცია არ ითვალისწინებდა (და ვერც გაითვალისწინებდა, რადგანაც ეს გამოწვევები უახლეს პერიოდს ეკუთვნის). ის გაბატონებული და ყოვლისმომცველი ოპტიმიზმის პერიოდში წარმოიშვა. ბერლინის კედლის დაცემამ არა მარტო ცივი ომის დასასრული, არამედ იდეოლოგიის დასასრულიც მოიტანა. ინტერნეტის ერამ და მომსახურების სექტორის უსაშველო გაზრდამ, ბევრი დააჯერა, რომ პოსტმოდერნული ეკონომიკის პირობებში, განვითარებულ სამყაროს მშვიდად შეეძლო მოეხმარა ყველა ის პროდუქტი, რომელსაც მსოფლიოს სხვადასხვა ნაწილში აწარმოებდნენ.

მაგრამ, მილიარდი ახალი ადამიანის გლობალურ ეკონომიკურ სისტემაში შესვლას პრობლემების გარეშე არ ჩაუვლია. გლობალიზაციის ეკონომიკური სარგებელი გლობალურადვე გადანაწილდა. თუმცა დანახარჯების საკუთარ თავზე აღება კონკრეტულ სექტორებსა და ხალხთა ჯგუფებს მოუხდათ. სხვადასხვა ქვეყანაში ეს ტვირთი საკუთარ თავზე მუშათა კლასმა აიღო. ისინი, ტრადიციულად, სოციალ-დემოკრატიული პარტიების მხარდამჭერთა ძირითად ჯგუფს წარმოადგენენ.

ეკონომიკური ძვრები მსოფლიო ეკონომიკურმა და ფინანსურმა კრიზისმა კიდევ უფრო დაამძიმა. ეპოქაში, როდესაც საზოგადოებებს მასობრივი მიგრაციის, კლიმატური ცვლილებების და უსაფრთხოების ახალი გამოწვევები (ორგანიზებული დანაშაული და ისლამური ტერორიზმი) აწუხებთ, სოციალ-დემოკრატებმა პრობლემებს დამაჯერებელი პასუხი ვერ გასცეს. ამის გამო ევროპელი ელექტორატი შიშისა და პოპულისტური პოლიტიკის გავლენის საფრთხის ქვეშ დგას. ახალ კონტექსტში, სოციალ-დემოკრატები ხშირად პოლიტიკურ სიყრუეს ირჩევენ. ისინი ხოტბას ასხამენ გლობალიზაციასა და მულტიკულტურალიზმს – მათი სიძნელეების გათვალისწინებისა და აღიარების გარეშე. ზოგ შემთხევაში კი, თავიანთ ელექტორატს, უბრალოდ, შორდებიან.

ეკონომიკისა და იმიგრაციის საკითხებში, სოციალ-დემოკრატების ელექტორატის ბაზის დიდი ნაწილი ცდუნებას ვერ უძლებს. ისინი ემოციური (თუმცა მცდარი) მემარჯვენე და სხვა მემარცხენე პარტიების მიერ შემოთავაზებულ გზებს ირჩევენ. მაგრამ, როდესაც სოციალ-დემოკრატები იმავე სიტყვების გამოყენებას იწყებენ, რასაც მემარჯვენეები და სხვა მემარცხენეები, მაშინ ე.წ. ეთიკური მომხრეების ხმებს კარგავენ, რომლებიც უკვე მიემხრნენ ახალ პროგრესულ მოძრაობებს.

და ბოლოს, სოციალ-დემოკრატებმა ვერ მოახერხეს თავიანთი პარტიების განახლება. ახალი პროგრესული პოლიტიკური ძალების პოპულარობა იმითაც აიხსნება, რომ ისინი უფრო ღია და ნაკლებად იერარქიულები არიან. მესამე გზის მიმდევარ პოლიტიკურ ძალებს ცენტრალიზებული და მკაცრად განსაზღვრული სტრუქტურა გააჩნდათ. ამ პარტიებში ახალი ამბების, პოლიტიკური მესიჯებისა და პოლიტიკური კურსების შემუშავების საქმე მკაცრი კონტროლის ქვეშ იყო მოქცეული, მათი გავრცელება – ცენტრალიზებული. შიდა პარტიული დებატები შეზღუდული იყო. დებატებისას, პარტიის ოპონენტები, ამას შიდა პარტიული განხეთქილებების საჩვენებლად იყენებდნენ. სოციალ-დემოკრატებისა და პროფკავშირების მეგობრობაც ვერ არის ძველებურად მყარი.

დღესდღეობით, ახალი სოციალური მედიისა და ბლოგოსფეროს განვითარება, სიახლეების ციკლის ძველებურად კონტროლს გამორიცხავს. პარტიის წევრებსა და მის მომხრეებს კი სურთ, აქტიურად ჩაერთონ პოლიტიკურ პროცესში და უფრო და უფრო ნაკლები მანძილი იყოს მათსა და პოლიტიკოსებს შორის. ახალი ტენდენციები აუცილებელს ხდის პარტიული და გარე-პარტიული ინფრასტრუქტურის მოდერნიზაციას. ამ პროცესმა პარტია უფრო ინკლუზიური უნდა გახადოს, ფართოდ გაავრცელოს მესიჯები და პარტიის მხარდამჭერების უფრო ეფექტიანად ორგანიზება და მობილიზება მოახერხოს. ევროპელი პროგრესული პოლიტიკური ძალები, არა მხოლოდ დადებით ნარატივს, არამედ ამ ნარატივის მომხმარებლამდე მიტანის უკეთეს სისტემას საჭიროებენ. მოძველებული იერარქიული, top-down, პარტიული სტრუქტურა უკვე ვეღარ იმუშავებს.

არჩევნები 2018

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

კარინა ყენია

კომენტარები