სხვა თხრობა

0 კომენტარი

კადრი ფილმიდან sometimes making something leads to nothing
 რა ხდება, როდესაც რეჟისორს რაიმეს მოყოლის სურვილი უჩნდება? პირველ რიგში, ის სათანადო სცენარის ძიებას ან შექმნას იწყებს. მას სურს, მაყურებელს იოლად აღსაქმელი პროდუქტი შესთავაზოს. რა თქმა უნდა, შემოქმედებითი პროცესი სხვაგვარადაც მიმდინარეობს ხოლმე. უბრალოდ, როცა ფილმს ახსენებენ, ასოციაცია უმეტესობა ჩვენგანს თანამედროვე, მეინსტრიმულ კინემატოგრაფთან უჩნდება – რომელსაც ასე კარგად ვიცნობთ კინოთეატრებიდან, ტელევიზორის ეკრანებიდან...

ის, რაც მაყურებელმა 15-17 ივლისს თანამედროვე ხელოვნების ცენტრ – თბილისში იხილა, ყოველივე ამისგან რადიკალურად განსხვავდებოდა. სამი დღის განმავლობაში აქ ვიდეოარტისა და ექსპერიმენტული ფილმების ფესტივალი – „სხვა თხრობა” – გაიმართა. ცენტრის საგამოფენო სივრცეში, სტუმრებს საშუალება მიეცათ მოძრავი გამოსახულებით ალტერნატიული თხრობის საშუალებებს, არაკომერციული ვიდეოხელოვნების იშვიათ ნიმუშებს გაცნობოდნენ. ფესტივალზე წარმოდგენილი იყო ოცდაათსაათიანი პროგრამა, რომლის ვიდეომასალაც როგორც ქართველი, ისე უცხოელი ავტორების ნამუშევრებს მოიცავდა.

თუმცა, ფესტივალის ზუსტი პროგრამა არც არსებობდა. მიმდინარეობდა თავისუფალი სტრიმინგი, ვიდეოკადრების სპონტანური დინება გვერდიგვერდ მდებარე ორ პატარა დარბაზში. ეს მაყურებელს საშუალებას აძლევდა, ამდგარიყო და სურვილის შემთხვევაში სხვა ნამუშევარზე გადაეტანა ყურადღება. ამასთან, მიუხედავად იმისა, წყვეტდი ერთი კონკრეტული ფილმის ყურებას თუ ტიტრების გამოჩენამდე რჩებოდი ოთახში, საბოლოოდ მაინც ერთი, დაუკმაყოფილებლობის განცდა გრჩებოდა. არც იმას ჰქონდა მნიშვნელობა, რას მოიცავდა სურათი – აზრობრივად დაუსრულებელ სიუჟეტს ერთ ნივთზე თუ მთლიან ამბავს – ეს ხელოვნების ის ნიმუში იყო, რომელიც სათქმელს ან ბოლომდე არ ამბობს, ან გაიძულებს დაფიქრდე იმაზე, რაც ნახე.

კადრი ფილმიდან balley shoe
თანამედროვე ხელოვნების ცენტრ – თბილისის ხელმძღვანელის, ვატო წერეთლის აზრით, არ არის სწორი, ხელოვანი, საინტერესოს გადასაღებად, მილიონიან დაფინანსებას ელოდებოდეს. ზოგიერთი ხელოვანი ამგვარი ილუზიით ცხოვრობს, საბოლოდ კი ვერაფერს ღირებულს ვერ ქმნის. არადა, ამის გასაკეთებლად ორი რამაა საჭირო – გქონდეს იდეა და მის გასაზიარებლად კამერის ხელში აღების სურვილი. აღნიშნულ ფესტივალზე ამ აზრის დადასტურებად იქცა უილიამ კენტრიჯის, ალექსანდრ კლიუგეს, ართავაზდ პელეშიანის, რობერტ სმიტსონის, სემუელ ბეკეტის, ფრენსის ალისის, ნიკა მაჩაიძის, ბილ ვიოლას, დიმა დადიანის, მაურისიო კაგელის, მამუკა ჯაფარიძის, ვატო წერეთლის, ალენ რენეს, ჰარუნ ფაროკის, ანტონიონის, კაურისმიაკის, გოდარისა და სხვა ხელოვანთა ვიდეონამუშევრები.

ექსპერიმენტული ფილმების ჩვენება, თანამედროვე ხელოვნების ცენტრში, გასული წლის დეკემბერშიც გაიმართა. ამჯერად ფესტივალის პროგრამაში სხვა ფილმები შეიტანეს. აღსანიშნავია, რომ მათი უმეტესობა ფართო საზოგადოებისთვის უცნობია. ცნობილ შემოქმედთა იშვიათი ნამუშევრების ნახვა, შესაძლოა, ვიღაცისთვის ამ ფესტივალზე დასწრების მთავარი მოტივატორი გამხდარიყო. თუმცა უმთავრესი, რაც შეიძლება მაყურებელს გაეგო, მაინც ისაა, რომ არსებობს ნარატივის უამრავი ალტერნატიული მეთოდი, რასაც ასე კარგად აჩვენებს ექსპერიმენტული კინო. ყველაზე საინტერესო კი, რასაც ამ ფილმებისგან იღებ, ის გამოცდილებაა, რომელსაც რეჟისორი თავისი შემოქმედებით გვიზიარებს.

ჩვენება თანამედროვე ხელოვნების ცენტრში
გამოცდილება ოფიციალური დოკუმენტის ნაცვლად არის ის, რასაც თანამედროვე ხელოვნების ცენტრი – თბილისი თავის სტუდენტებს აძლევს. ფილმების ფესტივალის პარალელურად აქ არაფორმალური სამაგისტრო პროგრამების ღია კარის დღეც ჩატარდა. დღეისთვის ცენტრი განათლების მიღების მსურველებს ხუთ ცხრათვიან სამაგისტრო პროგრამას სთავაზობს: ფოტოგრაფიის, ვიდეოხელოვნების, საუნდ-არტის, 2D ხელოვნებისა და მედიაციის მიმართულებით. მთავარ პრიორიტეტად ცენტრში საქართველოში ხელოვნების პროფესიონალური პრეზენტაციის დამკვიდრებას და გამოფენების ორგანიზების პროცესში სტუდენტების ჩართვას ასახელებენ. სასწავლო წლის ბოლოს, სტუდენტებს თავად ეძლევათ ცენტრის გალერეაში საკუთარი ნამუშევრების წარდგენის საშუალება. წელს პროგრამას ახალი კურსი დაემატა – “ბიომეურნეობა VS ხელოვნება”, რომელიც სტუდენტებს ეკომეურნეობისა და თანამედროვე ხელოვნების ექსპერიმენტული სინთეზის შესაძლებლობებს გააცნობს. ცენტრის ხელმძღვანელის აზრით, ეკოლოგიური ცნობიერების ხელოვნებაში გაჩენის ტენდენცია ძალიან მნიშვნელოვანია. ეს არა მხოლოდ შემოქმედის შთაგონებას ზრდის, არამედ, როგორც ინსტრუმენტი, ხელს შეუწყობს ეკოლოგიური პრინციპების პოპულარიზაციას.

ახლო მომავალში ხელოვნების ცენტრი, ასოციაცია ელკანასთან ერთად, ეკოლოგიური გამოფენის გაკეთებასაც გეგმავს. აღსანიშნავია, რომ ცენტრი მიმდინარე წლის ბოლომდე კიდევ არაერთ საინტერესო ღონისძიებას გვპირდება. სექტემბერში აქ ალექსანდრე რეხვიაშვილის ფილმებისა და ნახატების გამოფენა-ჩვენება გაიმართება, ნოემბერში კი, როგორც ვატო წერეთელმა ტაბულას ექსკლუზიურად გაანდო, ძალიან საინტერესო, მასშტაბური გამოფენა იგეგმება. ცენტრი ხელოვნების მოყვარულ საზოგადოებას ე.წ. მეათე სართულის ხელოვანთა შემოქმედებას გააცნობს. ეს უკანასკნელები, გასული საუკუნის 80-იან წლებში, ქართულ ხელოვნებაში ახალი, ექსპერიმენტული და ექსპრესიონისტული მიმართულების ფუძემდებლები არიან. მეათე სართულის ხელოვნების გამოჩენა აღნიშნულ ცენტრში სავსებით კანონზომიერი იქნება – აქ ხომ ასე კარგად ახერხებენ იმის კეთებას, რასაც სხვა თხრობა ჰქვია.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: მაღალტემპერატურულ ღუმელში 55 მლნ ლარის ღირებულების ნარკოტიკი გავანადგურეთ (VIDEO)

კომენტარები