რესპუბლიკელებმა და დემოკრატებმა შეთანხმებას მიაღწიეს

ამერიკის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ გამოაცხადა, რომ დემოკრატებმა და რესპუბლიკელებმა ამერიკის ვალის ლიმიტის გაზრდაზე შეთანხმებას მიაღწიეს და თავიდან აიცილეს მოსალოდნელი დეფოლტი.

ვალის ზედა ზღვარი 900 მილიარდი ამერიკული დოლარით გაიზრდება, მომავალი 10 წლის მანძილზე კი სამთავრობო ხარჯები 1 ტრილიონი ამერიკული დოლარი შემცირდება. აგრეთვე შეიქმნება კომისია, რომელმაც ნოემბრისთვის უნდა მოამზადოს ხარჯების კიდევ უფრო მეტად შემცირების გეგმა.

შეთანხმება მიღწეულია, მაგრამ ის კონგრესმა დღეს უნდა შეიყვანოს ძალაში - ამერიკის ვალი ზღვარს, 14.3 ტრილიონ ამერიკულ დოლარს ხვალ მიაღწევს. წარმომადგენელთა პალატაში უმრავლესობის ლიდერმა, რესპუბლიკელმა კონგრესმენმა ჯონ ბოენერმა განაცხადა, რომ კანონპროექტს კენჭისყრაზე რაც შეიძლება მალე გაიტანენ. ნოემბრისთვის რესპუბლიკელებს სურთ ხარჯების კიდევ 1.5 ტრილიონი ამერიკული დოლარით შემცირება გადაწყდეს, რაც შეკვეცის მოცულობას 2.5 ტრილიონ ამერიკულ დოლარამდე გაზრდის.

ობამამ აღნიშნა, რომ შეთანხმება კომპრომისის შედეგია. ბოლო რამდენიმე კვირის მანძილზე რესპუბლიკელები (რომლებიც წარმომადგენელთა პალატაში ფლობენ უმრავლესობას) და დემოკრატები (რომლებიც სენატს აკონტროლებენ) ერთმანეთის შეთავაზებებს ბლოკავდნენ. ობამას ადმინისტრაციას უჭირდა რესპუბლიკელთა წინადადებაზე დათანხმება, რადგანაც ამ შემთხვევაში, ლიმიტის საკითხი მხოლოდ 2012 წლის ზაფხულამდე მოგვარდებოდა. ზედ საპრეზიდენტო არჩევნების წინ კი ასეთი მგრძნობიარე საკითხის ღიად დატოვება დემოკრატებს არ სურდათ. მართალია ობამას განცხადებით, კომპრომისმა მოვლენათა ასე განვითარების სცენარი გამორიცხა, საბიუჯეტო დებატები ამ შეთანხმებით არ დასრულდება.

ზოგიერთი ექსპერტის განცხადებით, შეთანხმება ამერიკის ეკონომიკას ამოსუნთქვის საშუალებას მისცემს, თუმცა მის პრობლემებს ვერ მოაგვარებს. 2011 წლის პირველი სამი თვის მანძილზე ამერიკის მთლიანი შიდა პროდუქტი მხოლოდ 0.4 პროცენტით გაიზარდა, მეორე მეოთხედში კი ზრდამ 1.3 პროცენტს მიაღწია. მიმომხილველების ერთი ნაწილის მოსაზრებით, ასეთ მდგომარეობაში სამთავრობო ხარჯების შემცირება ეკონომიკაზე უარყოფით გავლენას იქონიებს, მეორე ნაწილი კი თვლის, რომ ეკონომიკური პრობლემები სწორედ გადაჭარბებული ხარჯვითაა გამოწვეული.

 

კომენტარები