ვარჯიში კიბოს განკურნებას ხელს მნიშვნელოვნად უწყობს

კიბოთი დაავადებულმა პაციენტებმა მკურნალობის პარალელურად უნდა ივარჯიშონ. Macmillan Cancer Support -ის ანგარიშის მიხედვით, ის მიდგომა, რომ პაციენტებმა პროცედურების შემდეგ მაქსიმალურად უნდა დაისვენონ, მოძველებულია. კვირაში 2,5 საათიანი ფიზიკური დატვირთვა ამცირებს სიკვდილის რისკს და მინიმუმამდე დაჰყავს მკურნალობის გვერდითი ეფექტები. გარდა ამისა, ვარჯიში ამცირებს ხელახალი დაავადების რისკსაც. ვარჯიში არ გულისხმობს მაინდამაინც სპეციალურ მიდგომებს. სხვადასხვა ფიზიკური აქტივობა - ბაღში საქმიანობა, ფეხით სიარული, ცურვა, მკურნალობას ხელს უწყობს.

ანგარიშში American College of Sports Medicine-ც ამტკიცებს, რომ თითქმის ყველა ტიპის მკურნალობისას ვარჯიში უსაფრთხოა და პაციენტებმა ფიზიკური პასიურობა თავიდან უნდა აირიდონ.

Cancer Research UK - ის წარმომადგენელი უფრო ფრთხილია. ის ამბობს, რომ, მართალია, ვარჯიშით მიღებული სარგებელი პაციენტისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. თუმცა, საჭიროა, გვახსოვდეს, რომ პაციენტები ერთმანეთისგან განსხვავდებიან. ამიტომ, მათთვის სარეაბილიტაციო პროგრამები, რაც ფიზიკურ აქტივობასაც მოიცავს, ინდივიდუალურად უნდა შედგეს.

კომენტარები