დი ჯეიც დაქოქავს

 ბულგარეთს ბოლო ორ ტესტში მოვერიეთ. ბელგიამ ბოლო ორ ტესტში შეგვისრულა. ბულგარეთს ბოლო ორ ტესტში სკოტ ჯოპლინზე ვეცეკვებოდით, შემდეგ იქვე მივაგდეთ და პარტნიორი გამოვიცვალეთ. ბელგიამ ჯელი როულ მორთონზე აგვაგდო, წაურეგთაიმა, და პარტნიორი გამოიცვალა. ლიტვაში პირველ ეტაპზე ორი ძველი ბიჭი (რუსეთი, სლოვენია), ერთი კარგი ბიჭი (უკრაინა) და ეს ორი გვეყოლება. ერთი, ოდნავ უკლასო და ამის გამო აჭრილ-გაბოროტებული (ბულგარეთი, 05.09). მეორე, ბევრი პოლიციელით, თანაბარი რუსტერით, დაშლილებში აწყობილი ბიჭებით და აქსელ ერველით (ბელგია, 31.08). პირველ ეტაპს ბელგიით ვიწყებთ და ბულგარეთით ვამთავრებთ.

ბულგარეთი ადრე მშვენიერი, მომგები ბანდა იყო. ერთხელ კინაღამ ევროპის ჩემპიონი გახდა. ვიქტორ რადევის, ილია მირჩევის, ცვიატკო ბარჩოვსკის და გეორგი კანევის ბულგარეთმა, ბევრი წლის წინ საბჭოთა კავშირის ცივ მანქანასთან თავიდან აკრიფა და ბოლოში ვერ გაქაჩა. 1957-ში ბულგარეთმა პირველი ტაიმი 23:19 მოუგო ფავორიტს. მეორე ტაიმი ფავორიტმა 41:34 წაიღო და საბჭოელებმა ევროპა ისევ მოიგეს. ბულგარეთს მაშინ გურამ მინაშვილმაც წამოარტყა. ბულგარეთი მაშინ მეორეზე დაჯდა. დღეს ბულგარეთი კალათბურთს ახლიდან ითვისებს, აზრზე მოდის, დიდი ბიჭებისგან კონსპექტებს იწერს, “შპარგალკებს” სულ თან ატარებს.

ბელგია დღეს უფრო ვიცით, ვიდრე ადრე. ძველი ბელგია ცოტას აგებდა, უფრო ბევრს იგებდა და ჯეკპოტს სხვა ხსნიდა. დღეს ბელგიამ ორჯერ მიგვაყენა კუთხეში. კრისტოფ ბეგინი ზაზა ფაჩულიასთან ზაზა ფაჩულია იყო და თავისი გაცვეთილი ნიღაბი ზაზას გაუკეთა. ბეგინმა დიდი ბიჭების ზონაში იტრიალა, ლიფსოებით ორ VS-ში 32 ქულა (17, 15) აკრიფა და გაერთო. ბელგიამ ბელგიაში 74:64 მოიგო. ბელგიამ თბილისში 86:63 აგვჭრა.
ბულგარეთი ოდნავ შეიცვალა. ბელგიაც ოდნავ შეიცვლება. ბულგარეთს მობეზრდა ძველი ამერიკელი, ერლ კელოუეი და მეორე ერლი, როულენდი აუშვა. კელოუეი მსროლელი ფლეიმეიქერი იყო. როულენდიც ბურთზე შეყვარებული პირველი ნომერია. როულენდს ბურთს ხანდახან მეორე რბილი მაჯა, ფილიპ ვიდენოვი გამოართმევს და თუ ამ ორმა ერთმანეთს გაუგო, ბულგარეთი პერიმეტრიდან ბევრს და ბევრთან აიღებს.
ვიდენოვი ბულგარეთის ლიდერია. იცის კალათბურთის თამაში და იცის, რომ ეს სხვებმაც იციან. ვიდენოვი აგვიანებს შეკრებაზე, იღებს ბალანტაინსის აბაზანას, რჩება ბორდელების ერთგულად და ვიდენოვს მაინც ენდობიან. ვიდენოვმა ეს ნდობა 6 წლის წინ მიიღო. ბულგარეთი მაშინ ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე იყო. ვერ გაიარა პირველი ორი გასაუბრება (ხორვატიასთან და თურქეთთან) და ბოლო 40 წუთი ლიტვასთან ითამაშა. ვიდენოვს ყურის ანთება ჰქონდა. ყურის ანთებით ვიდენოვმა ლავრინოვიჩებს, შიშკაუსკასს, იასაიტისს და იავტოკასს 34 ქულა აჩუქა, ოცი სროლიდან 12 გამოიყენა და ბულგარეთი მაინც გაილახა (79:92). ვიდენოვი მაშინ კარგი იყო. დღეს ვიდენოვი 31 წლის მსროლელია, რომელიც დაცვაში დგას და ვერ დგას, რომელიც პოლონურ ლეიკერსში, პროკომში ერთ მილიონ ევროს იღებს და ნაკრებში ისევ ასრულებს. როულენდმა ფილიპი უფრო უნდა დააკმაყოფილოს, ვიდრე წინა ერლმა. ვიდენოვმა ის საკვალიფიკაციო ეტაპი 19.5 ქულით, 5.1 მოხსნით და 2.5 პასით დახურა.

ბელგია სულ კულემანსი, პრიუდომი და შიფოა. ბელგია კალათბურთში პატარა, ზედმეტად მორიდებული ბიჭია, რომელიც სხვაზე უნიჭო და თავაზიანია. ბელგიამ ბოლო წლებში ცოტა მოუმატა. მოუგო ტონი პარკერის საფრანგეთს, მოუგო იტალიას, მოგვიგო ჩვენ. ორჯერ მოგვიგო.
იმ ბელგიას არ ჰყავდა ილუნგა, ქალაქურად – დი ჯეი მბენგა. მბენგა ლიტვაში მეხუთე ნომერზე დადგება და რომელიმე თითზე ალბათ, ლეიკერსში მოგებული ჩემპიონობის მტკიცებულება, ბრილიანტებით დამძიმებული ბეჭედი უნდა ეკეთოს. მბენგამ კალათბურთის თამაში იცის. მბენგამ კალათბურთის მუღამი უნდა გაიხსენოს და კალიფორნიული მოგონებები სადმე შორს, ტინა ტერნერის საგრიმიოროს ბოლო თაროზე შემოაგდოს. მბენგასთან ერთად პირველ ხუთეულში ბეგინიც უნდა იყოს. ბელგიის მთავარი მწვრთნელი ედი კასტელსი მაღალ ბიჭებს სულ ენდობა და ორმაგი ცენტრით ბევრს მოხსნის. გასარკვევია ტომას ვან დენ შპიგელის ამბავიც. ვეტერან (1978) პივოტს ზურგის ტრავმა აქვს. ვან დენ შპიგელი ნაკრებში სულ საჭირო პერსონაა. ადრე, ცსკა-ში ევროლიგა მოიგო და ყველაფრის აზრზეა.

ბელგიის ჯოკერი აქსელ ერველია. მაღალმა ბიჭმა ვერ გაქაჩა დევიდ სტერნის ლიგამდე და ევროპაში დარჩა. დღეს ერველი ბილბაოშია. მანამდე ბევრი სეზონი მადრიდის რეალში იდგა. ერველი იდგა და კალათბურთს გემოვნებით, გულით, ხალისით და ლტოლვით თამაშობდა. ერველი სხვა კალათბურთს ვერ თამაშობს. ერველი 28 წლის უნივერსალია, რომელიც მეორე, მესამე, მეოთხე და მეხუთე ნომრებს თიშავს. ერველმა ესპანეთის ბოლო ფლეი ოფში 12.9 ქულა (II შედეგი ლიგაში) და 7.3 მოხსნა (I) შეკრა. ბილბაომ რეალი გააგდო.

ბულგარეთის ლიტვაში წასაყვანები – ერლ როულანდი (188 სმ), ტენჩო ბანევი (209), სტეფან გეორგიევი (206), კედრიკ სიმონსი (206), ფილიპ ვიდენოვი (196), ჩავდარ კოსტოვი (196), ივან ლილოვი (196), ზლატან გეორგიევი (195), ბოჟიდარ ავრამოვი (196), დეიან ივანოვი (205), კალოიან ივანოვი (205), ალექსანდრ იანევი (203), ნიკოლაი ვარბანოვი (209), პაველ მარინოვი (197), პაველ ივანოვი (200).

ბულგარეთი ევრობასკეტზე (Top 5): 1951 – IV ადგილი, 1955 – IV ადგილი, 1957 – II ადგილი, 1961 – III ადგილი, 1967 – IV ადგილი.
ბელგიის ლიტვაში წასაყვანები – ილუნგა მბენგა (210 სმ), როელ მოორსი (190), მარკუს ფაისონი (196), ტომას ვან დენ შპიგელი (214), გუი მუია (190), ბეიე ტაბუ-ებომა (184), სემ ვან როსომი (188), კრისტოფ ბეგინი (206), აქსელ ერველი (204), რენდი ოვენეკე (200), ჯეფ ვან დერ იონქჰაიდი (204), დიმიტრი ლოუერსი (188), იანიკ დრიესენი (215), პიტ დე ბელი (208), კვენტინ სერონი (191).

ბელგია ევრობასკეტზე (Top 5): 1935 – VI ადგილი, 1946 – VII ადგილი, 1947 – IV ადგილი, 1951 – VII ადგილი, 1961 – VIII ადგილი.

კომენტარები