ბიჭი, რომელიც გადარჩა

0 კომენტარი

  ჯოან როულინგმა, 1981 წელს დაწერა წიგნი, რომელმაც, თამამად შეიძლება ითქვას, მაგლების (არაჯადოქარი ხალხის) სამყარო შეცვალა. „ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა” იყო პირველი ჰორკრუქსი, იმ შვიდ წიგნს შორის, რომელმაც მწერალს უკვდავება მოუტანა.

ჰარი პოტერმა ფილოსოფიური ქვა ბოროტი ძალებისგან დაიცვა, ბასილისკო მოკლა, ცეცხლოვანი თასი მოიპარა და ვოლდემორი იმაზე მეტჯერ დაამარცხა, ვიდრე ეს სხვა ყველა ჯადოქარმა ერთად აღებულმა მოახერხა. ის უბრალოდ ბიჭია, რომელიც გადარჩა. სწორედ ასე ჰქვია პირველ თავს, პოტერიანას საგაში, რომელიც დღეს უკვე ყველა დროის შემოსავლიანი ფილმების ფრენჩაიზია.

„ჰარი პოტერი და სიკვდილის საჩუქრები” პროდიუსერებმა ორ ნაწილად გაყვეს. მიზეზად წიგნის სიდიდე დაასახელეს, თუმცა ცხადია, რომ ყველაფერი მეტი ფულის მოპოვების გამო გაკეთდა. პირველი ნაწილი შარშან გამოვიდა და ძალიან სუსტი შთაბეჭდილება დატოვა, თითქოს რეჟისორმა მთელი ძალა და ენერგია დასკვნითი ნამუშევრისთვის შეინახა. მართლაც ასე გამოდგა. მერვე ფილმში ყველაფერია, რაც პოტერის ფანებიდან დაწყებული, უბრალოდ კინომოყვარულს დააკმაყოფილებს – ეპიკურობა, დიდი დოზით ემოციები და ექშენი, მინიმუმამდე დაყვანილი ბანალურობა და პათოსი, რომელიც კარგი დიალოგების დამსახურებაა და პირქუში ატმოსფერო – მეშვიდე წიგნის სურათს საჭირო ფონს უქმნის.

ფილმის შინაარსზე ბევრს არაფერს ვიტყვი. ჰარი და მისი მეგობრები ჰორკრუქსების (სულის ნაწილების) ძებნას აგრძელებენ, რათა ლორდ ვოლდემორს მოუღონ ბოლო. ძიება მათ ჰოგვორტსში მიიყვანს, სადაც კეთილისა და ბოროტის საბოლოო ბრძოლა შედგება. იეტისმა პირველწყაროს, წიგნს, დიდად არ გადაუხვია და რამდენიმე დეტალი მხოლოდ ფინალში შეცვალა. სწორედ ეს სცენებია ყველაზე სუსტი რგოლები მის ნამუშევარში, რატომღაც რეჟისორმა გადაწყვიტა, რომ ფინალური ბრძოლის სცენაც გამოეცვალა, სიკვდილის საჩუქრების მთელი იდეა დაევიწყებინა – ფილმში ჰარისა და დამბლდორის დიალოგი მოვალეობის მოხდის მიზნით ჩასვა. თუმცა ამ ხარვეზებმა მთლიანი სურათი ვერ გააფუჭა.

ახალი პოტერის უდიდესი პლუსი მისი პერსონაჟებია. დენიელ რედკლიფმა (ჰარი), ემა უოტსონმა (ჰერმიონი) და რუპერტ გრინტმა (რონი) 11 წლის მანძილზე ისე შეისისხლხორცეს თავიანთი პერსონაჟები, რომ ძნელია გაიგო, თამაშობენ თუ პიროვნული გაორება აქვთ. პირველად, წლების განმავლობაში, ტრიომ უნაკლოდ შეასრულა მათზე დაკისრებული ამოცანა და დასამახსოვრებელი ეკრანული სახეები შექმნა. მათ დაემატა დიდი ბრიტანეთის სამსახიობო არმია – ყველა თავმოყვარე ბრიტანელმა მსახიობმა, პოტერიანას რომელიმე სერიაში მიიღო მონაწილეობა. ჰელენ ბონემ კარტერი (ბელატრისა), მაიკლ გემბონი (დამბლდორი), გარი ოლდმანი (სირიუსი), მეგი სმიტი (მაკგონაგელი) – მათ დასკვნით ნაწილში თქვენთვის შექმნილ „საფიქრელაში” მოგონებები დატოვეს, სადაც რალფ ფაინსსა (ვოლდემორი) და ალან რიკმანს (სნეიპი) ყველაზე დიდი ადგილი აქვთ გამოყოფილი. ეს ორნი ბოლო ფილმის ყველაზე დასამახსოვრებელი პერსონაჟები არიან, თავიანთი სამსახიობო ოსტატობით სრულად ახდენენ თავიანთი გმირების ეკრანზე გაცოცხლებას. ფიცხი, იმპულსური, ბნელი ბატონი და ერთგული მსახური, რომელიც მთელი ცხოვრება სიყვარულს ემსახურა.

ჰარი პოტერის კინოეპოქა დასრულდა. მილიარდობით შემოსავალი, უამრავი ფანი, ელვის ფორმის ნაიარევი შუბლზე და კიდევ უფრო დიდი ნაიარევი სულში. პოტერმა იხსნა ჯადოქრების სამყარო დაღუპვისაგან, მაგლების სამყაროში ბავშვებს წიგნების კითხვა დააწყებინა. ჰარიმ უამრავი მეგობარი და კიდევ უფრო მეტი მტერი გაიჩინა, ყველაზე პოპულარული ჯადოქარი (მაპატიე, გენდალფ) იყო და არის – ის უბრალოდ ბიჭია, რომელიც გადარჩა.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

თინათინ წულაძე

კომენტარები