საქართველოში შემოსული ტურისტების ნაკადის დინამიკა

0 კომენტარი
საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე ჩამოსული უცხოეთის მოქალაქეების რაოდენობა (2000-2010)

ტურიზმის განვითარება საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. 2011 წლის ბიუჯეტის მიხედვით, საქართველოს ტურიზმის ეროვნულ სააგენტოს 5.1 მილიონი ლარი აქვს გამოყოფილი. ამ თანხის 90.4% კონკრეტული პროგრამების დაფინანსებისკენაა მიმართული.

მთავრობის შარშანდელი ინიციატივის საფუძველზე, ანაკლია და ქობულეთი, ინვესტორებისთვის მიმზიდველი პირობებით თავისუფალ ტურისტულ ზონებად გამოცხადდა: ინვესტორები სიმბოლურ ფასად შეიძენენ მიწის ნაკვეთს სასტუმროს ასაშენებლად, 15 წლით პროფილის შენარჩუნების პირობებში, ამავე ვადით მოგებისა და ქონების გადასახადისგან გათავისუფლდებიან, ხოლო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას მთავრობა უზრუნველყოფს. ბოლო წლებში ყვარელი, სიღნაღი, ბათუმი, მესტია, გუდაური, ბორჯომი, ბაკურიანი და სულ ახლახან, საირმე განახლდა. ამ ყველაფერმა, როგორც ჩანს, ტურისტების ნაკადზეც იმოქმედა.

2011 წლის პირველი 6 თვის განმავლობაში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, საქართველოს ტურიზმის ეროვნული სააგენტოს მონაცემების მიხედვით, საქართველოს სახელმწიფო საზღვარი 45%-ით მეტმა უცხოელმა მოქალაქემ გადმოკვეთა.

უცხოელ მოქალაქეთაგან ყველაზე მეტი – 1.1 მილიონი – ევროპის, ხოლო ყველაზე ნაკლები – 743 ტურისტი – აფრიკის მოქალაქეა.
აფრიკის რეგიონიდან საქართველოში ყველაზე მეტი – 126 ტურისტი – მაროკოდან, ხოლო ყველაზე ნაკლები – თითო ტურისტი – კირიბატიდან, ლესოტოდან, კაბო-ვერდედან და სიერა ლეონედან ჩამოვიდა. ევროპის მასშტაბით ყველაზე მეტი – 3794 ტურისტი – საფრანგეთზე, ხოლო ყველაზე ნაკლები – 5 ტურისტი – ლიხტენშტაინზე მოდის.

დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის ქვეყნებიდან საქართველოში 672 ათასი ტურისტი ჩამოვიდა. ყველაზე მეტი – 300 ათასამდე ტურისტი – აზერბაიჯანის, ხოლო ყველაზე ნაკლები – 204 ტურისტი – თურქმენეთის მოქალაქეა.

ტურისტების ნაკადის ყველაზე დიდი მატება – 116% – სამხრეთ აზიაზე, ყველაზე მცირე – 24% – ამერიკაზე მოდის. ამერიკიდან 12 ათასი ტურისტი შემოვიდა. ყველაზე მეტი – 11 ათასამდე ტურისტი – აშშ-დან, ხოლო ყველაზე ნაკლები – 2-2 ტურისტი – ბელიზიდან და პარაგვაიდან. სამხრეთ აზიიდან საქართველოს 20 ათასი ტურისტი ეწვია. ყველაზე მეტი – 11 ათასამდე ტურისტი – ირანის, ხოლო ყველაზე ნაკლები – 3 ტურისტი – მალდივის მოქალაქეა.

2000-2010 წლებში საქართველოში ყოველწლიურად საშუალოდ 826.1 ათასი ტურისტი შემოდიოდა. ტურისტების ნაკადში მკვეთრი ზრდა 2004 წლიდან შეინიშნება – წინა წლებთან შედარებით, 2004 წელს საქართველოში საშუალოდ 1.2-ჯერ მეტი ტურისტი შემოვიდა. 2004-2010 წლებში მათი ნაკადი ყოველწლიურად საშუალოდ 245.6 ათასით იზრდებოდა.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ძალადობრივი აქციის მონაწილემ ტაბულას ჟურნალისტს დაარტყა და მობილური გააგდებინა

კომენტარები